როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია საქართველოს არჩევნებს
ხვალ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა საქართველოსკენაა მომართული. ყოველდღიურად სხვადასხვა მნიშვნელოვანი გამოცემა ეხმიანება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და კარს მომდგარ არჩევნებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან სტატიას, რომლებშიც მსოფლიო მედია საქართველოს არჩევნებს აფასებს.
1. POLITICO — კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა
ამერიკულმა გამოცემა Politico-მ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცელი სტატია ამ სათაურით გამოაქვეყნა. სტატიაში განხილულია ბიძინა ივანიშვილის წარსული, მისი პოლიტიკურ მოღვაწეობა და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო მდგომარეობა.
სტატიაში ვკითხულობთ: "ივანიშვილი უფრო მეტად განიხილება, როგორც ძალა, რომელსაც საქართველო ევროკავშირის ორბიტიდან გამოჰყავს".
2. BBC — დაძაბული წინასაარჩევნო ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის
BBC-ის ეს სტატია თავისი შინაარსით სიმბოლურია, მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობასთან ერთად, სტატიაში ვხვდებით ინტერვიუს გორის მაცხოვრებლებთან. ქალაქის, რომელსაც ყველაზე კარგად ახსოვს რუსეთის სისასტიკე.
"ქართველებმა ყველაფერი იციან რუსეთის ომების შესახებ.... ამ არჩევნების ყურადღების ცენტრში მოექცა ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა და ახლა მმართველი პარტიის წამყვან ძალად ითვლება", — ვკითხულობთ სტატიაში.
3. FRANCE 24 — საქართველო დაძაბული არჩევნების მოლოდინში, არჩევანი რუსეთსა და ევროკავშირს შორის
აღნიშნულ სტატიაში ვკითხულობთ: შაბათს ქართველები გადამწყვეტ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. პროდასავლური ოპოზიციური ძალების გაერთიანება მმართველ პარტიას უპირისპირდება, რომელსაც დემოკრატიისთვის ზურგის შექცევასა და რუსეთისკენ გადასვლაში ადანაშაულებენ.
ამასთან, სტატიაში საუბარია საქართველოში ბოლო წლებში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებაც — "თავდაპირველად "ქართული ოცნება" პროდასავლური პოლიტიკის დღის წესრიგს მიჰყვებოდა, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ კურსი შეცვალა. დღეს მისი კამპანია ორიენტირებულია შეთქმულების თეორიაზე "გლობალური ომის პარტიის" შესახებ".
4. The New York Times — გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის
არც ამ სტატიის რიტორიკაა განსხვავებული, აქაც როგორც სხვა დიდ ჟურნალ-გაზეთებსა და გამოცემებში ვკითხულობთ, საუბარია იმ ეგზისტენციალურ მდგომარეობაზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.
"საქართველო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა კავკასიაში, შაბათს საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს, რამაც შეიძლება განსაზღვროს ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაცია მომავალი წლების განმავლობაში, ვინაიდან, დღეს ის რუსეთს, ჩინეთსა და დასავლეთს შორისაა", — ვკითხულობთ სტატიაში.
5. CNN — საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაზრდილია არჩევნების მოპარვისა და კრემლის ორბიტაზე დაბრუნების შიშიც
CNN-ის ეს სტატია ცოტა სარკასტულადაც კი იწყება, ჯერ გორში სტალინის მუზეუმის შესახებ გვიამბობს, შემდეგ თავად სტალინზე, რომელიც შესაძლოა პოეტი ყოფილიყო, თუმცა ლიდერობა არჩია.
ამასთან, სტატიაში ვკითხულობთ: "ახლა, როცა საქართველო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია, ავტორიტარიზმის აჩრდილი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა...
ძალიან ბევრ ადამიანს ივანიშვილის რიტორიკა იმ საშინელ წარსულს მოგვაგონებს, საიდანაც ქართველებს თავის დაღწევა სურთ. და ქართული ოცნების ანტიდასავლური პოზიცია, განხილვის საგნად ქცეულ აგენტების კანონთან ერთად, პირდაპირ ასახავს ვლადიმერ პუტინის მოქმედებებს რუსეთში".
კომენტარები