ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა. ცესკოს თქმით, საარჩევნო უბანი ჩვეულებრივ რეჟიმში იფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრისთვის.

ემიგრანტებმა მანამდე თქვეს, რომ ისრაელის ერთადერთი საარჩევნო უბანი შეიძლება არ გაიხსნას.

"საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის. კომისიის თავმჯდომარემ ოჯახური მდგომარეობის გამო 22 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. კომისიის არცერთ სხვა ხელმძღვანელ პირს ან წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ცესკოსთვის არ მოუმართავს", — წერია ცესკოს განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში წერია, რომ დადგენილების თანახმად, თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისია სპეციალურ ჯგუფად გარდაიქმნება, რომელსაც ექნება კენჭისყრის ჩატარების უფლება.

"ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია დაიწყოს კენჭისყრისთვის მოსამზადებელი პროცედურები, თუ გამოცხადდა კომისიის 9 წევრი მაინც.
აქვე გაგაცნობთ ცესკოს 11 ოქტომბრის დადგენილებას (№50/2024), რომელიც განსაზღვრავს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობასთან დაკავშირებულ საკითხს. დადგენილების თანახმად, თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისია გარდაიქმნება სპეციალურ ჯგუფად და სპეცჯგუფს მიეცემა უფლება ჩაატაროს კენჭისყრა", — ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.