სინამდვილეში, წყალი უფერო არაა — აი, როგორი შეფერილობა აქვს მას
ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ წყალი უფერო, გამჭვირვალე, სითხეა, მაგრამ ეს ასე არაა.
თუ ბავშვს მის დახატვას სთხოვთ, აუცილებლად მოლურჯო შეფერილობით გამოსახავს და მართალიც იქნება — რეალურად, წყალს სწორედ ასეთი ელფერი დაჰკრავს. თუ რატომ, ამას ქვემოთ აგიხსნით.
სინათლე და ფერები
ობიექტის ან ნივთიერების ფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ხდება, როცა მას სინათლე ეცემა. მაგალითად, ზოგიერთი ზედაპირი იმიტომ ჩანს წითლად, რომ მისი მოლეკულები ხილული სინათლის ყველა სპექტრს შთანთქავს წითლის გარდა, ამიტომ ჩვენი თვალი ზუსტად ამ ფერს აღიქვამს.
ამაში მნიშვნელოვან როლს, ასევე, ატომის ბირთვში არსებული უარყოფითად დამუხტული ნაწილაკების, ელექტრონების, ურთიერთქმედება ასრულებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თავად სინათლის ნაწილაკებიც — ფოტონები.
ურთიერთქმედებები სხვადასხვაგვარია. სინათლე შეიძლება შთაინთქას, გამოიყოს, ნაწილობრივ აირეკლოს, გარდატყდეს ან დიფრაქცია განიცადოს. კიდევ არსებობს ერთი ფენომენი, რომელსაც რეილის გაფანტვა ეწოდება. ცის სილურჯე ან მოწითალო დაისი სწორედ ამის შედეგია.
ცის ფერს ფოტონთა სპექტრის მიხედვით მზის თეთრი სხივების სხვადასხვა კუთხით გაფანტვა განაპირობებს — მოლურჯოსი მეტად, ვიდრე წითლის. ცისფერი სინათლე ატმოსფეროში ნაკლებად გადაადგილდება, ამიტომ დღის განმავლობაში ზემოთ თუ ავიხედავთ, სწორედ ამ ფერს დავინახავთ. გამონაკლისი აისი და დაისია, როცა ატმოსფეროში სინათლე უფრო მეტად მოძრაობს. ამ დროს უკვე მოყვითალო-მოწითალო ელფერი ჭარბობს.
წყლის შეფერილობა
წყლის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ის ხილული სინათლის წითელ სპექტრს შერჩევითად შთანთქავს. კონკრეტული ტალღური სიგრძის მქონე სინათლე შთანთქმის პროცესში ამ სითხის მოლეკულების ვიბრირებას განაპირობებს.
შედეგად, წყლის სილურჯე ვიბრაციული ტრანზიციით ბუნებრივი ფერის მიღების ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი მაგალითია. სხვა შემთხვევებში ფერების უდიდესი ნაწილი ფოტონებისა და ელექტრონების ურთიერთქმედებას უკავშირდება.
შესაძლოა, ჭიქაში წყალი ლურჯად სულად არ აღიქმებოდეს, მაგრამ მისი შეფერილობა ზღვებისა და ოკეანეების სიღრმეში უკვე თავს იჩენს. იგივე ხდება ყინულისა და თოვლის შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ დიდი მოცულობით ეს ნაერთი საკმარის სინათლეს შთანთქავს, რათა სხვა სპექტრი გაფილტროს, მცირე მოცულობა კი მას ამის საშუალებას არ აძლევს.
კომენტარები