COP29 და კლიმატის ცვლილება: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
1. რა არის COP?
აბრევიატურა COP (Conference of Parties) „მხარეთა კონფერენციას“ აღნიშნავს. ასე მოიხსენიება საერთაშორისო შეხვედრები, რომლებიც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში ტარდება. ამ შეხვედრებზე გაეროს ეგიდით წარიმართება მოლაპარაკებები იმ შეთანხმებების მისაღწევად, რომლებიც ჩვენი პლანეტისთვის სახიფათო კლიმატის ცვლილების დაძლევისკენაა მიმართული.
COP წარმოადგენს UNFCCC-ის გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოს. მასში შედიან ყველა „მხარის“, ანუ ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს UNFCCC-ში მონაწილეობაზე და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე.
მხარეთა კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება. მასზე განიხილავენ ახალ ზომებს და აფასებენ პროგრესს, რომელსაც მხარეებმა UNFCCC-ის საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე მიაღწიეს. ეს მიზანი კლიმატის ცვლილების შეზღუდვის შესახებ პარიზის შეთანხმების აღსრულებას მოიცავს. კლიმატის ცვლილებაზე შედგენილი და იურიდიულად სავალდებულო ეს საერთაშორისო ხელშეკრულება 2015 წელს პარიზში გამართულ COP21-ზე 196-მა მხარემ მიიღო.
პარიზის შეთანხმების მთავარი მიზანია, დედამიწაზე გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა (პრეინდუსტრიული ეპოქის დონესთან შედარებით) და, საუკეთესო შემთხვევაში, იმის ცდაც, რომ საშუალო ტემპერატურამ 1.5°C-ს არ გადააჭარბოს.
გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შესაზღუდად, სათბურის აირების გამოყოფამ მაქსიმუმს 2025 წლამდე უნდა მიაღწიოს და 2030 წლისთვის 43%-ით უნდა იყოს შემცირებული.
2. რატომ არის კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოსთვის ასეთი მწვავე პრობლემა?
კლიმატის ცვლილება ტემპერატურისა და ამინდის პირობების გრძელვადიან შეცვლას ეხება. ამგვარი ცვლილებები ბუნებრივმა ფაქტორებმაც შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, XIX საუკუნეში დაწყებული ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული, კლიმატის ცვლილების მთავარ ფაქტორად ადამიანის საქმიანობა იქცა, კერძოდ, უპირველესად, წიაღისეული საწვავის მოხმარება, როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი და გაზი.
წიაღისეული საწვავის მოხმარებისას სათბურის აირები გამოიყოფა. ეს აირები დედამიწას გარშემო ისე ეკვრის, თითქოს მას საბანში ახვევსო, რაც მზისგან წამოსულ სითბოს ატმოსფეროში აკავებს და ტემპერატურას მაღლა წევს.
დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა დღეს დაახლოებით 1.2°C-ით აღემატება 1800-იანი წლების მიწურულის მაჩვენებელს და, ამასთან, ყველაზე მაღალია უკანასკნელი 100 ათასი წლის განმავლობაში. გასული ათწლეული (2011-2020 წლები) დაკვირვების ისტორიის განმავლობაში ყველაზე თბილი იყო. ბოლო ოთხი ათწლეულიდან კი, თითოეული, იმაზე თბილი იყო, ვიდრე 1850 წლიდან მოყოლებული ნებისმიერი წინა ათწლეული.
ბევრი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება, ძირითადად, ტემპერატურის აწევას ნიშნავს. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისია! რადგან დედამიწა ერთიანი სისტემაა, რომელშიც ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ერთ სფეროში მომხდარ ცვლილებას ყველა სხვა სფეროში შეუძლია ცვლილებების გამოწვევა.
კლიმატის ცვლილება უკვე ვლინდება სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა ძლიერი გვალვები, წყლის დეფიციტი, მასშტაბური ხანძრები, ზღვის დონის მატება, წყალდიდობები, პოლარული ყინულის დნობა, შტორმები თუ ბიომრავალფეროვნების შემცირება. კლიმატის ცვლილებას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზეც, საკვების მოპოვების უნარზე, საცხოვრებელზე, უსაფრთხოებასა და სამსახურზეც.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდის 1.5°C-მდე შეზღუდვა ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან აცილებასა და სიცოცხლესთან თავსებადი კლიმატის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. თუმცა, თუ კაცობრიობა მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განახორციელებს, ამ საუკუნის ბოლოსთვის ტემპერატურა 3°C-ით გაიზრდება.
ენერგოსისტემების წიაღისეული საწვავიდან მზისა და ქარის მსგავს ენერგიის განახლებად წყაროებზე გადართვა კლიმატის ცვლილების გამომწვევ ემისიებს შეამცირებს. თუმცა, ამისათვის, ჩვენი დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო. საბედნიეროდ, სულ უფრო მეტი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ 2050 წლისთვის ნულამდე დაიყვანს ემისიებს. ტემპერატურის გლობალური დათბობის 1.5°C-ზე დაბლა შესანარჩუნებლად, 2030 წლისთვის ემისიების რაოდენობა უნდა განახევრდეს. ამის მისაღწევად, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოხმარება.
3. როგორ ეხმარება ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში?
„გარემოსდაცვით და კლიმატის მიმართ მდგრადობაზე ერთობლივი ზრუნვა“ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის 2020 წლის შემდგომ პერიოდში განსაზღვრულ ხუთ გრძელვადიან მიზანს შორის ერთ-ერთია. სხვა ვალდებულებებთან ერთად, ევროკავშირმა დადო პირობა, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, შეასრულონ პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაათანამედროვონ ეკონომიკა ნახშირბადის კვალის შემცირებისა და კლიმატნეიტრალურობისკენ სწრაფვის გზით.
აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში, ევროკავშირი მიზნად ისახავს:
● ხელი შეუწყოს კლიმატის სფეროში საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას და მწვანე ინვესტიციების მოზიდვას;
● დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს, შეასრულონ პარიზის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
● გაზარდოს კლიმატის სფეროს და მწვანე პროექტების დაფინანსება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, მდგრადი ტრანსპორტის, ენერგოსექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებებით;
● გააძლიეროს ევროკავშირის პოლიტიკა საქონლის წარმოებისა და ეკოინოვაციის მიმართულებებით;
● მხარი დაუჭიროს ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას და გადამუშავების მასშტაბების გაზრდას.
საქართველოში ევროკავშირი ინვესტირების გზით ეხმარება ქვეყანას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და ენერგოეფექტიანობის გაზრდაში, რაც 1 მილიონი ადამიანის ცხოვრების ხარისხს უკეთესს გახდის. ამასთან, ევროკავშირის დახმარებით, საქართველოში, კავკასიის მასშტაბით, პირველი კომერციული ქარის ელექტროსადგური მუშაობს.
ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არაერთ რეგიონულ პროგრამასაც აფინანსებს. მათ შორისაა:
● EU4ClimateResilience, რომელიც მწვანე ტრანსფორმაციასა და კლიმატის მიმართ მედეგობას უჭერს მხარს;
● EU4Environment Green Economy, რომელიც ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებასა და ადამიანთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს;
● EU4Environment Water Resources and Environmental Data, რომელიც წყლის რესურსების მდგრად გამოყენებას ეხმარება.
ამასთან, ევროპის ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), მნიშვნელოვნად უჭერენ მხარს ქვეყნებს დაბალნახშირბადიან, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამისათვის, ორივე ბანკი ინვესტიციებს დებს მწვანე ინფრასტრუქტურებში და მხარს უჭერს კლიმატგონივრულ ეკონომიკურ ზრდას.
აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდში (E5P) გაერთიანებული არიან სხვადასხვა დონორები და მის უმსხვილეს დონორს ევროკავშირი წარმოადგენს. ფონდი ხელს უწყობს მუნიციპალურ პროექტებში ინვესტირებას ენერგოეფექტიანობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. გარდა ამისა, ევროკავშირს მწვანე ზრდის ფონდშიც (GGF) შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი.
ქვეყნების დონეზე, ევროკავშირი აფინანსებს ისეთ საკითხებზე მომუშავე პროექტებს, როგორიცაა ჰაერის ხარისხი, წყლის რესურსების მართვა და ზღვის გარემოს დაბინძურება, ენერგოეფექტიანობა, ნარჩენების მართვა, პესტიციდებთან ბრძოლა, სამრეწველო დაბინძურება და ტყის მდგრადი მართვა.
გადადით ამ ბმულზე, რათა გაეცნოთ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მიღწეულ შედეგებს.
4. როგორ ამოვიცნოთ კლიმატის თემაზე გავრცელებული დეზინფორმაცია?
კლიმატის თემაზე დეზინფორმაცია ინტერნეტში ფართოდაა გავრცელებული. მისი მიზანია, საზოგადოებაში განხეთქილების გამოწვევა და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ზომების შენელება. ასეთი დეზინფორმაცია სხვადასხვა ფორმით შეიძლება გავრცელდეს: ეს შეიძლება იყოს, როგორც კლიმატის ცვლილების არსებობის სრული უარყოფა თუ შეთქმულების თეორიები, ისე, მეტად შეფარული დეზინფორმაცია, რომელიც ადამიანში ბადებს ეჭვებს, რომ კლიმატის ცვლილებას ადამიანი სულაც არ იწვევს და, საერთოდაც, ის ისეთი საშიში არაა, როგორადაც მეცნიერები გვაჩვენებენ.
დეზინფორმაცია თუ ყალბი ამბები შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს. მაგალითად:
● ფალსიფიცირებული მასალა: მასალა, რომელიც თავიდან ბოლომდე ტყუილია;
● მანიპულაცია: მასალა, რომელიც ინფორმაციას ამახინჯებს და მკითხველს სენსაციური, „კლიკბეითის“ სტილის სათაურებით იზიდავს;
● იმიტირებული მასალა: ყალბი ინფორმაცია, რომელიც სანდო წყაროების იმიტაციას ახდენს;
● შეცდომაში შემყვანი მასალა: მასალა, რომელიც კომენტარებს ფაქტებად წარმოაჩენს;
● სატირა და პაროდია: იუმორისტული, თუმცა გამიზნულად ყალბი მასალა;
● „დიპფეიკი“ (Deepfake): ყალბი ვიდეო, აუდიო ან ფოტომასალა.
კლიმატის თემაზე გავრცელებული დეზინფორმაციის ამოსაცნობად აუცილებელია:
1) ინფორმაციის წყაროების გადამოწმება: დარწმუნდით, რამდენად სანდოა წყარო; ემყარება თუ არა ის, სამეცნიერო დაწესებულებების, რეცენზირებული ჟურნალებისა და სანდო მედიაგამოცემების მიერ გამოქვეყნებულ მასალას?
2) მასალის ენასა და ტონზე დაკვირვება: სენსაციური ენა, გაზვიადებები და მძაფრ ემოციებზე აპელირება, დეზინფორმაციის ნიშანი შეიძლება იყოს.
3) ფაქტების შემოწმება: მოძებნეთ დამოუკიდებელი, ფაქტების შემმოწმებელი ვებსაიტები, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურებაში დაგეხმარებათ.
პროექტი EUvsDisinfo სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ეხმარება, უკეთ გაიგონ, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და ამოიცნონ, სოცმედიასა და მედიაში გავრცელებული დეზინფორმაცია. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს, რომლებიც კლიმატის თემაზე რუსული დეზინფორმაციის მეთოდებს ააშკარავებს.
ევროკავშირი ფლობს მრავალ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომლებიც კლიმატის თემაზე დეზინფორმაციის გამოვლენასა და მასთან ბრძოლაში გვეხმარება. მათი პოვნა აქაა შესაძლებელი.
5. როგორ შეგიძლიათ, შეუერთდეთ გლობალურ მოძრაობას და დაეხმაროთ პლანეტას?
ჩვენ წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ისაა, რომ არ უნდა დავუშვათ კლიმატის ცვლილების გაუარესება. გარემოს დასაცავად, ჩვენ შეგვიძლია და მოგვეთხოვება კიდეც, რომ ნაკლები ენერგია მოვიხმაროთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიპოვოთ გზები, რომლებიც სათბურის აირების გაფრქვევების შემცირებაში დაგვეხმარება.
მსგავსი ზომებიდან მრავალი სამთავრობო და საერთაშორისო დონეებზე მიიღება, მაგრამ გარკვეული წვლილის შეტანის შესაძლებლობა პირადად ჩვენც გვაქვს. კერძოდ, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ისე შევიტანოთ ყოველდღიურ ქცევაში მცირე ცვლილებები, რომ ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას დავეხმაროთ.
● მეტად სუფთა ტრანსპორტი: როცა კი შესაძლებელია, იარეთ ფეხით, ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. შეძლებისდაგვარად თქვით უარი თვითმფრინავით მგზავრობაზე;
● ენერგიის მეტად გონივრულად გამოყენება: არ გაათბოთ საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცეები საჭიროზე მეტად. გამოიყენეთ ენერგოეფექტიანი ნათურები. არ დაგავიწყდეთ, შუქისა და მოწყობილობების გამორთვა. შენობაში იდეალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ფანჯრები და დარაბები გააღეთ და დაკეტეთ ხოლმე;
● მწვანე დიეტა: საკვებად გამოიყენეთ მეტი ხილ-ბოსტნეული და ნაკლები ხორცი. ეს არა მხოლოდ კლიმატს წაადგება, არამედ თქვენს ჯანმრთელობასაც. ეცადეთ, არ გადაყაროთ საჭმელი;
● ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას: პლასტმასის შეფუთვა დიდი რაოდენობით ნარჩენებს წარმოქმნის და ხშირად მათი გადამუშავება ძალიან რთულია. ეცადეთ, არ შეიძინოთ შეფუთული პროდუქცია და მაღაზიებში თან გაიყოლოთ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა.
არ დაგავიწყდეთ, რომ ამომრჩევლისა და მომხმარებლის ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს აქვს ძალა, შეცვალოს სამთავრობო პოლიტიკა და კომპანიების სამოქმედო გეგმები თუ ინოვაციები.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რეალური ფაქტები კლიმატის ცვლილების შესახებ: ეს არა მხოლოდ დეზინფორმაციისგან გვიცავს, არამედ, ასევე გვეხმარება სწორი ჩვევების გამომუშავებაში და სხვების დარწმუნებაშიც, გაუფრთხილდნენ პლანეტას.
ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ, ყოველთვის გქონდეთ სანდო ინფორმაცია კლიმატის ცვლილების თემაზე:
EU Climate Action – ევროკავშირის პორტალი კლიმატის ცვლილებასა და ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ, სადაც ასევე ქვეყნდება ინფორმაცია ამ სფეროში ევროკავშირის მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და მოქალაქეების მხარდამჭერ ინიციატივებზე.
United Nations Climate Change – აქ ქვეყნდება უახლესი ცნობები, ანგარიშები, ფაქტები და რესურსები კლიმატის ცვლილების თემაზე, მათ შორის COP-ის შესახებაც.
კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გაეროს პროგრამა – ეს რესურსი კლიმატის სფეროში უახლესი მეცნიერული მიგნებებისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ახალი გზების გასაცნობად გამოგადგებათ.
Our Planet, Our Future – ევროკავშირის რესურსი ახალგაზრდებისთვის. აქ გაეცნობით სამეცნიერო ინფორმაციას კლიმატის ცვლილებაზე, ასევე იმას, თუ რას აკეთებს ევროკავშირი ამ მიმართულებით და როგორ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს წვლილის შეტანა.
როგორ ვესაუბროთ ადამიანებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე – აქ თავმოყრილია ევროკავშირის რჩევები, თუ როგორ ავუხსნათ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რა გზებითაა შესაძლებელი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა.
Actions for a Healthy Planet – აქ იპოვით რჩევებს გაეროსგან, თუ როგორ შევამციროთ გარემოზე მავნე ზემოქმედება. ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია მობილურის აპლიკაცია, რომელიც დაგითვლით ნახშირბადის კვალს და მოგცემთ რეკომენდაციებს მის შესამცირებლად.
10 გზა, რომლითაც კლიმატის ცვლილების კრიზისთან ბრძოლას დაეხმარებით – გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა იმ რჩევებით მოგამარაგებთ, რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთ იზრუნოთ გარემოზე.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გარემოსდაცვითი პროექტები და წარმატების ისტორიები.
დაეხმარე ოზის ენერგიის დაზოგვაში – გაიცანით ზაზუნა ოზი, ენერგიის დაზოგვის თემაზე EU NEIGHBOURS east პროგრამისა და EU4Energy-ის ერთობლივი კამპანიის მთავარი გმირი. ასევე, შეგიძლიათ წაიკითხოთ ოზის ისტორიის გაგრძელება, რომელიც განახლებადი ენერგიის წყაროებზე მოგიყვებათ.
-
გადახედვაკობახიძე: ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის არ ვიცი, მას დაეშალა კოალიცია კობახიძე: ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის არ ვიცი, მას დაეშალა კოალიცია
-
გადახედვაპრემიერი: რობერტ ფიცომ მიმიწვია სლოვაკეთში და მას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერი: რობერტ ფიცომ მიმიწვია სლოვაკეთში და მას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო
-
გადახედვაჩინურმა მავალმა მარსზე 3.6 მილიარდი წლის წინანდელი ოკეანის კვალი აღმოაჩინა ჩინურმა მავალმა მარსზე 3.6 მილიარდი წლის წინანდელი ოკეანის კვალი აღმოაჩინა
-
-
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია რომ წმინდა ილია მართალი ზეციურ საქართველოში ხარობს, რომ ქვეყანა საიმედო ხელშია შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია რომ წმინდა ილია მართალი ზეციურ საქართველოში ხარობს, რომ ქვეყანა საიმედო ხელშია
-
გადახედვაიმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ არჩევნების შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში უამრავი დარღვევით — ლიეტუვის პრეზიდენტი იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ არჩევნების შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში უამრავი დარღვევით — ლიეტუვის პრეზიდენტი
-
გადახედვაპროგრამა EU4Digital საქართველოში ელ-რეცეპტების პროექტს იწყებს პროგრამა EU4Digital საქართველოში ელ-რეცეპტების პროექტს იწყებს
-
გადახედვაცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 1201 საჩივარი იყო წარმოდგენილი, საიდანაც 917 არ დაკმაყოფილდა ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 1201 საჩივარი იყო წარმოდგენილი, საიდანაც 917 არ დაკმაყოფილდა
-
-
გადახედვაცესკო: ჩარჩო-კონვერტი შემუშავდა ისე, რომ ყველა შემთხვევაში სრულად ფარავდა ჩამონათვალს ცესკო: ჩარჩო-კონვერტი შემუშავდა ისე, რომ ყველა შემთხვევაში სრულად ფარავდა ჩამონათვალს
-
გადახედვააზერბაიჯანში სამოქალაქო აქტივისტი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს აზერბაიჯანში სამოქალაქო აქტივისტი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს
-
გადახედვამეცნიერებმა პომპეიში გაქვავებული ადამიანების დნმ შეისწავლეს — რა გახდა ცნობილი მეცნიერებმა პომპეიში გაქვავებული ადამიანების დნმ შეისწავლეს — რა გახდა ცნობილი
-
გადახედვაშარლ მიშელი: არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას მოითხოვს შარლ მიშელი: არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას მოითხოვს
-
გადახედვათბილისს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ეწვევა თბილისს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ეწვევა
-
გადახედვაევროკავშირის ელჩთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა ევროკავშირის ელჩთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა
-
გადახედვაინდოეთში 35 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სალმან რუშდის წიგნი შეიძლება აკრძალული არ იყოს ინდოეთში 35 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სალმან რუშდის წიგნი შეიძლება აკრძალული არ იყოს
-
გადახედვასაქართველოში ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც სამართლიანი და თავისუფალი — ესტონეთის პრემიერმინისტრი საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც სამართლიანი და თავისუფალი — ესტონეთის პრემიერმინისტრი
-
გადახედვაOne Direction-ის მომღერლის ლიამ პეინის გარდაცვალების საქმეზე ბრალი სამ პირს წაუყენეს One Direction-ის მომღერლის ლიამ პეინის გარდაცვალების საქმეზე ბრალი სამ პირს წაუყენეს
-
გადახედვამაკრონი ტრამპის პრეზიდენტად არჩევის ფონზე ამბობს, რომ ევროპა "ბალახისმჭამელი" ვეღარ იქნება და "ნაირმჭამელი" უნდა გახდეს მაკრონი ტრამპის პრეზიდენტად არჩევის ფონზე ამბობს, რომ ევროპა "ბალახისმჭამელი" ვეღარ იქნება და "ნაირმჭამელი" უნდა გახდეს
-
გადახედვაცესკოს სპიკერი: გენდერულ სტატისტიკაზე "სამართლიანი არჩევნების" განცხადება არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციულია ცესკოს სპიკერი: გენდერულ სტატისტიკაზე "სამართლიანი არჩევნების" განცხადება არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციულია
კომენტარები