ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს — დონალდ ტრამპი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსოფლიო მისგან ცვლილებებს მოელის და, მისივე განცხადებების მიხედვით, არც ისე უსაფუძვლოდ. ასეთივე დარწმუნებით გეტყვით იმასაც, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ დედამიწაზე არ გავრცელდება.

მოგეხსენებათ, აშშ კოსმოსურ ინდუსტრიაში დღემდე წამყვან ადგილს იკავებს. NASA სათანადო ტექნოლოგიების შექმნა-დახვეწასა თუ ამბიციურ სამომავლო გეგმებზე აქტიურად მუშაობს და, რა თქმა უნდა, ეს ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ტრამპის უახლოეს გარემოცვაში ილონ მასკია — მილიარდერი ბიზნესმენი, რომელსაც სურს, კაცობრიობას მარსისკენ გაუხსნას გზა.

ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, მაინც რას უნდა მოველოდეთ ტრამპისგან? როგორ აისახება ახალი პრეზიდენტის ახლებური ხედვები აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს სტრატეგიებსა და მიზნებზე?

ამ ყველაფრის შესახებ წინამდებარე სტატიაში დაწვრილებით მოგიყვებით.

NASA-ს ახალი ხელმძღვანელი

ფოტო: revistamercado.do

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს ბილ ნელსონი აღარ უხელმძღვანელებს. მის ადგილს ჯარედ აიზეკმენი, მილიარდერი და მეწარმე, იკავებს, რისთვისაც სენატის თანხმობაა საჭირო.

კოსმოსური ფრენებით დაინტერესებული ადამიანებისთვის მისი სახელი კარგადაა ცნობილი. იგი SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ითა და Dragon-ის კაფსულით განხორციელებული ორი კომერციული კოსმოსური ფრენის ორგანიზატორი და მეთაური იყო. აიზეკმენის კანდიდატურამ რესპუბლიკელთა მხარდაჭერა უკვე მოიპოვა, თუმცა მოჰყვა კრიტიკაც იმის გამო, რომ მას წარსულში კამპანიისთვის თანხა დემოკრატი კანდიდატებისთვისაც შეუწირავს.

როგორც უკვე აღინიშნა, აიზეკმენი შეცვლის ბილ ნელსონს, რომელმაც NASA-ს ხელმძღვანელის პოსტი 53-წლიანი საზოგადოებრივი სამსახურის შემდეგ დატოვა. მან NASA-ს გუნდს და ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა და თავისი ხელმძღვანელობის პერიოდი "ცხოვრების უდიდეს პატივად" მოიხსენია.

აიზეკმენს სააგენტოს 25-მილიარდიანი ბიუჯეტის მართვა მოუწევს. ასევე, NASA-ს სათავეში ჩადგომა ისეთ მნიშვნელოვან მომენტში, როცა მარსისა და მთვარის კვლევა პრიორიტეტად არის ქცეული. მისი სამომავლო მუშაობა მოიცავს რთულ პარტნიორობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთანაც, როგორიც Boeing და Blue Origin-ია.

ექსპერტები (მაგალითად, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კოსმოსური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი სკოტ პეისი) მიიჩნევენ, რომ აიზეკმენი შესაფერისი კანდიდატია. ისინი მის ტექნიკურ უნარებზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და პირად კოსმოსურ გამოცდილებებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც, მათი აზრით, NASA-ს თანამედროვე გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

აიზეკმენის პირველი ამოცანა NASA-ს მიმდინარე პროგრამების, მათ შორის მთვარის პროგრამა არტემისის, სრული შეფასება იქნება. ეს უკანასკნელი ფინანსური და დროსთან დაკავშირებული გამოწვევების გამო დიდ ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით კოსმოსის ინდუსტრიაში ჩინეთის სწრაფი პროგრესის ფონზე.

მთვარე და მარსი

ფოტო: Politico

დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებასთან ერთად, მისი ადმინისტრაცია მიზნად ისახავს, რომ კოსმოსის კვლევებში NASA-ს და, ზოგადად, ამერიკის როლი გააძლიეროს. მომდევნო ოთხი წლისთვის ტრამპის ხედვა ქვეყნის გავლენის გაფართოებასა და ინოვაციებს ითვალისწინებს, ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი მარსზე ასტრონავტების გაგზავნაა.

ინაუგურაციაზე ტრამპმა თავისი გეგმა მე-19 საუკუნის "გაცხადებული ბედისწერის" კონცეფციას შეადარა, რომელიც "ამერიკის განსაკუთრებულობის" იდეის საფუძველია. მან განაცხადა, რომ აშშ კვლევებისა და მიღწევების ლიდერი უნდა იყოს როგორც დედამიწაზე, ისე მის მიღმაც.

"ამერიკელებისთვის ჩემი გზავნილი ასეთია: დროა, სიმამაცე და გამბედაობა კვლავ გამოვიჩინოთ. ჩვენს დროშას ახალი და ლამაზი ჰორიზონტებისკენ გავიტანთ — ამერიკელ ასტრონავტებს მარსზე გავუშვებთ, რათა იქ ვარსკვლავები და ზოლები განათავსონ (იგულისხმება აშშ-ის დროშა)“, — განაცხადა ტრამპმა. მან, ასევე, SpaceX-ის ხელმძღვანელ ილონ მასკს მოუწოდა, რომ მარსზე ექსპედიციისთვის მზადება დააჩქაროს და შედეგების მიღწევა მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე შეძლოს.

რაც შეეხება მთვარეს, NASA-ს პროგრამა არტემისს საფუძველი სწორედ ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას ჩაეყარა და შემდგომში მასზე მუშაობა ბაიდენის ადმინისტრაციამ განაგრძო. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში ტექნიკური გამოწვევები და მზარდი ხარჯის პრობლემა გამოვლინდა. პროგრამა მიზნად 2027 წელს მთვარეზე ასტრონავტების დაბრუნებას ისახავს, რაც მარსზე გამგზავრებისთვის მოსამზადებელ ნაბიჯად მიიჩნევა. ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრი, მათ შორის ილონ მასკი, ფიქრობს, რომ მთვარეზე კონცენტრირება მარსის ათვისებას აყოვნებს.

მიუხედავად ტრამპის რიტორიკისა და მასკის გავლენისა, NASA-ს კურსის შეცვლა მარტივი არ იქნება. კონგრესი მაინც პროცესის მთავარ მოთამაშედ რჩება, ხოლო კოსმოსური პოლიტიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ "მთვარიდან მარსზე" სტრატეგიიდან გადახვევას არ უნდა ველოდოთ. ამის გარდა, მთვარის პროგრამის იგნორირებას შესაძლოა, გეოპოლიტიკური შედეგებიც მოჰყვეს, რადგან ჩინეთი მთვარის ორბიტაზე კვლევითი სადგურის განთავსებას აპირებს და ამით პარტნიორების მოზიდვასაც ცდილობს.

არტემისის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი, რომელიც ახალი ადმინისტრაციის ყურადღების ცენტრში შეიძლება მოხვდეს, სწორედ მთვარის ორბიტაზე გასაგზავნი სადგური Gateway-ა. ის მთვარის მისიებისა და შემდგომში მარსზე წასვლისთვის მნიშვნელოვნად პლატფორმად განიხილება, მაგრამ პროექტის შეფერხებებმა და ხარჯებმა შესაძლოა, მისი ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ეს საერთაშორისო პარტნიორებთან — როგორიცაა ევროპის, კანადისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოები — ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.

ტრამპის მიერ ყურადღების ცენტრში მარსის მოქცევა ილონ მასკის ამბიციურ გეგმებს ეხმიანება, რომელთა მიხედვითაც, მარსზე პირველი ეკიპაჟიანი მისია 2028 წლამდე უნდა განხორციელდეს, ხოლო ორ ათწლეულში იქ თვითმყოფადი კოლონია დაარსდეს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტრამპისთვის კოსმოსური მიღწევები უფრო მეტად მაინც ამერიკის სიძლიერისა და გავლენის სიმბოლური გამოხატულებაა.

რა ბედი ელის Space Launch System-ს

ფოტო: The New York Times

NASA-ს კიდევ ერთი პროექტი რაკეტა Space Launch System (SLS) და ხომალდი Orion-ია. ისინი დიდი ხარჯების, ხანგრძლივი შეფერხებებისა და ხარისხის პრობლემების გამო ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდება. ამის საპირისპიროდ, კომპანია SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა Starhsip ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს და ახალ შესაძლებლობებს გვპირდება.

SLS არტემისის მისიების მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად, "მთვარიდან მარსზე" კონცეფციის სტრატეგიული ნაწილია. ამის გამო სენატი აღნიშნულ პროექტს მხარდაჭერას უცხადებს. ასე რომ, მიუხედავად SpaceX-ის მიღწევებისა, SLS და Orion სისტემები NASA-ს ახლო მომავლის მისიებისთვის კვლავ აუცილებელია.

მისია არტემის 2-მა, რომელიც 2026 წლისთვისაა დაგეგმილი, ეკიპაჟი მთვარის გარშემო უნდა ამოგზაუროს. მომდევნო ფრენისას კი, 2027 წელს, ასტრონავტები ციური სხეულის ზედაპირზე დაეშვებიან. საჭირო ტექნიკა უკვე მზადაა, ამიტომ გეგმების გაუქმება მილიარდობით დოლარის დაკარგვას ნიშნავს. როგორი პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს ტრამპთან დაახლოებულ მასკს, რა თქმა უნდა, სენატი ასეთ ფინანსურ ზარალს არ დაუშვებს.

მიუხედავად მასკის სურვილისა, მარსი NASA-ს პროგრამის საბოლოო მიზანი იქნება.

ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა კოსმოსში ამერიკის ლიდერობის შენარჩუნებას ემყარება, თუმცა ამ მიზნების მიღწევა კონგრესის მხარდაჭერის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და კერძო სექტორთან NASA-ს კოორდინაციის გარეშე წარმოუდგენელია.

სხვა ცვლილებები

ფოტო: Space.com

შესაძლოა, მნიშვნელოვან ცვლილებებს აშშ-ის კოსმოსური ძალებიც (U.S. Space Force) დაექვემდებაროს, რომელიც 2019 წლის დეკემბერში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაარსდა.

ამჟამად ის კოლორადოშია განთავსებული, თუმცა დიდი ალბათობით, მისი ალაბამაში გადატანა უკვე გადაწყვეტილია. ამასთან, კოსმოსური ძალების დაფინანსების საკითხი კონგრესში მწვავე დისკუსიების ცენტრში მოექცევა. სპეციალისტების აზრით, ასეთი სამთავრობო პროექტებისთვის ფინანსების მოპოვების საკითხი მსჯელობის საგანი იქნება არა მხოლოდ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, არამედ თავად რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც.

იგივეა მოსალოდნელი კლიმატისა და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების დაფინანსებასთან დაკავშირებითაც. ტრამპის წინა ადმინისტრაცია NASA-ს ამგვარი პროგრამებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შემცირებას ცდილობდა, თუმცა კონგრესისგან მხარდაჭერა არ ჰქონდა. უნდა ველოდოთ, რომ ახლა დებატები NOAA-ს (ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სააგენტო) დაფინანსებაზე გამძაფრდება. ის კლიმატის, ამინდისა და სხვა მიმართულებების შესწავლაზე მუშაობს.

საბოლოო ჯამში, ტრამპის ადმინისტრაციის დაბრუნება NASA-სა და მთლიანად აშშ-ის კოსმოსური სექტორისთვის ცვლილებებისა და გამოწვევების ახალ პერიოდს მოასწავებს. უახლოეს თვეებში მიღებული გადაწყვეტილებები აშშ-ის კოსმოსურ პოლიტიკასა და მის გრძელვადიან პერსპექტივებზე დიდ გავლენას იქონიებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.