მეცნიერებმა პომპეიში გაქვავებული ადამიანების დნმ შეისწავლეს — რა გახდა ცნობილი
ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს ვულკანი ვეზუვი ამოიფრქვა, რამაც პომპეიში ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ კატასტროფამ მათი ნაწილი იმ მდგომარეობაში გააქვავა, როგორშიც იმ მომენტში იმყოფებოდნენ.
ფერფლით დაფარული ეს სხეულები მეცნიერებისა და საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესო იყო, ამიტომ წლების განმავლობაში მათ შესახებ გარკვეული წარმოდგენები შეგვექმნა. მაგალითად, ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა, მსხვერპლთა ერთ-ერთი წყვილი დედა-შვილი ყოფილიყო, მაგრამ ახალმა კვლევამ სულ სხვა რამ დაგვანახა.
სპეციალისტებმა პომპეის დაღუპული მოსახლეობიდან 14 ინდივიდის დნმ შეისწავლეს, რომელიც გაქვავებული შრის ქვეშ შემორჩენილი ბიოლოგიური ქსოვილებიდან მოიპოვეს. გენეტიკური მონაცემების გაანალიზება საშუალებას იძლევა, რომ მათი სქესი და პოტენციური ნათესაური კავშირები გამოვავლინოთ.
ამ გზით დაადგინეს, რომ გაქვავებული ადამიანების კავშირები ჩვენს ინტერპრეტაციებს სულაც არ ემთხვევა. ეს გვარწმუნებს, რომ წარსულს და მათ შორის გენდერულ მახასიათებლებს განსხვავებულად უნდა შევხედოთ. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ ბავშვის გვერდით ნაპოვნი ზრდასრული ინდივიდი, რომელსაც ხელზე ოქროს სამაჯური ეკეთა, მისი დედა სულაც არაა. დნმ-ის ანალიზით გაირკვა, რომ ის, სინამდვილეში, კაცი იყო, რომელსაც ბავშვს გენეტიკურად არ ენათესავებოდა.
მათ სხეულებს 1974 წელს მიაგნეს პომპეიში მდებარე საცხოვრებელში, რომელსაც მოგვიანებით "ოქროს სამაჯურის სახლი" უწოდეს. მიიჩნეოდა, რომ ამ ოჯახში ოთხი წევრი იყო, რადგან მათ გარდა იქ კიდევ ორ ადამიანს მიაკვლიეს. ახლა უკვე ცნობილია, რომ ორი ზრდასრულიდან და ორი ბავშვიდან ყველა მამრობითი სქესის იყო, თანაც სულ სხვადასხვა მემკვიდრეობითი ხაზის წარმომადგენლები.
შეისწავლეს ერთმანეთთან ჩახუტებულ მდგომარეობაში გაქვავებული ადამიანების დნმ-იც (წყვილი პირველ ფოტოზეა ნაჩვენები). აქამდე ყველას ეგონა, რომ ისინი დები იყვნენ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ანალიზმა ცხადყო, რომ მათგან ერთი დანამდვილებით კაცი იყო.
"საინტერესოა, რომ ისინი, ძირითადად, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ჩასული ადამიანების შთამომავლები იყვნენ, რაც რომის იმპერიის კოსმოპოლიტურ ბუნებას ცხადყოფს", — აცხადებენ ავტორები.
მეცნიერები კიდევ 168 ადამიანის დნმ-ს აანალიზებენ და იმედოვნებენ, რომ პომპეის მოსახლეობის შესახებ მეტს გაიგებენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები