ტრაგედია, რომელიც შესაძლოა განმეორდეს
2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, On.ge შეეცადა გაერკვია, არსებობს თუ არა სტიქიის განმეორების საფრთხე, რა უნდა გაკეთდეს ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და როგორ პასუხობს მერია ამ გამოწვევას.
ჰიდროლოგებისა და გეოლოგების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 13 ივნისის სტიქიის განვითარება ერთდროულად რამდენიმე ჰიდრომეტეოროლოგიურმა და გეოლოგიურმა მოვლენამ გამოიწვია, ამასთან, მოწყდა სწორედ ის მეწყრული უბანი, რომელიც ყველაზე დიდი იყო, რეციდივის საფრთხე მაინც არსებობს.
ისინი ერთხმად იზიარებენ პოზიციას, რომ შარშანდელი მოვლენების ზუსტი პროგნოზირება და კატასტროფის სრულებით თავიდან აცილება, შეუძლებელი იყო. თუმცა, ამასთან განმარტავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ზომის მიღება იმისთვის, რომ სტიქიას ამხელა ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლოდა, სრულებით შესაძლებელი იყო.
სპეციალისტების მოსაზრება დამანგრეველი სტიქიის გამეორების საფრთხეზე
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა აგვიხსნა, რომ ვერეს ხეობაში 100-ზე მეტი მეწყრული უბანია, რომელთაგან ყველაზე დიდი ახალდაბის ფერდობზე მდებარეობს. მისი თქმით, 13 ივნისის მოვლენების განვითარებაში გადამწყვეტი როლი სწორედ ამ მასის ჩამოწყვეტამ ითამაშა, რომელსაც მდინარის ფერდობებიდან დიდი ხე-მცენარეები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, მანქანები და სხვა ნივთები წამოჰყვა:
“ყველაფერი შემოვიდა ქალაქის ზონაში და ვაკე-საბურთალოს გვირაბი გაიჭედა, საიდანაც გვირაბი ერთჯერადად გაირღვა”.
ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, ზურაბ კაკულიას თქმით, მეწყრული მასის ნაწილი ჯერ კიდევ “ჩამოკიდებულია” ხეობებში, არავინ იცის როდის დაიძვრება და პოტენციური საფრთხე უფრო მცირე იქნება, თუ დიდი.
კაკულიამ განგვიმარტა, რომ ზოგადად, ამ მოვლენის მიახლოებითი პროგნოზირება იმისთვის, რომ მსხვერპლი შემცირდეს, შესაძლებელია:
“მონიტორინგი უნდა ჩატარდეს, უნდა ტარდებოდეს. როგორც მე ვიცი, უკვე აპირებენ ამის გაკეთებას. წინასწარი ზომები შეეძლოთ მიეღოთ, რადგან მოსალოდნელი იყო, რაც მოხდა”.
კაკულიას აზრით, ვინაიდან ცნობილია, რომ 13 ივნისს მომხდარი კატასტროფა 40-50 წელიწადში ერთხელ მეორდება, აუცილებელია ვერეს ხეობის კალაპოტის ზოოპარკიდან მტკვრამდე გახსნა:
“მდინარე ვერე დახურულ სივრცეში არ უნდა იყოს მოქცეული, ანუ ის როგორც მიედინება თავის კალაპოტში, ყოველგვარი წინაღობის გარეშე, ისე უნდა მიედინებოდეს. გმირთა მოედანზე ხომ არის ესტაკადები, შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი ესტაკადა - ორი ხიდი და გაიხსნას ეს გზა ზოოპარკიდან ვერემდე, ვერეს კალაპოტი გათავისუფლდეს და იყოს ღია. ასევე უნდა გაიხსნას გვირაბებიც. ყველაფერი ეს ძვირი ნამდვილად არ დაჯდება”.
კაკულიამ ასევე აგვიხსნა, რომ იმ ფერდობებზე, სადაც მეწყრული პროცესების განვითარება მოსალოდნელია, შესაძლებელია დამცავი ჯებირების აშენებაც. მისი თქმით, არსებობს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ეს ფერდობები დაამაგრონ იმისთვის, რომ მეწყრული უბნები აღარ დაიძრას.
რაც შეეხება ვერეს ნაპირებზე არსებულ კორპუსებსა და მშენებლობებს, კაკულიას მიაჩნია, რომ იქ მათი არსებობა დაუშვებელია. გარდა ამისა, მისი თქმით, ვაკე საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზაც რისკის ზონაშია.
კაკულიას აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად კატასტროფის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, თუმცა ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება - შესაძლებელი, იზიარებს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ნოდარ ფოფორაძეც. მისი თქმით, გარკვეულ ინფორმაციას საფრთხის შესახებ, სახელმწიფო ფლობდა იმ ლაბორატორიისგან, რომელიც ვერეს ხეობაში მდებარეობს:
“ხალხი უნდა გაეფრთხილებინათ, რომ ევაკუაცია გამოცხადებულიყო ხეობაში, უნდა ჩაეკეტათ მოძრაობა ახალ გზაზე”.
გარდა ამისა, ფოფორაძეც მიიჩნევს, რომ იმავე რაოდენობის ნალექის მოსვლის შემთხვევაში, რაც გასული წლის 13 ივნისს მოვიდა, დაზღვეული არაფრისგან ვართ. თუმცა, მას მიაჩნია, რომ კატასტროფის თავიდან აცილებისათვის არა ვერეს კალაპოტი უნდა გაათავისუფლონ, არამედ ხეობის ზედა უბნებში დამცავი მოწყობილობები დაამონტაჟონ:
“უნდა მოეწყოს გარკვეული დამცავი, შემკრები მოწყობილობები, რომ დიდი ნალექის შემთხვევაში, როდესაც ისევ ხეები და სხვადასხვა მასალა წამოვა, იქ შეიკრიბოს იმისთვის, რათა აქით არ წამოვიდეს. წყალს კი გაატარებს გვირაბები, ეს პრობლემა არ არის, პრობლემაა, როდესაც წყალთან ერთად მოდის ქვა-ღორღი, მცენარეები, რომლებიც ხერგავენ გვირაბს. გვირაბები თუ არ ჩაიხერგება, რა თქმა უნდა, იმ მოცულობის კატასტროფა არ იქნება”.
რაც შეეხება დამცავ ჯებირებს, ფოფორაძეც მიიჩნევს, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე მათი აშენება აუცილებელია:
“აუცილებელია, თუნდაც მარტივი პროექტი განხორციელდეს. ასეთი პროექტი საბჭოთა კავშირის დროსაც იყო. როგორც ვიცი, რაღაც პროექტი ახლაც არსებობს, მაგრამ როგორც ყოველთვის იგვიანებენ. ბოლომდე სპეციალისტებს არ ეკითხებიან და როცა კატასტროფა ხდება, მხოლოდ მაშინ ახსენდებათ და მერე ისევ ივიწყებენ შემდეგ კატასტროფამდე”.
მერაბ გაფრინდაშვილის თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ რეციდივებისგან ქალაქი დაცული არ არის, სტიქია, განმეორების შემთხვევაში, იგივე მასშტაბის აღარ იქნება:
“ყველაზე რთული, ყველაზე დაძაბული უბანი გეოლოგიურად, მორფოლოგიურად, ტექტონიკურად, გრუნტის წყლების საკითხი, იყო ის უბანი ზუსტად, სადაც ეს მეწყრული მასა მოწყდა. იქ ენერგია უკვე დაკარგული აქვს, ამას ძალიან დიდი ხნის მომზადება უნდა, კიდევ რომ განმეორდეს”.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ ნაფეტვრებში უკვე შენდება მყარ ნაკად-დამჭერი, რომელიც შემდგომში აღნიშულ მასას გააჩერებს და მხოლოდ წყლის ნაკადი წამოვა ქალაქის მიმართულებით.
რა სამუშაოები ჩაატარა თბილისის მერიამ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ:
On.ge-მ მიმართა თბილისის მერიას იმისთვის, რომ გაგვეგო, რა სამუშაოები ჩაატარა უწყებამ სტიქიის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში და რა ღონისძიებების ჩატარება იგეგემება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მდინარე ვერეზე ატმოსფერული ნალექებისა და მდინარეში წყლის დონის მზომი მეტეოროლოგიური საგუშაოგოები უკვე დაამონტაჟეს. გარდა ამისა, უწყების ცნობით, სამომავლოდ ვერეს კალაპოტის ფორმირება, მზიურის პარკის მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაც იგეგმება.
მერია განმარტავს, რომ სტიქიის შემდეგ აღადგინეს წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელები, გაიტანეს გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენები, აღადგინეს გზები, გაამაგრეს საყრდენი კედლები და ფერდობები. გარდა ამისა, გმირთა მოედანს, სანაპიროსა და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, მოეწყო საყრდენი კედელი წყნეთის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე.
მიუხედავად მერიის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯებისა, სპეციალისტების მოსაზრებით, ეს სრულებით არ არის საკმარისი, რადგან ხეობაში, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს ტრაგედიის ეპიცენტრი იყო, მშენებლობები ისევ გრძელდება.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგები
გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი, დაზარალდა 239 ოჯახი და 1 041 ფიზიკური პირი, განადგურდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა, დაიღუპა 281 ცხოველი.
განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია, მზიური და ზოოპარკი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები.
კომენტარები