როგორი იყო ნეანდერტალელების გონებრივი შესაძლებლობები
ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ ნეანდერტალელების გადაშენებაში წვლილი ადრეულ ჰომო საპიენსებს მიუძღვით. თუმცა, ჩვენი სახეობა ამით არ დაკმაყოფილდა და უკვე ათასობით წლის შემდეგ ნეანდერტალელები როგორც სულელი არსებები ისე "შერაცხა".
და მაინც, იყვნენ კი ნეანდერტალელები "სულელები"?
ბოლო კვლევების თანახმად, ეს ასე არ არის და ადამიანებს მათზე არასწორი წარმოდგენა გვქონდა. დღეს უკვე ვიცით, რომ ნეანდერტალელი გონებრივად საკმაოდ განვითარებული იყო, მაგრამ ახლა საკითხი ასე დგას: იყო კი ის ჩვენსავით გონიერი?
დანამდვილებით ვიცით, რომ ნეანდერტალელები ჩვენი უახლოესი ნათესავები იყვნენ. ყველაზე ადრეული ნეანდერტალელის ნამარხი 430 000 წლით თარიღდება. ეს ჰომინიდები ჩვენს სახეობასთან ხშირად იკვეთებოდნენ, თუმცა მათი კვალი დაახლოებით 40 000 წლის წინ ქრება.
რატომ გადაშენდნენ ისინი? ამაზე მკვლევრების აზრები იყოფა.
პალეოანთროპოლოგიაში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა მოგვცა უფრო ახლო ხედვა ნეანდერტალელის ტვინის სავარაუდო სტრუქტურის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ნეანდერტალელის ტვინი იყო დაახლოებით იგივე ზომის ან უფრო დიდი, ვიდრე ჰომო საპიენსისა.
ასევე: რა განსხვავება იყო ჰომო საპიენსებსა და ნეანდერტალელებს შორის
32 თანამედროვე ადამიანისა და 13 ნეანდერტალელის თავის ქალას შესწავლა მეტყველებს იმაზე, რომ ნეანდერტალელებს მხედველობასთან დაკავშირებული ტვინის უფრო დიდი უბნები ჰქონდათ.
ნეანდერტალელებს ასევე უფრო დიდი თვალები ჰქონდათ, ვიდრე თანამედროვე ადამიანებს. მათ უფრო მასიური სხეულიც გააჩნდათ, ეს კი ნიშნავს, რომ მოტორიკისთვისაც ტვინში მეტი სივრცე დასჭირდებოდათ. შესაბამისად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ნეანდერტალელის ტვინში რთული კოგნიტიური ინფორმაციის დამუშავებისთვის ნაკლები სივრცე დარჩა.
თუმცა, ყველა ასე არ მიიჩნევს. არის კვლევები, რომლების მიხედვითაც, ნეანდერტალელებს კომპლექსური აზროვნების უნარი ჰქონდათ, ქმნიდნენ რთულ იარაღებს და გააჩნდათ ხელოვნებაც კი.
მკვლევრებმა ნეანდერტალელის ტვინის 3D რეკონსტრუქცია შეძლეს და ამით მათ ის ჩვენს ტვინს შეადარეს. კვლევამ აჩვენა, რომ ნეანდერტალელის ტვინში ნათხემს უფრო პატარა ადგილი ეკავა. ტვინის ეს უბანი დიდ როლს თამაშობს უმთავრესად მოძრაობათა კოორდინაციაში, სხეულის წონასწორობის, პოზისა და ტონუსის დაცვაში. მკვლევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ამან შეიძლება ნეანდერტალელების შემეცნებითი და სოციალური ფუნქციები შეაფერხა.
ასევე: როგორ ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები და როგორი იყო მათი ხის იარაღები
Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა ნეანდერტალელების დნმ-ის ნიმუშებიდან "მინი-ტვინის" ორგანოიდები შექმნეს. კვლევისას ნეანდერტალელების ტვინის ახალი უჯრედები უფრო ნელა განვითარდა, ვიდრე ეს ჰომო საპიენსის შემთხვევაში ხდება ხოლმე. შედეგად, მკვლევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ნეანდერტალელები გონებრივი შესაძლებლობებით მაინც ჩამოგვრჩებოდნენ.
კომენტარები