აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნულმა ადმინისტრაციამ ივნისში დედამიწის ორბიტაზე ახალი ხელოვნური თანამგზავრი GOES-19 გაუშვა. მასზე კოსმოსური კორონოგრაფია დამონტაჟებული, რომელსაც CCOR-1 ეწოდება და მზის გვირგვინზე (ატმოსფეროს გარე შრეზე) დასაკვირვებლადაა შექმნილი.

ამ მოწყობილობამ ფუნქციონირება გასულ თვეში, 19 სექტემბერს, დაიწყო. ის ვარსკვლავის დისკოს სიკაშკაშეს საგანგებოდ ჩრდილავს, რათა გვირგვინის სტრუქტურა უკეთ გამოაჩინოს. ხმელეთზე განლაგებული მსგავსი ინსტრუმენტებისგან მას ის გამოარჩევს, რომ მუშაობაში ხელს ჩვენი პლანეტის ატმოსფერო არ უშლის.

CCOR-1 ისეა დაპროგრამებული, რომ მზის გვირგვინი ყოველ 15 წუთში გადაიღოს და მოსალოდნელი კორონული მასის ამოფრქვევების შესახებ გაგვაფრთხილოს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პლაზმის ამგვარი ნაკადები დედამიწაზე გეომაგნიტურ შტორმებს იწვევს ხოლმე.

29 სექტემბერს CCOR-1-მა სწორედ მსგავსი ამოფრქვევა გადაიღო:

ფოტო: NOAA/NASA

კადრებში ვხედავთ, როგორ ამოიზრდება მზის დისკოს მარცხენა კიდიდან პლაზმა, რაც თბილისის დროით 16:15 საათზე დაფიქსირდა. ასევე, გვირგვინის მიმდებარედ სხვა დიდი წაგრძელებული სტრუქტურებიც ჩანს, რომელთაც სტრიმერები ეწოდება. კორონული მასის ამოფრქვევები მათზეც ზემოქმედებს, კერძოდ ფორმას უცვლის.

ამჯერად ეს კონკრეტული ნაკადი ჩვენი პლანეტის მიმართულებით არ გამოტყორცნილა. როცა ასე ხდება, ის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებს და შესაძლოა, საკომუნიკაციო ქსელებისა და სატელიტების მუშაობა შეაფერხოს. ასეთი საფრთხის პროგნოზირებაში ახლა უკვე CCOR-1-იც დაგვეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.