მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფერო სამხრეთისგან განსხვავებულია. ამ უკანასკნელის მიმდებარედ მთები, ვულკანები, კანიონები და დიდი კრატერებია, პირველ რეგიონში კი დაბლობები ჭარბობს. მიიჩნევა, რომ წითელი პლანეტის წარსულში იქ ოკეანე იყო. ამ მოსაზრებას ჩინური მავალის Zhurong მიერ მოპოვებული მონაცემებიც ადასტურებს.

აღნიშნულ არეალში არსებული გრუნტის მახასიათებლები მიანიშნებს, რომ ზედაპირი წყალთან ურთიერთქმედებამ შეცვალა. საუბარია უტოპიის დაბლობზე, სადაც აპარატი 2021 წლის მაისში დაეშვა. დაახლოებით 1 წელში მან მტვრის ქარიშხლებისა და მარსული ზამთრის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა, მაგრამ ციური სხეულის შესწავლა მაინც მოასწრო.

უტოპიის დაბლობი აქამდეც ძველი ოკეანის სანაპირო ზოლის ტერიტორიად განიხილებოდა, ახლა კი ეს მოსაზრება კიდევ უფრო გამყარდა. Zhurong-ის დაშვების ადგილზე სამხრეთით წყალთან დაკავშირებული წარმონაქმნებია, რომელთა ფორმირებასაც დიდი ოდენობით სითხე არ დასჭირდებოდა. ჩრდილოეთით კი ისეთი გარემოა, რომლის ჩამოყალიბებაც წყლის მოზრდილ ბუნებრივ რეზერვუარს უნდა უკავშირდებოდეს.

მეცნიერთა სცენარი ასეთია: დაახლოებით 3.65-3.68 მილიარდი წლის წინ მარსზე უზარმაზარი ოკეანე იყო. სავარაუდოდ, მას გაყინული ზედაპირი ჰქონდა. 230 მილიონი წლის განმავლობაში წყლის მოცულობა ნელ-ნელა შემცირდა, საბოლოოდ კი მთლიანად გაქრა.

იმ ადგილას, სადაც ჩინური მავალი მოძრაობდა, სანაპიროს ზოლი უნდა ყოფილიყო. იქ აპარატმა მიაგნო ისეთ მინერალებს, რომლებიც სწორედ წყალთან ან ყინულთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება. მის გარდა წითელ პლანეტაზე ტბებისა თუ მდინარეების კვალი სხვა მავალებსა და ზონდებსაც აღმოუჩენია, ამიტომ დანამდვილებით ვიცით, რომ მარსი ყოველთვის ასეთი მშრალი პლანეტა არ იყო.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.