როგორ წარმოიქმნება რძე ადამიანის ორგანიზმში
დაფიქრებულხართ, როგორ ახერხებს ადამიანის ორგანიზმი რძის წარმოქმნას? მაინც რა პროცესები უწყობს ხელს ლაქტაციას და რა ხდება ამ დროს სხეულში?
თუ გგონიათ, რომ ქალის ორგანიზმი რძეს უშუალოდ მშობიარობის შემდეგ წარმოქმნის, ცდებით. ეს ჯერ კიდევ ორსულობისას იწყება და ლაქტაციის პირველ ეტაპს მოიაზრებს, რომელსაც ლაქტოგენეზისი I ეწოდება. ამ ფაზის განმავლობაში მომავალი დედების უმრავლესობა ფიზიოლოგიურ ცვლილებებს ამჩნევს. კერძოდ, ძუძუს მოცულობა იზრდება, ძუძუსთავები კი ფართოვდება და მუქ შეფერილობას იძენს. ასევე, მათზე არსებული ამოზნექილი ნაწილები, რომელთაც მონტგომერის ჯირკვლები ეწოდება, უფრო ზემოთ იწევს.
პლაცენტის გამოდევნა ბავშვის გაჩენისთანავე ქალის სხეულში ჰორმონ ესტროგენის, პროგესტერონისა და ადამიანის პლაცენტური ლაქტოგენის (HPL) დონის საგრძნობლად შემცირებას განაპირობებს. ეს რძის წარმომქმნელ ცილა პროლაქტინს უხსნის გზას, რომელიც კონკრეტულ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებს. ამ ეტაპს ლაქტოგენეზისი II ეწოდება.
თავდაპირველად რძის გამოყოფა მთლიანად ჰორმონებზეა დამოკიდებული და არამიზანმიმართული რეფლექსის სახე აქვს. მშობიარობიდან პირველ რამდენიმე დღეში ლაქტაციას უკვე გარე სტიმულაცია უწყობს ხელს და რაც უფრო ინტენსიურია ეს ზემოქმედება, მით უფრო მეტი რძე წარმოიქმნება. სწორედ ამიტომ, მეძუძურმა დედამ ჩვილი მშობიარობიდან რაც შეიძლება მალე და ხშირად (1-2 საათში ერთხელ) უნდა გამოკვებოს, რათა მესამე ფაზას შეუწყოს ხელი. მას ლაქტოგენეზისი III-ის სახელით ვიცნობთ.
ამ დროს რძის ფორმირება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი ოდენობით გამოიყოფა ის ორგანიზმიდან. კვლევებმა დაადასტურა, რომ როცა ძუძუ "ცარიელია", მასში მეტი მოცულობის რძე გროვდება, თანაც ბევრად სწრაფად. ეს ნიშნავს, რომ დედამ ძუძუთი კვების დრო არ უნდა შეზღუდოს, თუ სურს, რომ აქტიურ ლაქტაციას შეუწყოს ხელი.
აქვე აღსანიშნავია, რომ ძუძუ ყველაზე სავსე შუაღამიდან განთიადამდე პერიოდშია, როცა ორგანიზმში პროლაქტინის დონე ყველაზე მაღალია. სამაგიეროდ, დილიდან მთელი დღის განმავლობაში რძეში ცილებისა და ცხიმების შემცველობა ნელ-ნელა იზრდება, ანუ უფრო მდიდარი ხდება.
უნდა ითქვას, რომ რძის მოცულობა ძუძუს ზომაზე არაა დამოკიდებული. ასევე, ლაქტაცია ორსულობასთან პირდაპირ დაკავშირებული პროცესია, ამიტომ ის ქალებში გვხვდება. მაშ, შეუძლია თუ არა კაცის ორგანიზმს რძის წარმოქმნა? უიშვიათესად და მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისას.
მაგალითად, ზოგჯერ ტვინის ჰიპოფიზის სიმსივნისას კაცის სხეული ანომალიურად ჭარბ პროლაქტინს გამოიმუშავებს, რაც რძის ფორმირებას განაპირობებს, თუმცა არა იმ ოდენობით, როგორც ქალის შემთხვევაშია. პროლაქტინის მოჭარბების პროვოცირება ღვიძლის დაავადებებსა და ისეთ პრეპარატებსაც შეუძლია, რომლებიც ჰორმონ დოფამინზე ზემოქმედებს (ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტები). დაბოლოს, ძალზე იშვიათად რძე შეიძლება წარმოიქმნას, თუ ძუძუსთავის ხანგრძლივ და უწყვეტ სტიმულაციას მივმართავთ.
კომენტარები