ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფელ ლაითურში, ქარსაცავი ზოლი აღდგება
როდესაც კლიმატის ცვლილებაზე და მისით გამოწვეულ შედეგებზე ვსაუბრობთ, ხშირად შორეულ მომავალს წარმოვიდგენთ. თუმცა, ასე ნამდვილად არ არის. კლიმატის ცვლილება მიმდინარე პროცესია. ის უკვე მოქმედებს გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ, სასმელ წყალზე, რომელიც ადამიანის საარსებო წყაროა, ნიადაგზე, რომელზეც მოგვყავს საკვები პროდუქტი, ენერგიაზე, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნებაზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა.
ევროკავშირი წლებია საქართველოს განვითარებასა და წინსვლაში ეხმარება, მათ შორის, გარემოს დაცვის მიმართულებითაც. მის მიერ მხარდაჭერილი CENN-ის საქართველოს კლიმატის პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში, გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სათემო ფონდმა "ლოტუსი" პროექტი განხორციელა, რომლის მიზანიც წლების წინ განადგურებული ქარსაცავი ზოლის აღდგენა იყო.
პროექტის ხელმძღვანელი, ლია კოტრიკაძე გვიყვება, რატომ შეარჩიეს ეს საკითხი და როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი.
"ქარსაფარ ზოლს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ღირებულება აქვს. სამწუხაროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში, წლების განმავლობაში მიმდინარე ხეების უკონტროლო ჩეხვა მისი განადგურების მიზეზი გახდა. ჩვენ თემში მცხოვრები მოსახლეობის ბუნებრივი კატაკლიზმებისგან დაცვის მიზნით, ამ ზოლის აღდგენა გადავწყვიტეთ", — გვიამბობს ლია.
პროექტის ორგანიზატორებისთვის მთავარი არა მხოლოდ ქარსაცავი ზოლის აღდგენა, არამედ ახალგაზრდებისა და ზოგადად, სოფლის მაცხოვრებლების გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესება იყო.
"ცნობიერების დონის ამაღლება ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით — ვიცხოვროთ ჯანსაღ, სუფთა და უსაფრთხო გარემოში, უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით კი დღეს, როცა კლიმატის ცვლილების გამო, უდიდესი გამოწვევების წინაშე ვართ."
ამისთვის რამდენიმე აქტივობა ჩატარდა. ლაითურის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრების დახმარებით, ადგილობრივებში გაავრცელებს საინფორმაციო ბროშურები, სადაც საუბარი იყო ქარსაცავი ზოლის საჭიროებაზე. იგივე საკითხზე ახალგაზრდებისთვის და თვითმართველობის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგებიც.
"ამ ინიციატივას მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით შეხვდა, რადგან ეს არის არა ცალკეული ადამიანების ინტერესებს მორგებული, არამედ მთელი დაბის საჭიროება", — აღნიშნავს რესპონდენტი.
როგორც ლია ამბობს, პროექტის ტრენინგებით დაწყება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ასე საჭირო ინფორმაცია მიიტანეს ადამიანებამდე და ინტერესიც გაუღვივეს, რომ მომავალში აქტიურად ჩართულიყვნენ ამ საქმიანობაში.
ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, მუშაობა უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეირჩა 1.5 კილომეტრი სიგრძის ადგილი, სადაც მოეწყო ქარსაცავი ზოლი, რომელიც შეამცირებს ქარის სიჩქარეს, დაიცავს ნიადაგს ქარის ეროზიისგან, შეამცირებს მოსავლის დანაკარგს, დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან, შეამცირებს ხმაურს და სხვა. შესაბამისი სამუშაოების შესრულებისას დაზიანებული ხეები კი მოიჭრა, გადამუშავდა და სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს გადაეცა.
შემდეგი ეტაპი ამ ტერიტორიის შემოღობვა იყო. ასევე, ადგილობრივი მოხალისეების ჩართულობით დაირგა 3 000-მდე ალვის ხის ნერგი.
"რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის როლი ეკოსისტემის დაცვაში? უდავოა, რომ ძალიან. ამაზე მეტყველებს სოფელ ლაითურის მოსახლეობის აქტიურობა. ის მონდომება და მიზანდასახულობა, რაც თითოეულმა მათგანმა პროექტის განხორციელებისას გამოიჩინა, რამაც პროექტის წარმატება განაპირობა და მომავალში მისი მდგრადობის გარანტი იქნება."
ლიას თქმით, იმაზე საუბარი, თუ რა სარგებელი მოიტანა ქარსაცავმა ზოლმა, წლების შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ნერგები გაიზრდება. თუმცა იმაში დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს როგორც კონკრეტული პრობლემების მოგვარებას, ისე ადამიანების აქტიურ, სამოქალაქო თვითშეგნების მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
კომენტარები