რა შეიძლება მოგვიტანოს ტვინის კომპიუტერთან შერწყმამ — ზეადამიანობის მიჯნაზე
დღეს ძალიან ბევრ ადამიანს საკუთარ სხეულზე კონტროლი არ გააჩნია. მხოლოდ აშშ-ში 5.4 მილიონი პარალიზის მქონე ადამიანი ცხოვრობს. ამის მიზეზი ძირითადად ინსულტი, გაფანტული სკლეროზი და ზურგის ტვინის დაზიანებაა.
ეს ძალიან მძიმე დაავადებებია, რა დროსაც მედიცინა ძირითადად უძლურია. ადამიანებს ამ მდგომარეობაში მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება უწევთ, რაც მათ დამოუკიდებლად გადაადგილებისა თუ ელემენტარულად კიდურების გამოძრავების საშუალებასაც არ აძლევს.
მიუხედავად ამისა, თანამედროვე მედიცინა დანებებას არ აპირებს და ამ მიმართულებით ჩვენ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.
შესაძლებლობა
დღეს უკვე გვაქვს ტვინის იმპლანტები, რომლებიც ტვინიდან მომავალ სიგნალებს იღებს და მათ აკონტროლებს. ასეთ მოწყობილობას შეუძლია მოქმედებაში მოიყვანოს რობოტის ხელი ან ეკრანის კურსორი. უფრო კონკრეტულად, ტვინში ჩაშენებული ნეირონული იმპლანტი ასრულებს მნიშვნელოვანი შუამავლის როლს გონებასა და კომპიუტერს შორის.
ასევე: ტვინის იმპლანტმა პარალიზებულ ადამიანს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი აღუდგინა
ასეთ დროს ზურგის ტვინსა და თავის ტვინს შორის დარღვეული კომუნიკაციის აღმდგენად ტექნოლოგია გვევლინება. მეტიც, ტვინის იმპლანტის გამოყენებით პარალიზებულ ადამიანს მხოლოდ ფიქრით შეუძლია ითამაშოს კომპიუტერული თამაშები, დაწეროს ტექსტი, გააგზავნოს შეტყობინება და სხვა.
მსგავსი ტექნოლოგიების შესახებ ადამიანების უმეტესობამ ილონ მასკის კომპანია — Neuralink-იდან იცის. ამ კომპანიის პირველი პაციენტი უკვე ბევრითვის კარგად ცნობილი ნოლანდ არბოა. მას პარაპლეგია, ანუ კიდურების დამბლა, დაივინგის დროს მიღებული დაზიანების გამო განუვითარდა.
მას შემდეგ რაც არბოს იმპლანტი ჩაუყენეს მან Nintendo-ს Mario Kart "ტელეპათიურად" ითამაშა.
ჩვენ ისიც ვნახეთ თუ როგორ თამაშობდა არბო ჭადრაკს.
მხოლოდ ეს არ არის, Neuralink-ის გარდა მსგავსი აქტივობით სხვა კომპანიებიც არის დაკავებული. ასეთია, მაგალითად, Blackrock Neurotech, რომელმაც ტექნოლოგია ადამიანის ტვინთან ბევრად ადრე დააკავშირა. ასევე, Neuralink-ზე ნაკლებად არაინვაზიური პროცედურა შეიმუშავა Precision Neuroscience-მა.
სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ტვინის ჩიპმა ლაპარაკის უნარის არმქონე კაცი "აამეტყველა". კაცს, რომელსაც ლაპარაკის უნარი ჰქონდა წართმეული, საკუთარი აზრების გადმოცემა უკვე ხმამაღლა შეუძლია, თავისივე ხმით. ეს ახალი BCI-ს, ანუ ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ინტერფეისის, დამსახურებაა.
ამისთვის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სპეციალური ტვინის ჩიპი შექმნეს, რომელიც ტვინიდან წამოსული სიგნალების ინტერპრეტაციას აკეთებს, შემდეგ კი კომპიუტერს რეალურ დროში "აკითხვინებს".
ეს სულაც არაა ერთადერთი ჩიპი, რომელიც ALS-ის მქონე პაციენტს კომუნიკაციაში დაეხმარა. მაგალითისთვის, გასულ წელს BCI ჩაუდგეს 36 წლის გერმანელ კაცს, რომელიც დაავადების გამო სრულად იყო პარალიზებული.
ტვინის იმპლანტების გამოყენება ისეთი დაავადებების წინააღმდეგაც შეიძლება, როგორიცაა ეპილეფსია. 13 წლის ოლან ნოულსონი პირველი მოზარდია, რომლის ორგანიზმშიც ეპილეფსიის საწინააღმდეგო ახალი ნეიროსტიმულატორი ჩანერგეს. მას 8-საათიანი ოპერაცია გასული წლის ოქტომბერში ჩაუტარდა, როცა 12 წლის იყო.
ბიჭს დღეში ასობით შეტევა ჰქონდა, სანამ ტვინში სპეციალურ მოწყობილობას ჩაუდგამდნენ. ოჯახი ამბობს, რომ ამ პროცედურის შემდეგ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
როგორ მოხდა ეს? — თავად 3.5-სანტიმეტრიანი სტიმულატორი თავის ქალაზე მაგრდება. ის ელექტროდებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ტვინის ღრმა რეგიონებშია ჩანერგილი, რათა კრუნჩხვებთან დაკავშირებული იმპულსები აღკვეთოს. მნიშვნელოვანია, რომ მის დასატენად გულ-მკერდის მიმდებარედ სადენების შეყვანა საჭირო არაა, რაც ინფექციის რისკს ზრდის ხოლმე.
გამოწვევები
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მსგავსი იმპლანტები ძირითადად მაინც ინვაზიურია, რაც ოპერაციის სირთულესთან არის დაკავშირებული. ამასთან, მსგავსი პროცედურები საკმაოდ ძვირი ჯდება და მისი ჩატარების ნებართვა მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ კომპანიებს აქვს.
ამ მიმართულებით ყველაზე პოპულარული კომპანია Neuralink-ია და მასაც კი, ჯერ მხოლოდ ორი პაციენტი ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ Neuralink-ის პირველ პაციენტს ჩიპის ჩადგმიდან რამდენიმე თვეში პრობლემები შეექმნა — იმპლანტმა გარკვეული ფუნქციები დაკარგა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, დღეს ეს პრობლემები უკვე აღმოფხვრილია და ნოლანდ არბო იმპლანტს კვლავ იყენებს, მაგრამ მაინც, ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, რომ სფერო ჯერ კიდევ ძალიან ახალია და ამ მიმართულებით ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.
მომავლის პერსპექტივები — ზეადამიანბის მიჯნაზე
და მაინც, შეუძლებელია არ დავინახოთ ის პროგრესი, რაც ამ მიმართულებით ბოლო რამდენიმე წელიწადში გვაქვს. დღეს ტვინის იმპლანტების გამოყენებით პარალიზებული ადამიანები საუბრობენ, ამოძრავებენ კიდურებს და გონებით ტექნოლოგიების კონტროლი შეუძლიათ.
ის, რაც დღეს პარალიზებული ადამიანისთვის ელემენტარული დამოუკიდებლობის შეძენის საშუალებაა, ხვალ ეს ყოველი ადამიანისთვის დამატებითი შესაძლებლობების მომტანია. დიახ, დღეს ამ ტექნოლოგიებით დაავადებებს ვებრძვით, მაგრამ ხვალ ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ტექნოლოგიები ბევრად მეტს, ზეარსებად ქცევის პერსპექტივას გვპირდება.
წარმოიდგინეთ მომავალი, რომელშიც ყველანაირ ტექნოლოგიას მხოლოდ ფიქრით აკონტროლებთ — ზუსტად ისე, როგორც საკუთარ სხეულს. ეს თქვენს შესაძლებლობებს კოლოსალურად გაზრდის. . . გაზრდის იმდენად, რომ ასეთ არსებას შეიძლება ადამიანზე ბევრად მეტი ვუწოდოთ.
კომენტარები