მძღოლებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ ავტომობილების გვერდითა სარკეებში უკან არსებული ობიექტები იმაზე შორს ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ამის გამო ხშირად მათზე გამაფრთხილებელი წარწერაცაა დატანილი, რათა მანქანის მართვისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ და დისტანცია ვაკონტროლოთ.

მაგრამ რატომ "გვატყუებს" სარკეები? როგორაა შესაძლებელი, რომ გამოსახულება რეალურ დისტანციას არ გვიჩვენებდეს?

პასუხი ამ სარკეების სპეციალურ დიზაინშია. ისინი ამოზნექილია, რათა მძღოლს უფრო ფართო უკანა ხედი დაანახოს. ეს საშუალებას იძლევა, რომ პოტენციური საფრთხეები დროულად შევიშნოთ და სათანადო მანევრებით თავიდან ავიცილოთ. მსგავსი სარკეები გზებზეც აყენია ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლოა, სხვაგვარად ზემოდან ან ქვემოდან მომავალი მანქანა ვერ დავინახოთ.

ამ სარგებლის მიუხედავად, ამოზნექილი სარკეები ობიექტების ზომას ამახინჯებს — ისინი უფრო პატარა ჩანს, ვიდრე რეალურადაა. მცირე ზომა ისე აღიქმება, თითქოს ეს ობიექტები შედარებით დიდ დისტანციაზეა, მაგრამ ასე არაა.

ფოტო: Getty

რა თქმა უნდა, ამის შესახებ ავტომობილის მართვის ინსტრუქტორები მძღოლობის მსურველებს თავიდანვე აწვდიან ინფორმაციას და, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, გაფრთხილება ხშირად თავად სარკეებზეცაა. საბოლოო ჯამში, ასეთი სარკეების სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე დაბნეულობით გამოწვეული პოტენციური საფრთხე.

იყო სხვაგვარი სარკეების შექმნის მცდელობებიც. მაგალითად, 2012 წელს მათემატიკოსმა ენდრიუ ჰიქსმა ალგორითმის გამოყენებით მიიღო სარკე, რომელიც 45-გრადუსიან ხედს აჩვენებდა, მაგრამ ობიექტების ზომას მხოლოდ მინიმალურად ცვლიდა. ის მრავალ პატარა სარკეს შეიცავდა, რომლებიც სხვადასხვა მხარეს იყო მიმართული, ანუ სინათლეს განსხვავებულად ირეკლავდა.

ამის მიუხედავად, ავტოინდუსტრიაში ისევ ტრადიციული სარკეები გამოიყენება, რომლებიც საკმაოდ ეფექტიანია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.