"არ მიმაჩნია, რომ ვცხოვრობ, იძულებული ვარ, გავძლო" — რას ჰყვება მოშიმშილე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე

ფოტო: აფგან სადიგოვი, 

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

როცა გარეთ ავტოკრატიაა ...

მესამე თვეა, რაც საქართველოში ბაქოს მოთხოვნით დაკავებული ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ოჯახი თბილისში ცხოვრობს. მეუღლე სევინჩ სადიგოვა და ორი მცირეწლოვანი გოგონა სამთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვას და სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას ელოდებიან. მოზარდები განათლებას ვერ იღებენ, დედა ამბობს, რომ მუდმივი მუქარის ზარების გამო შვილების სკოლაში გაშვებას ვერ რისკავს.

აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

აფგან სადიგოვის საჩივარი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების შესახებ საქართველოს სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა. 21 სექტემბერს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

რატომ საქართველოში?!

დაკავებული ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მეუღლე ჟურნალისტი სევინჩ სადიგოვას სოციალური სამართლიანობის ცენტრის ოფისში შევხვდი, მის ორ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად. სევინჩი 10 წელია რეპორტიორია, ძირითადად სოციალურ თემატიკას აშუქებს. ქმარზე შეფარული სიამაყით საუბრობს, ყვება, როგორია ავტოკრატიულ ქვეყანაში ისეთი ჟურნალისტის ბედი, ვინც ხელისუფლების თამაშის წესებს არ იღებს.


"ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო. ეს ჩვენი ნებით არ მომხდარა, უფრო იძულება იყო. აფგანს პირველი დაკავების შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებია და არც შემდეგ გვქონდა ამის სურვილი. მას ხშირად აკავებდნენ და სახელმწიფო უწყებებისგან, პოლიცია, სუსი პერიოდულად მუქარას ვიღებდით. მივხვდი, რომ ჩემი შვილების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, გადაწყვეტილება მათ გამო მივიღე. სიმართლე გითხრათ, ქართველი აზერბაიჯანელებისგან ვიცოდი საქართველოში რაც ხდებოდა, გახსოვთ ალბათ მუხთარლის საქმე. აფგანი ამბობდა, რომ საქართველო დიდად არ განსხვავდება აზერბაიჯანისგან, ამის მიუხედავად, აფგანს ვუთხარი, მოდი საქართველოში ვიყოთ, ძაან შორსაც არ წავიდეთ, მაინც მეზობელი ქვეყაანაა-მეთქი". — ამბობს სევინჩი.

ქართული სასამართლო და იმედი, რომელიც არ გამართლდა

სევინჩი ყვება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ წარმოედგინა, რომ ქართული სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებდა.


"აფგანის დაკავების დროს მეგონა რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა. შეიძლება ამას ჩემი გულუბრყვილობიდან გამომდინარე, ვფიქრობდი. მაგრამ ეს მოლოდინი ნამდვილად მქონდა, პროცესის დროს უსუსურობის შეგრძნების გამო ვიტირე, რადგან არ მეგონა რომ ამას დაუშვებდნენ. მაშინ დავრწმუნდი, რომ აქაურობა აზერბაიჯანზე უარესია". — ამბობს სევინჩი და აგრძელებს, რომ ის, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფება, ცხოვრება არაა. — "არ მიმაჩნია, რომ ვცხოვრობ, იძულებული ვარ, გავძლო. თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად სულ ერთი ხდება ხანდახან ყველაფერი, რომ როცა ვინმე გვითვალთვალებს, ჩემი შვილები უფრო ადრე ამჩნევენ, ვიდრე მე. ხელისუფლებასაც ზუსტად ეს უნდა - მუდმივად დაძაბული ვიყო. ერთადერთი სურვილი მაქვს, მინდა ჩემს ოჯახთან ერთად თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო."

რა იქნება ხვალ?

სევინჩ სადიგოვა ყვება, რომ აფგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. აზერბაიჯანში 242 დღიანი შიმშილობის შემდეგ 90 კილოდან მისი მეუღლე 40 კილოზე ჩამოვიდა. რეაბილიტაციის პროცესი დასრულებული არც იყო, როდესაც აზერბაიჯანის შემდეგ უკვე ქართულ ციხეში მოხვედრილმა აფგანმა საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი შიმშილობით გააპროტესტა.


"ჩემი მეუღლე იდეალისტია, ერთმანეთს ხასიათით ვგავართ, ჩემს თავს ვეკითხები, ამდენ ზეწოლას როგორ ვუძლებ? ეს პროცესები რომ დაიწყო, საკუთარი თავი თავიდან გავიცანი. ძალიან კარგად ვიცი, რაზეა წამსვლელი აზერბაიჯანის სახელმწიფო და რას შეიძლება ველოდო მათი მეგობარი საქართველოს ხელისუფლებისგან. ჩემს ონლაინ გამოსვლებშიც ვეუბნები ალიევს, მოდი, ბარემ მოგვკალი, ეს ყველაფერი დასრულდეს და დაე, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ჩვენი ოჯახი გაანადგურე, ყველამ იცოდეს რომ დიქტატორი ხარ-მეთქი.
ჩემს ქვეყანაში ცდილობენ ჩემი რეპუტაცია შელახონ, რომ გავჩერდე და არ დავიცვა აფგანი, მახსოვს, აზერბაიჯანში აფგანი ერთ-ერთი დაკავებისას, ელექტროშოკით აწამეს, აიძულებდნენ ინფორმაციის წყაროს ვინაობა დაესახელებინა, აფგანი ვერ გატეხეს. არ გავტყდები მეც". — ამბობს სევინჩი.


საუბარში მისი უფროსი გოგონა გვერთვება, ლამან სადიგოვა ამბობს, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობს.


"მხოლოდ დიდ შიშს ვგრძნობ, ძალიან მტკივნეულია ეს ყველაფერი. ვდარდობ მამაზე, ვიცი, რომ ძალიან ცუდადაა. არ ველოდები სასწაულს, მაგრამ ძალიან მინდა გათავისუფლდეს, ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, აქ ჩვენ არავინ არ გვყავს, სულ მარტო ვართ". - ამბობს ლამან სადიგოვა.

სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიის მოლოდინში

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმეში რამდენიმე დღეა სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჩაერთო. უფლებადამცველი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ კომიკურია მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ აფგანს საერთაშორისო დაცვაზე უარს მხოლოდ იმის გამო ეუბნებიან, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებები დაცულია.


"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსალოდნელი სასამართლო პროცესი, რომლის ფარგლებში ჩვენ სადავოს ვხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აფგან სადიგოვისთვის საერთაშორისო დაცვაზე. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ძალიან ცხადი ფაქტები მხედველობაში არ მიიღო მიგრაციის დეპარტამენტმა, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს იმაზე, რომ აზერბაიჯანში აფგან სადიგოვს დევნიდნენ, მის დაკავებებს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. ამაზე საუბრობს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ამნესთი ინთერნეიშენალი, ჰუმან რაითს ვოჩი და სხვა არაერთი ორგანიზაცია, თუმცა მიგრაციის დეპარტამენტი ამას მხედველობაში არ იღებს. ამავდროულად, ის მიიჩნევს რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებები დაცულია, რომ სადიგოვი წამების მსხვერპლი არ გახდება, რაც ასევე აბსურდია, რადგან არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს პოლიტპატიმრების ძალიან მძიმე მდგომარეობაზე და მზარდ რიცხვზე აზერბაიჯანში". - ამბობს თამთა მიქელაძე.


სოციალური სამართლიანობის ცენტრი საექსტრადიციო პატიმრობის საკითხის რევიზიის მოლოდინშია.


"საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები არ არის, სრული აბსურდია და ეს კიდე ერთხელ აჩვენებს პოლიტიკურ ლოიალობას და უკანონო თანამშრომლობებს ავტორიტარულ ხელისუფლებასთან. 3 ნოემბერს უწევს აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების საკითხის რევიზია. მას აქვს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული და სასამართლომ გამოიყენა საექსტრადიციო პატიმრობა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება გათავისუფლება, მათ შორის, იმის გამო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო არის მკვეთრად გაუარესებული". — ამბობს თამთა მიქელაძე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ორი დღის წინ ციხის საავადმყოფოში მოინახულეს. მათი ინფორმაციით, აფგან სადიგოვი მცირე რაოდენობის წყლის გარდა არაფერს იღებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში კრიტიკულად დამძიმდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  2. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

1776-მდე გაიზარდა კომპანიების რიცხვი, რომლებიც ახალ არჩევნებს და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

პროევროპული პროტესტის მხარდამჭერი კომპანიების რიცხვმა, რომლებიც თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე — Freebusiness.ge…