თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საქართველოს აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს, რომელსაც 450-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი, ლექტორი თუ დოქტორანტი აწერს ხელს.

"ჩვენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და პროფესურა მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცის ბოროტად გამოყენებით მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დასჯას და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას.
უნივერსიტეტმა,რომლის კარიც ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა, კარი ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად.
ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს, არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას. საგანმანათლებლო სივრცეები, განსაკუთრებით, თსუ როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, უნდა იყოს ადგილი, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლება, გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად მრწამსისა თუ შეხედულებებისა.
ეს პრინციპი რომელიც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნდამენტია, უხეშად დაირღვა. ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ადმინისტრაცია რომელიც უგულებელყოფს სტუდენტების უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, მიიღებს აკადემიური საზოგადოების მკაცრ პროტესტს, იმავდროულად მიგვაჩნია რომ აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, ჩვენს მიერ არჩეულ აკადემიურ საბჭოს და რექტორს, რომელიც ამ დრომდე დუმს და განცხადება არ გაუკეთებია.
ჩვენ ვიზიარებთ ახალგაზრდა თაობის მტკიცე ნებას, დაიცვას საქართველოს ევროპული კურსი და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ეს ბრძოლა მხოლოდ სტუდენტების ბრძოლა არ არის, ეს ჩვენი საზოგადოების ერთიანი ბრძოლაა, რომელიც ემყარება დემოკრატიულ ღირებულებებს. რაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარების საფუძველს ქმნის.
ჩვენი მოვალეობაა ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის. უნივერსიტეტი ვერ გახდება ჩაკეტილი სივრცე, ანდა ძალადობის თანამონაწილე. იგი უნდა დარჩეს თავისუფლების კრიტიკული აზროვნებისა და პროგრესის მთავარ კერად", — წერია განცხადებაში.