გლადიატორი 2: რატომ არ მომეწონა რიდლი სკოტის ახალი ფილმი
ფოტო: Ritz Cinemas
როგორც მაქსიმუს დეციმუს მერიდიუსის ეპიკურ ისტორიაზე მრავალჯერ ცრემლმორეული ადამიანი, გლადიატორ 2-ს სულმოუთქმელად ველოდი. ყველა მეგობარს იმაზე ვესაუბრებოდი, როგორ მომწონდა ფილმის ქასთი და როგორ მაინტერესებდა რომის ისტორიის სწორედ ის მონაკვეთი, სადაც გლადიატორის სიუჟეტი დასრულდა. შეიძლება, ამასობაში მე თვითონვე შევუქმენი ჩემს თავს არარეალურად მაღალი მოლოდინები, თუმცა გლადიატორი 2-ის ნახვის შემდეგ რამდენიმე დღის შემდეგაც ვფიქრობ, რომ ფილმი საშუალო დონის ისტორიული დრამა გამოდგა. ამ სტატიაში მოგიყვებით, რატომ არ მომეწონა რიდლი სკოტის უახლესი ფილმი.
სტატია შეიცავს სპოილერებს ფილმიდან გლადიატორი 2.
არ მომეწონა ფილმის სიუჟეტი
მიწის ხელისგულებში მოქცევის სენტიმენტალური კადრიც წინა ფილმითაა შთაგონებული...
ფოტო: Warner Bros.
გლადიატორი 2-ის სიუჟეტი მთლიანად ნოსტალგიაზეა აგებული — ის მოგვწონს იმიტომ, რომ ფრენჩაიზის პირველ ნაწილს გვახსენებს. ფილმის მთავარი ემოციური ღირებულებაც გლადიატორის თავდაპირველი სიუჟეტიდანაა გამოწურული და ორიგინალური ნიუანსები მიზერულად გვხვდება. ის, რაც ამ ფილმში შეიძლება აღნიშვნის ღირსად ჩავთვალოთ, მხოლოდ იმიტომ გვეჩვენება შთამბეჭდავად, რომ რასელ ქროუს გლადიატორიდანაა არეკლილი.
ლუციუსი, რომელიც, თურმე, მაქსიმუსის უცნობი შვილი ყოფილა (პირველ ნაწილში ამაზე გადაკვრითაც არ თქმულა არაფერი), დედამ პატარაობაში გააქცია რომიდან და ბიჭი ნუმიდიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში გაიზარდა. მან თავისი იდენტობა დაივიწყა და ნუმიდიელი ჯარისკაცის ცხოვრებით ცხოვრობდა — მოიყვანა ცოლი, მშვიდობის დროს მიწას ამუშავებდა და პირუტყვს უვლიდა, ომიანობის დროს კი იბრძოდა. პირველ რამდენიმე წუთში ვეცნობით მის ცხოვრებას და ვხედავთ, როგორ უკლავენ რომაელები ცოლს. ნუმიდიის რომაელებთან დამარცხების შემდეგ, ლუციუსი ტყვე ხდება, შემდეგ კი — გლადიატორი. გლოვისგან დაბრმავებულ ლუციუსს მხოლოდ ერთი ზრახვა ამოძრავებს — იძიოს შური რომის ელიტარულ საზოგადოებაზე, რომელმაც შეიწირა ის, რაც ყველაზე მეტად უყვარდა. ეს სიუჟეტი გლადიატორის პირველ ნაწილში მოთხრობილ ისტორიას თუ გაგონებთ, გეტყვით, რომ ასოციაციური მეხსიერება მწყობრში გაქვთ და რიდლი სკოტს კრეატიულობა ფილმის ამ ნაწილში ნამდვილად არ გამოუჩენია.
ფოტო: iMDB
ლუციუსის გარდასახვა ნუმიდიელი გლეხიდან რომის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრემდე თანმიმდევრულ და ლოგიკურ ჯაჭვად ვერ შეიკრა. მაყურებელი ბოლომდე ვერ იგებს ლუციუსის დამოკიდებულებას რომისადმი — ის იბრძვის ბაბუის, მარკუს ავრელიუსის მიერ წარმოსახული რომაული "ოცნებისათვის", სენატის ტრანსფორმაციისა და ტირანი იმპერატორების მმართველობის დამარცხებისთვის, თუმცა, ამ ბრძოლისთვის მისი სენტიმენტები საკმარისად ღრმა არაა. ჩემთვის ძალიან ბუნდოვანი იყო მისი თვითგამორკვევის პროცესი. რიდლი სკოტის აზრით, რამდენიმე კვირაში ადამიანმა შეიძლება იგრძნოს თავი იმ საზოგადოების სრულფასოვან წევრად, რომელსაც 12 წლის ასაკში გაეცალა, არც გარშემო ჰყოლია ისეთი ვინმე, ვინც რომის დიდების შესახებ ისტორიებს მოუყვებოდა და რწმენას ჩაუსახავდა და თან, ყველაფერთან ერთად, რომის მიმართ ანტიპათიური განწყობის მქონე ტერიტორიაზე გაიზარდა. მის პიროვნებაში ჩასაღრმავებლად საჭირო ინფორმაციას სცენარი ვერ გვაწვდის.
ორსაათიან ფილმში ლუციუსის წარსულიდან მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ლუცილას და მაქსიმუსის უკანონო შვილია და რომ დედამ მისი სიცოცხლე იხსნა. რეჟისორი ვერ ახერხებს ვერც იმის ახსნას, რამდენადაა ის გაცნობიერებული რომის პოლიტიკაში, როგორ აპირებს რომაული "ოცნების" ახდენას და კორუფციის მოსპობას, ვერ გვიმტკიცებს, რომ ეს პერსონაჟი ლიდერობისთვის შესაფერისი კანდიდატია, და გვარწმუნებს, რომ სხვა გლადიატორები პატივს მხოლოდ იმიტომ სცემენ, რომ მაქსიმუსის შვილია. ამ ყველაფრის შედეგად ვიღებთ ზედაპირულ პერსონაჟს, რომელიც მაქსიმუს დეციმუს მერიდიუსის ჩრდილქვეშ არსებობისთვისაა განწირული.
რეჟისორი ვერ იცავს ემოციისა და "ექშენის" ბალანსს
ფოტო: iMDB
გლადიატორი იმიტომ იქცა ჟანრის კლასიკად, რომ ერთ-ერთი ყველაზე იდეალურად დაბალანსებული ფილმია ჰოლივუდში. ფილმის ემოციური სპექტრი იმდენად ფართოა, რომ უამრავ სისხლისღვრას აწონასწორებს და ამ ძალადობის განმაპირობებელ მიზეზებსაც თვალნათლივ გვიჩვენებს. რასელ ქროუს მაქსიმუსის მიზნის სიდიადეს და ღირსებას ფილმის პირველივე მონაკვეთიდან ვიგებთ, ამიტომ მის მიერ დაღვრილი სისხლის თითოეული წვეთი რაღაც ჩანაფიქრს ემსახურება.
რაც შეეხება გლადიატორ 2-ს, ფილმის მთელი ღირებულება მოქმედებაზე, თავების მოკვეთის, გლადიატორთა ორთაბრძოლებისა და რომაული ჯარის სიძლიერის დემონსტრაციის სცენებზე მოდის, რაც საბოლოო ჯამში ქმნის პროექტს, რომელიც ვერც კი უახლოვდება რიდლი სკოტისავე დაწესებულ თამასას. განსაკუთრებით სისხლიანი კინოს მოყვარული თუ არ ხართ, ფილმის ბოლოს ალბათ ჩემსავით ამოგივათ ყელში ერთი და იგივე ვიზუალური სანახაობა და ამდენი სისხლის დანახვაზე გაგაჟრიალებთ კიდეც.
სად არის მუსიკა?!
ლუციუსი და მარკუს აკაციუსი კოლიზეუმში
ფოტო: iMDB
სიმართლე გითხრათ, ფილმის მუსიკა არ მომეწონა-მეთქი, ვერც ვიტყვი, იმიტომ, რომ გლადიატორ 2-ში მუსიკა არც კი შემიმჩნევია. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რითაც ფილმებს ვაფასებ ხოლმე, ამიტომ გლადიატორი 2-ით იმედგაცრუებული დავრჩი.
პირველი ნაწილის კომპოზიტორი ჰანს ციმერია, ოსკაროსანი არტისტი, რომლის სახელიც დღეს ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია. ფილმში მუსიკა მაქსიმუსის მიერ განცდილ ტკივილს, ბრაზს, სასოწარკვეთას, მიზანდასახულობას ექოსავით გასდევს და მაყურებელთა გულებამდე მთელი სიღრმით მიაქვს.
სამწუხაროდ, ციმერმა გლადიატორი 2-ისთვის მუსიკის შექმნაზე უარი განაცხადა. "ამ სამყაროზე უკვე ვიმუშავე და მგონია, რომ კარგადაც გამომივიდა. შემოთავაზებას რომ დავთანხმდე, ან ჩემივე თავს უნდა მივბაძო, რისი გაკეთებაც არ მინდა, ან კრიტიკოსებმა უნდა გადამიარონ, რომლებიც იტყვიან, რომ ახალი მუსიკა ისეთივე კარგი არაა, როგორიც წინა გლადიატორის," — განუცხადა ციმერმა ჟურნალ Curzon-ს. ბრძნული მიზეზია, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რიდლი სკოტსაც ასე ეფიქრა და ისედაც უბადლო გლადიატორის მემკვიდრეობა კომპიუტერით გენერირებული ვიზუალური ეფექტებით გადატვირთული სისხლიანი ნამუშევრით არ დაეკნინებინა.
ხოაკინ ფენიქსი ერთადერთი იყო — მისი მიბაძვა საჭირო არაა
იმპერატორი გეტა
ფოტო: iMDB
იმპერატორი კარაკალა
ფოტო: iMDB
ხოაკინ ფენიქსი იმ უამრავ მიზეზთაგან ერთ-ერთია, რაც გლადიატორს კინემატოგრაფიულ შედევრად აქცევს. მისი გამომეტყველება, რომელიც ფილმის მსვლელობასთან ერთად სულ უფრო და უფრო პროგრესირდება შეშლილ მზერად, ამპარტავნული დამოკიდებულება ქვეშევრდომების მიმართ, პოლიტიკური მანიპულაციის უნარი, ძალადობის ცქერით ტკბობა და "ტკბილად მოუბარი" ენა იმ ნიუანსებს შორისაა, რაც იმპერატორ კომოდუსს ასეთ დასამახსოვრებელ პერსონაჟად აქცევს. მაყურებელში ის ძლიერ ემოციებს იწვევს — ზიზღს, ბრაზს, მასზე შურისძიების სურვილს.
ხოაკინ ფენიქსი იმპერატორი კომოდუსის როლში
ფოტო: tenor
იმავეს ვერ ვიტყოდი გლადიატორი 2-ის ანტაგონისტებზე, ტყუპ იმპერატორებზე – გეტასა (ჯოზეფ ქუინი) და კარალაზე (ფრედ ჰეჩინგერი). ამ პერსონაჟების მიმართ სრულიად ინდიფერენტული ვიყავი. გეტა და კარაკალა, უბრალოდ, არ არიან საინტერესოები. ისინი პრივილეგირებული, სამყაროს არსის შეუცნობელი ადამიანები არიან, რომლებიც სისხლის წყურვილს გლადიატორთა ბრძოლის ყურებით იკლავენ. ხოაკინ ფენიქსის გავლენა ორივე მსახიობზე შეინიშნება — გეტა და კარაკალა სიგიჟის გზაზე იმყოფებიან, რის საჩვენებლადაც ქუინი და ჰეჩინგერი მზერასა და ჟესტებს იყენებენ, რაც მაყურებელს მაშინვე ახსენებს ფენიქსის ფენომენალურ შესრულებას. ცხადია, ვერცერთი ვერ უტოლდება ფენიქსის დონეს, რომლითაც მან ოსკარის ნომინაციაც დაიმსახურა.
დენზელ ვაშინგტონი მაკრინუსის როლში
ფოტო: iMDB
ერთი სიტყვით, გლადიატორი 2 კარგად გამოცდილი, წარმატებული პროექტის საშუალო დონის, ოდნავ სახეცვლილი ასლია. ფილმს არ აქვს ორიგინალური ღირებულება. სიუჟეტი, ფაქტობრივად, გლადიატორის გადამღერებული ვერსიაა — ბრძოლისგან დაღლილი კაპიტანი, რომელსაც მხოლოდ სახლში, ცოლთან დაბრუნება უნდა, რომაული კორუფცია, ფინალური ბრძოლა, ქერის თავთავებთან შეხების ემოციური სცენა... ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ, თანაც 24 წლის წინ. რიდლი სკოტს ჩვენთვის ახალი არაფერი შემოუთავაზებია.
თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ დენზელ ვაშინგტონმა, პედრო პასკალმა და პოლ მესკალმა დაკისრებულ ვალდებულებას თავი კარგად გაართვეს. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა ვაშინგტონის დამსახურებას — მაკრინუსის, უმდიდრეს ბატონად ქცეული ყოფილი გლადიატორის როლს. ჩემთვის ფილმი ამ პერსონაჟმა გადაარჩინა. იმ ინტრიგის, დრამის, მისტიკის შემოთავაზება, რაც კატასტროფულად დამაკლდა გლადიატორ 2-ში, მხოლოდ მან შეძლო.
პედრო პასკალი მარკუს აკაციუსის როლში
ფოტო: iMDB
პედრო პასკალს რომაელი კაპიტნის როლი საოცრად უხდება. პატიოსანი, ღირსეული ადამიანის სახეს ის მშვენივრად გვიჩვენებს. მეტს ვერაფერს დავამატებ.
პოლ მესკალს რაც შეეხება, მის მიმართ მიკერძოებული ვარ. იმდენად მიყვარს მის მიერ შესრულებული სხვადასხვა როლი, რომ თავს უფლებას ვერ მივცემ, ზედმეტად გავაკრიტიკო. მესკალი ძალიან კარგი მსახიობია და დარწმუნებული ვარ, მალე ჰოლივუდს დაიპყრობს, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ახლა დომინირებს, თუმცა ჩემთვის ის გლადიატორი არ არის.
ერთი სიტყვით, გლადიატორი 2-ის ჩემებურ ვერდიქტს კომოდუსის ეს ჟესტი აღნიშნავს:
ფოტო: tenor
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები