ჩინეთში შეიმუშავეს სატელიტურ-ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც 100 კილომეტრზე მეტი მანძილიდან ადამიანის სახის დეტალურად დანახვის საშუალებას იძლევა. გამოცემა South China Morning Post-ის მიხედვით, ეს ტრადიციული სადაზვერვო თანამგზავრული კამერების ამჟამინდელ შესაძლებლობებს ბევრად აღემატება.

პლანეტის დაბალ ორბიტაზე მოძრავი ასეთი აპარატებით სხვა ხელოვნურ თანამგზავრებზე ახლოდან დაკვირვებაა შესაძლებელი, რაც სადაზვერვო მიზნებისთვის ხელსაყრელია. ახალ ტექნოლოგიაზე ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები თავიანთ ნაშრომში წერენ, რომელიც გამოცემაში Chinese Journal of Lasers გამოქვეყნდა.

როგორც ცნობილია, მათ ეს მეთოდი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ცინხაის ტბის მახლობლად უკვე გამოცადეს. საუბარია სისტემაზე, რომლის მუშაობაც სინთეზური აპერტურის ლიდარულ (SAL) ტექნოლოგიას ეფუძნება. ეს ისეთი ლაზერული რადარია, რომლითაც ორ ან სამგანზომილებიანი გამოსახულებები მიიღება.

SAL სისტემა ობიექტის მოძრაობაზეა ორიენტირებული, რათა განსაკუთრებით მაღალი გარჩევადობის სურათი მოგვაწოდოს. მისგან განსხვავებით, SAR-ის ტიპის რადარები მიკროტალღურ რადიაციას იყენებს, რომლის გრძელი ტალღების გამოც შედარებით დაბალი ხარისხის ფოტოები მიიღება. ახალი კამერა ოპტიკური სპექტრისაა, რომელიც უფრო მოკლე ტალღებზეა კონცენტრირებული. შესაბამისად, ის მკაფიო გამოსახულებებს იღებს (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მატერიაში შეღწევადობა მიკროტალღებს უფრო ახასიათებს, რადგან ისინი მარტივად არ იფანტება ან შთაინთქმება).

ტესტირებისას სპეციალისტებმა ლიდარი სამიზნე ამრეკლავი პრიზმებიდან 101.8 კილომეტრის მოშორებით განათავსეს. შედეგად, მოწყობილობამ ისეთი მომცრო დეტალები დააფიქსირა, რომელთა ზომაც 1.7 მილიმეტრი იყო. ასევე, მან დისტანციები 15.6 მილიმეტრის მასშტაბით გაზომა.

ეს დიდი წინსვლაა. მაგალითად, 2011 წელს Lockheed Martin-მა 1.6 კილომეტრი მანძილიდან მხოლოდ 2 სანტიმეტრის გარჩევადობა მიიღო. თავად ჩინეთშიც აქამდე 6.9 კილომეტრიდან 5 სანტიმეტრი რეზოლუცია მიიღეს. უკეთესი შედეგისთვის მეცნიერებმა ლაზერის სხივი 4x4 მიკროლინზაში გაანაწილეს, რამაც სისტემის ოპტიკური აპერტურა 17.2-დან 68.8 მილიმეტრამდე გაზარდა. ესაა ღიობი, რომელიც აკონტროლებს, რა რაოდენობის სინათლე შეაღწევს კამერაში. ამ გზით მათ ფართო ხედსა და დიდ აპერტურას შორის არჩევანს გვერდი აუარეს.

მნიშვნელოვანია, რომ ტესტირება იდეალურ ამინდსა და ატმოსფერულ პირობებში განხორციელდა. აქედან გამომდინარე, გასათვალისწინებელია, რომ ღრუბელი, ძლიერი ქარი და სხვა მსგავსი ფაქტორები ახალი ტექნოლოგიისთვის ხელის შემშლელი იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.