ახალი კვლევის თანახმად, სისხლის მაღალი წნევის შესამცირებლად სულ რაღაც 5-წუთიანი ფიზიკური აქტიურობაც კი საკმარისია.

არტერიულ, იგივე სისტოლურ, მაღალ წნევად მიიჩნევა მაჩვენებელი, რომელიც 140 მმ. ვწყ. სვ-ს უტოლდება ან აღემატება (ვეცხლისწყლის სვეტის მილიმეტრი, წნევის არასისტემური ერთეული). დიასტოლური წნევა ქვედა ზღვარია, როცა გული მოსვენებულ მდგომარეობაშია და მისი ნორმა 90 მმ. ვწყ. სვ-ია.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რამდენიმეწუთიანი ფიზიკური დატვირთვისას მდგომარეობა უმჯობესდება. კერძოდ, ამ დროს გულისცემა ჩქარდება და სისტოლური წნევა დაახლოებით 0.68 ერთეულით იკლებს, ხოლო დიასტოლური — 0.54-ით.

მაღალწნევიანობას ჰიპერტენზია ეწოდება და ის ჯანმრთელობის პრობლემების რისკს შეიცავს, როგორიცაა თირკმლის დაზიანება და ინფარქტი. ამის თავიდან ასაცილებლად მარტივი და ხანმოკლე ფიზიკური აქტიურობა კი თითქმის ყველა ადამიანს შეუძლია, რადგან დატვირთვის ფორმები შეზღუდული არაა. მაგალითად, დადებითი გავლენა აქვს როგორც კიბეებზე ასვლას, ისე ვარჯიშსა და ველოსიპედის ტარებას.

სპეციალისტებმა 14 761 ადამიანის 1-კვირიანი მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც სათანადო მოწყობილობებმა მათს სისხლის წნევაზე დაკვირვებით შეაგროვა. ყოველდღიური აქტიურობა 6 ტიპად დაჰყვეს: ძილი, მჯდომარე მდგომარეობა, ნელი სიარული, სწრაფი სიარული, ფეხზე დგომა და ენერგიული ვარჯიში. თითოეული მათგანი წნევასთან და სხვა ფაქტორებთან მიმართებაში განიხილეს, როგორიცაა ასაკი და სქესი.

შემდეგ შეისწავლეს, რა შედეგს გამოიღებდა ცვლილება. მაგალითად, გაირკვა, რომ თუ მჯდომარე მდგომარეობას 21-წუთიანი ვარჯიშით ან სწრაფი სიარულით ჩავანაცვლებთ, სისტოლური წნევა 2 ერთეულით შემცირდება. რაც უფრო მეტად იტვირთება გულსისხლძარღვთა სისტემა, მით უკეთესი გავლენა აქვს ფიზიკურ აქტიურობას. ამის მიუხედავად, მცირეხნიანი დატვირთვაც ეფექტიანია.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი კვლევის შედეგები მსოფლიოში ჰიპერტენზიის მქონე 1.8 მილიარდ ადამიანს წნევის დარეგულირებაში დაეხმარება. ახალი ნაშრომი გამოცემაში Circulation გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.