ნახეთ: როგორ დარბის ყველაზე სწრაფი ჰუმანოიდი რობოტი გობის უდაბნოში
წამში 3.6 მეტრი — ასეთია მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ჰუმანოიდი რობოტის სიჩქარე, რომელსაც სირბილისას ავითარებს.
ის ჩინური კომპანიის Robot Era მიერაა შექმნილი და ორი მექანიკური ფეხის მქონე მსგავსი მოწყობილობებისთვის რეკორდულ სიჩქარეს, არც მეტი, არც ნაკლები, ბოტასების მეშვეობით აღწევს. რობოტის მოდელს STAR1 ჰქვია. მისი სიმაღლე 171 სანტიმეტრია, წონა კი 65 კილოგრამს შეადგენს.
ახალ სადემონსტრაციო ვიდეოში ვხედავთ, როგორ დარბის ორი ამგვარი ჰუმანოიდი რობოტი გობის უდაბნოში, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის ტერიტორიაზე. ერთ-ერთ მათგანს ფეხზე ბოტასები მოარგეს, რათა ენახათ, ექნებოდა თუ არა გავლენა ამას სიჩქარეზე. აღმოჩნდა, რომ მართლაც ასე მოხდა.
ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რობოტების წყვილი სხვადასხვა სახის ზედაპირზე დარბოდა, ზოგი უსწორმასწორო იყო, ზოგი ბალახიანი და ა.შ. 3.6 მ/წმ-იანი სიჩქარე მოდელმა 34 წუთის განმავლობაში შეინარჩუნა.
STAR1-ის ეს სისწრაფე რეკორდულია. წინა უმაღლესი მაჩვენებელი 3.3 მ/წმ იყო და ის რობოტ Unitree H1-ს ეკუთვნოდა. ამ სიჩქარეს მან 2024 წლის მარტში მიაღწია.
ახალი რეკორდსმენი მოდელის მექანიკური სხეული ხელოვნურ ინტელექტზეა მორგებული. ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე მის შემთხვევაში წამში 275 ტრილიონი ოპერაციაა, რაც საკმაოდ კარგი ლეპტოპებისას 5-6-ჯერ აღემატება. ასევე, რობოტის თავისუფლების ხარისხი 12-ია, რაც სახსრის ფუნქციის მექანიზმების რაოდენობასა და მოძრაობების მრავალფეროვნებას შეესაბამება.
კომენტარები