ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი არილი 1994 წლიდან გამოდის და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ლიტერატურულ გამოცემად რჩება. ჟურნალში იბეჭდება ორიგინალური და თარგმნილი ტექსტები, კრიტიკა, პოეზია და პროზა. ამ დროისთვის არილს ორი რედაქტორი ჰყავს — მალხაზ ხარბედია და ლექსო დორეული. რაც შეეხება არილის იდეას, ის წლების განმავლობაში ეფუძნებოდა თავისუფლებას, წარსულის გააზრებასა და შემოქმედებითი პროცესების ასახავს.

2022 წელს ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემია "საბა" სწორედ არილს გადაეცა.

ფოტო: საბა • SABA

ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ლიტერატურასა და ზოგადად კულტურის სფეროზე ზეწოლა გაიზარდა. სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებასთან ერთად, მწერალთა სახლიც კი პოლიტიკურ არეალად გადაიქცა. ახლა უკვე კულტურის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ცდილობდა ცენზურის ბურუსში გაეხვია მთელი ლიტერატურული თუ კულტურული პროცესები, სწორედ ამიტომ, ყველა, ვინც ხელისუფლების იდეოლოგიას არ იზიარებდა, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ამ შემთხვევაში არც არილი ყოფილა გამონაკლისი, რადგან ყოველთვის ღიად და კრიტიკულად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, შესაბამისად, კულტურის სამინისტრომ არილს დაფინანსება შეუწყვიტა.

ათწლეულების განმავლობაში არილი მედიუმის როლს ასრულებდა საზოგადოებასა და ლიტერატურას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ეცადა მათდამი არალოიალურად განწყობილი არილი და მისი წარმომადგენლები დაესაჯა, ჟურნალის გვერდით დადგნენ ერთგული მკითხველები, რომლებიც თვეების განმავლობაში არილის გამოცემას შემოწირულების სახით უზრუნველყოფდნენ.

"არილს გამოცემას 30 წლიანი ტრადიცია აქვს. დიახ, წელს სწორედ "არილის" 30 წლის, ასე ვთქვათ, იუბილეს აღვნიშნავთ. კულტურის სამინისტრომ და მინისტრმა წულუკიანმა ეს თარიღი ჟურნალისთვის დაფინანსების შეწყვეტით მოგვილოცა. დაგვსაჯა რედაქტორები და ავტორები ჩვენი სამოქალაქო პოზიციებისთვის. 30 წლის მანძილზე "არილმა" შეძლო და გარკვეულწილად განსაზღვრა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ესთეტიკური ტენდენციები, მიმართულებები, შეიძინა მკითხველი და მნიშვნელოვან ინტელექტუალურ წყაროდ იქცა აკადემიური სივრცისთვის. არილის მიზანი ყოველთვის იყო, რომ ლიტერატურის ენაზე ეთარგმნა დასავლური კონცეპტები, ღირებულებები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეექმნა ინტერტექსტუალური სივრცე მხატვრული აზროვნებისთვის", — აცხადებს არილის რედაქტორი, ლექსო დორეული.

არილის გადასარჩენად შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფიც — არილის მხარდამჭერები, სადაც ყველა ის ადამიანი გაერთიანდა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ამბობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად პოლიტიკური ელფერის მატარებელი იყო.

სიმბოლური აღმოჩნდა ისიც, რომ მკითხველების მიერ დაფინანსებული არილის პირველი ნომერი მთლიანად მიეძღვნა პროტესტის თემას, პროტესტის ენას, პროტესტის ლიტერატურას, მის ფორმებსა და სიუჟეტებს.

ფოტო: არილი

დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ მკითხველისა და სხვადასხვა ფონდების ერთობლივი დონაციით ჟურნალის 4 ახალი ნომერი გამოვიდა, თუმცა არილი ახლაც ყოველდღიურად იბრძვის, რათა გადარჩეს.