ამცირებს თუ არა ChatGPT ჩვენი ტვინის შესაძლებლობებს? — ახალი კვლევის შედეგები

ფოტო: Linkedin.com
კოგნიტიური დავალებების მუდმივად ხელოვნური ინტელექტისთვის გადაბარებამ, შესაძლოა, ჩვენს ტვინზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. ახალი კვლევის თანახმად, ChatGPT-ის დახმარებით ესეების წერა ტვინის ნერვულ აქტივობასა და მის სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს. გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული დავალება მეხსიერებაში დაგრჩეთ, თავად ტექსტი კი, დიდი ალბათობით, ზედაპირული, შთაგონებას მოკლებული და, კვლევის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებით, "უსულო" იქნება.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელშიც სწორედ ისაა განხილული, თუ როგორ მოქმედებს დიდი ენობრივი მოდელები ტვინსა და მეხსიერებაზე.
კვლევაში 18-დან 39 წლამდე ასაკის კოლეჯის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, სულ 54 ადამიანი. მათ სთხოვეს, დაეწერათ SAT-ის სტილის რამდენიმე ესე, რომლებიც რთულ საკითხებს ეხებოდა. დავალება მოიცავდა ისეთ ფილოსოფიურ თავსატეხებს, როგორებიცაა: "რამდენად შესაძლებელია სრულყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბება, ან, საერთოდ, სასურველია თუ არა?" და "უნდა ჰქონდეთ უფრო შეძლებულ ადამიანებს სხვების დახმარების მეტი მორალური პასუხისმგებლობა?".
მონაწილეები სამ ჯგუფად დაიყვნენ: პირველს ChatGPT-ის გამოყენების უფლება ჰქონდა, მეორეს Google-ის საძიებო სისტემის, ხოლო მესამე ჯგუფი სრულად დამოუკიდებლად მუშაობდა. სანამ მონაწილეები ესეებს წერდნენ, მკვლევრები EEG სენსორებით ტვინის 32 რეგიონში ნერვულ აქტივობას აკვირდებოდნენ.
წერა სამ სესიად მიმდინარეობდა და სულ რამდენიმე თვეს მოიცავდა. თითოეული ჯგუფი მუდმივად მათთვის მინიჭებულ მეთოდს ეყრდნობოდა. სიტუაცია მხოლოდ მეოთხე სესიაზე შეიცვალა — ვინც ChatGPT-ს იყენებდა, ახლა ციფრული დახმარების გარეშე უნდა ემუშავათ, ხოლო დამოუკიდებლად მომუშავე ჯგუფს ChatGPT-ზე წვდომის უფლება მიეცა.
აშკარა გახდა, რომ წერის სხვადასხვა მეთოდი მნიშვნელოვნად განსხვავებულ ნერვულ აქტივობებთან იყო დაკავშირებული. ChatGPT-ის მომხმარებლებმა ყველაზე დაბალი ტვინის ჩართულობა აჩვენეს. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ამ ჯგუფში, დამოუკიდებლად მომუშავე მონაწილეებთან შედარებით, ტვინის აქტივობა 55%-ით ნაკლები იყო.
თავიდანვე ხელოვნურ ინტელექტზე მინდობილ ადამიანებს არ შეეძლოთ ინფორმაციის გახსენება ან ციტატების მოყვანა იმ ესეებიდან, რომლებიც მათ სულ რამდენიმე წუთის წინ დაწერეს. თითქოს, ინფორმაცია მათ ტვინში მხოლოდ ზედაპირულად აღწევდა და იმდენად პასიურად მუშავდებოდა, რომ მის შესანარჩუნებლად საკმარისად ღრმად ვერ "რეგისტრირდებოდა".
ამასობაში მხოლოდ თავიანთი ტვინის გამოყენებით მომუშავე ჯგუფმა ყველაზე ძლიერი და ფართოდ გავრცელებული ტვინის აქტივობა აჩვენა. საძიებო სისტემის ჯგუფმა ჩართულობის ზომიერი, "შუალედური" დონე გამოავლინა.
როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ ადამიანების ტვინზე ხანგრძლივი გავლენა იქონია. იმ შემთხვევებში, როდესაც ChatGPT-ის მომხმარებლებს AI-ის გარეშე მოუწიათ დავალების შესრულება, მათ მაინც "ნაკლებად კოორდინირებული ნერვული ძალისხმევა" აღენიშნებოდათ. გარდა ამისა, ისინი უფრო ხშირად იყენებდნენ იმ ლექსიკას, რომელიც ჩვეულებრივ AI-თვისაა დამახასიათებელი. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია იმ ცნებასთან ასოცირდება, რომელსაც კოგნიტიურ სესხს უწოდებენ.
"იმ შემთხვევებში, როდესაც ინდივიდები თემას კრიტიკულად არ უყურებენ, მათი ნაწერები უმეტესად მიკერძოებული და ზედაპირულია. ეს ასახავს კოგნიტიური სესხის მდგომარეობას, რომლის დროსაც ChatGPT-ის მსგავს გარე სისტემებზე განმეორებითი დაყრდნობა დამოუკიდებელი აზროვნებისთვის საჭირო ძალისხმევის კოგნიტიურ პროცესებს ცვლის", – ვარაუდობენ მკვლევრები.
მონაწილეთა მიერ შექმნილი ნაშრომები ინგლისური ენის მასწავლებლებს შეაფასებინეს. მათი თქმით, ChatGPT-ს მიერ დაწერილი ესეები ტექნიკურად სრულად გამართულია, თუმცა მათი შინაარსი "სიცოცხლისგან" აბსოლუტურად დაცლილი და ზედმეტად ჩვეულებრივი იყო.
"თითქმის ყველა ესე სტრუქტურულად გამართული იყო, მაგრამ პირად შეხედულებებს ან მკაფიო განცხადებებს არ შეიცავდა. ეს ვრცელი ნაშრომები მოიცავდა სტანდარტულ იდეებს, განმეორებად ტიპურ ფორმულირებებსა და განცხადებებს, რომელთა გამოც აშკარა ხდებოდა, რომ ისინი AI-ს დაწერილი იყო. ჩვენ, როგორც ინგლისური ენის მასწავლებლებმა, ეს ესეები 'უსულოდ' აღვიქვით, რადგან ბევრი წინადადება შინაარსისგან და პირადი თვალსაზრისისგან დაცლილი იყო", — დაწერა კვლევაში მონაწილე ერთ-ერთმა მასწავლებელმა.
ექსპერიმენტების შედეგები საკლასო ოთახებში AI-ს ინტეგრირების პოტენციალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს იმ ფონზე, როცა ყველა განვითარებული ქვეყნის საგანმანათლებლო ორგანო იმაზე ფიქრობს, თუ როგორ დანერგოს ახალი ტექნოლოგიები სასწავლო დაწესებულებებში.
რა თქმა უნდა, ახალგაზრდებმა უნდა აითვისონ უახლესი ტექნიკური მიღწევები, რათა მომავალში ტექნოლოგიური პროგრესი არ შეწყდეს, მაგრამ, ეს პროცესი დაბალანსებულად და ფრთხილად უნდა წარიმართოს. აუცილებელია, რომ გონება AI-ზე დამოკიდებული არ გახდეს და კრიტიკული აზროვნების, მსჯელობისა და ინტელექტუალური არსებისთვის საჭირო სხვა უნარების გამოყენებას არ შეუშალოს ხელი.
ავტორთა ნაშრომი არარეფერირებული კვლევების ონლაინ პორტალ arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები