რა უცხოა და რა მშვენიერი, რომ პირველად, ჩვენ, 5 ქალი ვართ საკანონმდებლო ორგანოში... რომ ჩვენც შეგვიძლია კანონების მიღება, წესრიგის დამყარება, მნიშვნელოვანი ამბების გადაწყვეტა. იქნებ გამიხსენოს კიდეც ვინმემ, თუნდაც, გაკვრით, ჩემი სიკვდილის შემდეგ და გვერდიგვერდ ჩამოამწკრივოს ჩვენი სახელები, ვინ იცის?!

ქრისტინე შარაშიძე

1918 წლის შემოდგომიდან საბჭო საქართველოს პარლამენტად გარდაიქმნა. საპარლამენტო დებატების ციკლის შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების არჩევნები 1919 წლის თებერვალში უნდა ჩატარებულიყო.

საქართველოს დამფუძნებელი კრება საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი წესით, პროპორციული პრინციპით არჩეულ საკანონმდებლო ორგანოდ განისაზღვრა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქვეყნის ყველა სრულწლოვან (20 წლის) მოქალაქეს ეძლეოდა - აქტიური და პასიური ხმის უფლებით, სქესის განურჩევლად.

დამფუძნებელი კრების წევრად რესპუბლიკის მოქალაქეებს 130 დეპუტატი უნდა აერჩიათ. დამფუძნებელი კრება გააგრძელებდა საკანონმდებლო მუშაობას და შეასრულებდა თავის მთავარ ამოცანას - შეიმუშავებდა რესპუბლიკის კონსტიტუციას. საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნების გზით ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ორგანო საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას სრული ლეგიტიმაციით იქნებოდა აღჭურვილი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების თარიღად 1919 წლის 14, 15 და 16 თებერვალი დაადგინა.
საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი საზეიმო სხდომა 1919 წლის 12 მარტს, 12 საათსა და 10 წუთზე თბილისში, დამფუძნებელი კრების სასახლის თეთრ დარბაზში გაიმართა. რეგლამენტის შესაბამისად, სხდომას დარბაზში მყოფი უხუცესი დეპუტატი - სილიბისტრო ჯიბლაძე თავმჯდომარეობდა, ხოლო მდივნის მოვალეობას ყველაზე ახალგაზრდა - გოგიტა ფაღავა ასრულებდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომა

ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა

სილიბისტრო ჯიბლაძემ ღირსშესანიშნავი სიტყვით გახსნა დამფუძნებელი კრების მუშაობა.

გთავაზობთ ამონარიდს სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვიდან:

"ბატონებო!
ამ დღესაც მოვესწარი! ჩემს გრძელ ცხოვრების მიწურულში ბევრი ბედნიერი დღე გამთენებია, მაგრამ ეს ყველაზე უნეტარესია.
ჩემმა ხნოვანობამ წილათ მარგუნა გახსნა ამ დიადი, ამ ორმაგი დღესასწაულისა.
კურთხეულ იყოს საფუძველი იმ ახალ სახელმწიფოებრივი შენობისა, რომლის ასაგებათ თქვენ ბრძანდებით მოწოდებული.
მეტად სერიოზულ მომენტში დაგაკისრა თქვენ დროთა ბრუნვამ ეს თქვენი მძიმე მოვალეობა. ჩვენ მოწამენი ვართ, ბატონებო, ისეთ ამბების, მოძრაობის, ცვალებადობისა, რომლის მსგავსი ასეთი ფართო მასშტაბით არ ახსოვს მსოფლიო ისტორიას. მოძრაობა - ცვალებადობა სულია ცხოვრებისა, მაგრამ ეს ყველასათვის გასაგები ჭეშმარიტება, წინათ თვით უდიდესი მეცნიერებისთვისაც წარმოუდგენელი და მიუწვდომელი საიდუმლოება იყო.
თავის თავათ ისმება საკითხი, რა დავკარგეთ ჩვენ, და რა შევიძინეთ, ჩვენ ამ საერთაშორისო ორომტრიალში. პასუხი მოკლეა: დავკარგეთ ის, რის დაკარგვა და დამარხვა ყოველთვის შეადგენდა ჩვენი დემოკრატიის საოცნებო საგანს, მის პირველ იდეალს, წყევლა - კრულვით გადუშვით მეფის თვითმპყრობელობა იმ უფსკრულში, რომლის პირამდის მიიყვანა მან მრავალ ტანჯული და წამებული შრომელი ხალხი. აი, ბატონებო, სიდიადე თებერვლის და მარტის რევოლიუციისა.
ბედნიერი არის ეს ახალი თაობა, რომელმაც მხოლოთ იხილა დამარხვა, მაგრამ თავის ნორჩ სხეულზე არ უგრძვნია საშინელი ბრჭყალები ორთავიან არწივის რეჟიმისა. მაგრამ, ეს ცოტაა, ეს არ კმარა. არ კმარა მარტო დანგრევა ძველისა. საჭიროა მეფის თვითმპყრობელობის ნანგრევებზე ხალხის თვითმპყრობელობის გამაგრება, ძველს საფლავზე ახალ, მტკიცე საძირკველის დაფუძნება. და აი აქედან წარმოდგება ჩვენი მეორე იდეალი: სრულუფლებიანი დამფუძნებელი ყრილობა."

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 130 დეპუტატი შედიოდა, აქედან 5 ქალი იყო. ამ სტატიაში სწორედ მათზე გვინდა გესაუბროთ.

1. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1873 წლის 14 მარტს, სოფელ ღორეშაში აზნაურის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია დაამთავრა. ამ დროიდან მარქსისტული წრეების მუშაობაში ერთვება. 1901 წელს ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ქალაქის სოციალისტურ წრეებში და "ისკრის" დამხმარე ჯგუფში აქტიურად მუშაობდა.
ჟენევაში მალაქია ტოროშელიძესთან იქორწინა. 1905 წელს თბილისში დაბრუნებისთანავე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. მინადორა წითელ ჯვარში და "არა"-ში (ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია) მუშაობდა. პარალელურად ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც დაპატიმრებული სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების
ოჯახებს ეხმარებოდა.

1924 წლის დასაწყისში იძულებით მოსკოვში გაასახლეს. მას შემდეგ, რაც მენშევიკურ პარტიაში მუშაობაზე უარი თქვა, თბილისში დაბრუნდა. 1936 წელს მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე დააპატიმრეს. მან ბრალდებები უარყო და თავი დამნაშავედ არ ცნო.

5 წლით ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც ქალაქ ჩიმკენტის პოლიკლინიკაში ექიმად მუშაობდა. 1937 წლის 5 ივნისს დააპატიმრეს და 8 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში ყოფნა მიუსაჯეს. მისი სასჯელის ვადა 1945 წელს დამთავრდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. თბილისში 1950 წელს ჩამოვიდა. რეაბილიტირებულია 1956 წელს. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1967 წლის 19 ოქტომბერს გარდაიცვალა.

2. ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი

ელეონორა (ლოლა) ტერ-ფარსეგოვა 1875 წელს დაიბადა. 1902 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო.

1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, ორგანიზაციამ - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფმა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ელეონორაც იყო, რეალურად ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა ჩაანაცვლა. ამის გამო, 1908 წელს პირველად დააპატიმრეს.

ელეონორა მახვილაძე აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ განადგურებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში.

1921 წლიდან ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში ჩაება. 1925 წელს იგი აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში, ხოლო თავმჯდომარის - სოლომონ თელიას დაპატიმრების შემდეგ ცეკას თავად ხელმძღვანელობდა. მონაწილეობდა პარტიის ახალი ტაქტიკის შემუშავებასა და საორგანიზაციო საქმიანობის გამოცოცხლებაში. იყენებდა პარტიულ მეტსახელს — "ლუბა".

საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ელეონორა მახვილაძე 1926 წლის 22 თებერვალს დააპატიმრა და ამიერკავკასიის ფარგლებიდან გაასახლა.

30-იან წლებში, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია.

3. ქრისტინე შარაშიძე

ქრისტინე შარაშიძე

ქრისტინე შარაშიძე

ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე 1905 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო. 1905-1906 წლებში თბილისის რევოლუციურ გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობდა და საგაზეთო მასალებს ამზადებდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რამდენჯერმე დააპატიმრეს. მისი ოჯახი რეპრესიებში მოყვა. სხვადასხვა დროს, მასწავლებელთა სახლის ქართული ენის კაბინეტის გამგე და საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის თანამშრომელი იყო.

1941-1964 წლებში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა. მან ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი შრომები მოამზადა. ასევე, ხევისა და სამხრეთ საქართველოს ისტორიის გამოკვლევების ავტორი იყო. IXXIX საუკუნეების 1500-ზე მეტი ხელნაწერი დაამუშავა და შეისწავლა.

4. ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა

ელისაბედ (ლიზა) ნაკაშიძე-ბოლქვაძე 1904 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული
მუშათა პარტიის წევრი, 1917 წლიდან კი გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის წევრი.

1921 წლიდან ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაება, რის გამოც 1923 წელს დააპატიმრეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ანტისაბჭოთა მოღვაწეობა განაგრძო და ხელახლა დააპატიმრეს.

1937 წელს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით კრასნოიარსკში დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

5. ანა (ოლა) სოლოღაშვილი

მინადორა ორჯონიკიძე და ანა (ოლა) სოლოღაშვილი

მინადორა ორჯონიკიძე და ანა (ოლა) სოლოღაშვილი

ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა

ოლა სოლოღაშვილი (1882-1937) 1903 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში ჩაება.

1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1937 წელს შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ დააპატიმრა. ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, შოვინისტური განწყობების, ასევე მენშევიკთა ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ოლა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯეს.