რა წერია პრეზიდენტის ქარტიაში და რა გავლენას ახდენს ის წინასაარჩევნო პროცესზე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

პრეზიდენტის ქარტია და საარჩევნო პროცესი, ანუ რა სარგებლობა მოიტანა ქართულმა ქარტიამ?

პრეზიდენტის ქარტიის ირგვლივ ოპოზიციური სპექტრის შემოკრება, პოლიტოლოგ დავით ზურაბიშვილის აზრით, საარჩევნო პროცესს დაეხმარა — დაფიქსირდა ოპოზიციის სიმბოლური ერთობა და მკაფიოდ გამოიკვეთა პოლიტიკოსების ერთი ნაწილის სურვილი, ქვეყანა დაბრუნდეს ევროინტეგრაციის, ნატოში ინტეგრაციის და მისი ისტორიული არჩევანის გზაზე.

"ოპოზიციის სიმბოლური ერთიანობა დაფიქსირებულია, თუმცა იქ შეუთანხმებელი საკითხებიც იყო, რაღაც ინიციატივებიც წამოვიდა, თუმცა შემდეგ არ გამოვიდა მთლად ისე, როგორც თავიდან იყო ნათქვამი. მე მგონია რომ ეს ყველაფერი იმ ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს მაინცდამაინც არსებითად არ აზარალებს ოპოზიციურ პარტიებს. მე მგონია, რომ ქარტიის ის იდეა, რასაც ჰქვია დროებითი მთავრობა და ტექნიკური, კომპრომისული პრემიერი, შესაძლოა, არჩევნების შემდეგ უფრო აქტუალური გახდეს, იმიტომ რომ პოლიტიკურ ძალებს, თუ ხელისუფლება ვეღარ იმარჯვებს, მოუწევთ რაღაც კომპრომისზე წასვლა ერთმანეთთან და ამ შემთხვევაში სწორედაც რომ პრეზიდენტის კონსულტაციით შერჩეული პრემიერობის ნეიტრალური კანდიდატი, რომელიც უხელმძღვანელებს იმ საქმეს, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე და მერე ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით შეიძლება გახდეს ბევრად აქტუალური." — ამბობს დავით ზურაბიშვილი

"კომპრომისული" პრემიერი

სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა მედიაში აქტიურად განიხილება მეცნიერ ზაალ კოკაიას პრემიერობის საკითხი. დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საკითხის გააქტიურება არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს:

"ერთი მხრივ, მეც ვიზიარებ იმას, რომ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა და ახალი ფიგურა, რომელსაც საზოგადოება კარგად არ იცნობს პოლიტიკური მხრიდან, ვერ მოასწრებს ცნობადობის იმდენად გაზრდას, რომ სერიოზულ საპირწონედ გამოდგეს. შეიძლება სწორედაც არჩევნების შემდეგ ჯობდეს ამ საკითხის გააქტიურება.

ვხედავთ, რომ პრემიერობის კანდიდატი არ არის შეთანხმების საგანი, ლელო უარზეა, ნაციონალური მოძრაობაც არაა თანახმა. სამი დაეთანხმოს, ორი არ დაეთანხმოს, არ მგონია კარგი. თუ 4 ძირითადი მოთამაშე და პრეზიდენტი ვერ თანხმდებიან ერთმანეთთან, მაშინ ამ საქმის გაწელვა არ ღირს. ყველაფერი ეს მგონია არაარსებითი იმასთან შედარებით, ხელისუფლება რასაც აკეთებს. ოპოზიციამ რამდენი შეცდომაც არ უნდა დაუშვას, ვერ ფარავს იმ სისულელეებს, რასაც ხელისუფლება აკეთებს.

ზაალ კოკაიაზე, როგორც მეცნიერზე, წარმოდგენა მაქვს და პატივს ვცემ, მაგრამ თუ ყველა არ გაერთიანდა მის გარშემო, არჩევნების წინ რამდენად შეძლებს საპირწონე ფიგურად იქცეს, რთულად წარმომიდგენია."

სალომე ზურაბიშვილი — პრემიერად?!

"ყველაზე სასურველი იქნებოდა, რომ თვითონ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო პრემიერობის კანდიდატი, ეს უფრო გამოკვეთდა პოლუსს, ერთის მხრივ, ევროპასა და მეორეს მხრივ, "ანტიევროპას" და რუსეთს შორის. ძალიან ცოტა დროა, ორი კვირაც აღარაა დარჩენილი არჩევნებამდე და ვერ მოესწრება აკრეფა იმ სიმძლავრეების რაც საჭიროა ასეთ დროს. ზურაბიშვილს თავისი თავი რომ დაეყენებინა პრემიერად წინასაარჩევნოდ, ეს იქნებოდა უფრო ეფექტური, არჩევნების მერე რა იქნება, როგორ კაბინეტს შეადგენენ, რომელი პარტიის წილი რამდენი იქნებოდა, რთული სათქმელია. სალომე ზურაბიშვილის დასახელება არ მოითხოვდა მთელი კაბინეტის დასახელებას, ამდენ ახალ სახეს ვინ დაიმახსოვრებს და ვინ გაერკვევა. ამომრჩევლისთვის ამას არ ექნება ეფექტი.

თუ პრინციპული თანხმობაა იმაზე, რომ მზად არიან პოლიტიკური პერტიები კომპრომისული ფიგურა წამოწიონ დროებითი მთავრობის სახით და არ იბრძოლებენ მარტო სკამებისთვის, ამან შეიძლება იმუშაოს არჩევნების წინ, მაგრამ ძირითადად ყველაფერი გასაკეთებელია არჩევნების შემდეგ. შეუთანხმებლობა და წინააღმდეგობა ამ ოთხ ცენტრს შორის ცუდია და რეჟიმს აძლიერებს". — აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი

დღეს, 15 ოქტომბერს სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის კანდიდატად ნიკა გილაურ განიხილავს.

არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას და არც თავად გილაურს აღნიშნული ცნობა არ დაუდასტურებიათ.

რა წერია ქართულ ქარტიაში?

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა შესთავაზა. "ქართული ქარტია" რეფორმების გატარებას 10-ზე მეტ სფეროში ითვალისწინებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა "გირჩის" და "ლეიბორისტული პარტიის" გარდა პრეზიდენტის ქარტიას ხელი მოაწერეს. პარტიებმა პასუხისმგებლობა აიღეს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მას შეასრულებენ;

ევროპული კურსის დაცვა

"ქართული ქარტია" მიზნად ისახავს ყველა იმ კანონის გაუქმებას, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპული ინტეგრაციის კურსს. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი იმ დაპირისპირებების დასაძლევად, რომლებიც ქვეყანაში რუსული გავლენის ზრდას უკავშირდება. მაგალითად, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" [რუსული კანონი] და ჰომოფობიური კანონების გაუქმება.

მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა

ქარტია განიხილავს სასამართლოს რეფორმის საჭიროებას. ეს გულისხმობს კლანური მმართველობის დასრულებას და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფას. ასეთი ნაბიჯები მნიშვნელოვანია, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა სასამართლო ინსტიტუტების მიმართ, რაც აუცილებელია დემოკრატიული განვითარებისთვის. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და ნაფიც მსაჯულთა როლის გაძლიერება სასამართლოს გაჯანსაღების გზაა.

ანტიკორუფციული და სხვა ინსტიტუტების გაძლიერება

ქარტია ასევე ითვალისწინებს სუსის, პროკურატურისა და ანტიკორუფციული სააგენტოს რეფორმებს. ამ სტრუქტურების პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება და მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ქვეყნის დემოკრატიული მართვის მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენს. როდესაც ინსტიტუტები რეალურ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ, კორუფციისა და პოლიტიკური დევნის შემთხვევების შემცირება გარდაუვალი გახდება.

სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური რეფორმა

ქარტია არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფისაკენ არის მიმართული, რაც მოიცავს საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებას, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის გაუმჯობესებას და ბარიერის დაწევას გულისხმობს.

ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს პლურალისტური და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შექმნას, სადაც განსხვავებული პარტიების მონაწილეობა სამართლიანად წარიმართება.

პრეზიდენტის ქარტიას ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ — აქ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე სახალხო დამცველის მოკვლევის დაწყებას სთხოვს
  2. მთავარეპისკოპოსი ზენონი: კათალიკოსმა იცოდა დიდი ხნის წინათ თქმა: მღვდელი ხმაურით თუ მაღლა იჭრება, ხელი სტაცე და მიწაზე დაანარცხეო
  3. რუსთავში აიღეს ძეგლი "სამოთხის კარიბჭე", რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა
  4. თეა წულუკიანი: "აცე ვიროს" შანტაჟი უნდა შეწყდეს. ეს ხელისუფლება არსად მიდის
  5. "ენგურჰესის" ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთს სადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა ვითარება მაინც რთულია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საშუალოდ 1000 %-ით გაზრდილი ჯარიმები — რეპრესიები საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.…