ასტრონომებმა პლუტონის ყინულოვან თანამგზავრზე ნახშირორჟანგი დააფიქსირეს
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახლო ინფრაწითელი სპექტროგრაფის (NIRSpec) მეშვეობით ასტრონომებმა პლუტონის უდიდეს თანამგზავრ ქარონის ყინულოვან ზედაპირზე ნახშირორჟანგი და წყალბადის პეროქსიდი აღმოაჩინეს. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ამ ციურ სხეულზე მიმდინარე ქიმიური პროცესები უკეთ შევისწავლოთ და მზის სისტემაში არსებული მსგავსი ყინულოვანი ობიექტების წარმოშობისა თუ ევოლუციის შესახებ მეტი შევიტყოთ.
ქარონი (შესაბამისად, პლუტონიც) ნეპტუნის მიღმა მდებარე, ანუ ტრანსნეპტუნურ, ობიექტებს შორისაა, რომლებიც ადრეული მზის სისტემის შესახებ ინახავს ინფორმაციას. NASA-ს მისია New Horizons-ის მონაცემების მიხედვით, მისი დიამეტრი 500-1700 კილომეტრია, რაც ნიშნავს, რომ ის საშუალო ზომისაა.
უფრო დიდი ციური სხეულებისგან განსხვავებით, მისი ზედაპირის გამოკვლევას მეთანის მსგავსი ჰიპერ-აქროლადი ყინულების ერთგვარი საბურველი არ უშლის ხელს. ამის გამო, 1978 წელს მისი აღმოჩენის შემდეგ დღემდე, ქირონს აქტიურად აკვირდებიან. ამ დრომდე იქიდან მომავალი არაუმეტეს 2.5 მიკრომეტრი ტალღური სიგრძის სინათლის სპექტრის დაფიქსირების საშუალება ჰქონდათ, ამიტომ ზედაპირის ზუსტი შედგენილობის დადგენა ვერ ხერხდებოდა. იდენტიფიცირებული იყო მხოლოდ წყლის ყინული, ამიაკი და ორგანული ნაერთები.
ვების ახლო ინფრაწითელი მგრძნობელობის წყალობით სპეციალისტებს ახლა უკვე 1.0-დან 5.2 მიკრომეტრამდე სიგრძის ტალღების გაანალიზების შესაძლებლობა მიეცათ. დამატებით მათ ლაბორატორიული ექსპერიმენტები ჩაატარეს და სპექტრული მოდელირების მეთოდიც გამოიყენეს. შედეგად, ქარონზე კრისტალიზებული წყლისა და ამიაკის არსებობა დადასტურდა, ნახშირორჟანგისა და წყალბადის პეროქსიდისა კი გამოვლინდა.
პლუტონის ბუნებრივ თანამგზავრზე წყალბადის პეროქსიდის დაფიქსირება ნიშნავს, რომ იქ წყლის ყინულის გადამუშავების პროცესი მიმდინარეობს, რაც დასხივების გავლენა უნდა იყოს. ნახშირორჟანგის წარმომავლობას კი სიღრმეში მდებარე რეზერვუარს უკავშირებენ, რომელიც იქ ფორმირების დროიდან იყო, თუმცა კრატერების წარმომქმნელი შეჯახებების გამო ზედაპირზე "მოშიშვლდა".
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communication გამოქვეყნდა.
კომენტარები