გამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო
ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი ადამიანებში პირველად ნამდვილად ქალაქ უხანში გავრცელდა. უფრო კონკრეტულად, ეს ზღვის პროდუქტების ბაზარ ჰუანანში დაიწყო და ახლა, იმის თქმაც შეგვიძლია, თუ რომელი ცხოველები ატარებდნენ ამ ვირუსს.
ამ მტკიცებულებას ბაზრის დახურვისთანავე აღებული მეტაგენომური რნმ-ის ახალი ანალიზიც ადასტურებს.
ვირუსის პირველი ნიშნები სწორედ ვუჰანში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციის დედაქალაქში გამოჩნდა. აწ უკვე ყველასთვის ცნობილი ბაზრის გარდა, ქალაქში ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ფუნქციონირებს, რომელშიც მეცნიერები კორონავირუსებს სწავლობენ.
ვირუსის იმავე ქალაქში გამოჩენამ, სადაც ვირუსოლოგიის ინსტიტუტია, ეჭვები გააჩინა, რომ დაავადებამ ლაბორატორიიდან გაჟონა. თუმცა, ამის დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ჰუანინის ბაზრობაზე ზოონოზური გადაცემისთვის შესაბამისი პირობები იყო.
ამ ყველაფერში მეტი სიცხადის შემოსატანად, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ შეგროვებული მონაცემების ახალი ანალიზი ჩაატარა.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის წარმოშობის შესახებ ჩატარებულა. მოხარულები ვართ, რომ ეს მონაცემები არსებობს და ახლა მათი გაზიარება შეგვიძლია", — აღნიშნა კვლევის ავტორმა ფლორენცია დებარემ, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრიდან (CNRS).
ბაზრის დახურვიდან მალე ადგილზე CDC-ის წარმომადგენლები შევიდნენ. ბაზარზე ცხოველები აღარ იყვნენ, მაგრამ მათ ნიმუშები ნარჩენებიდან აიღეს.
მკვლევრებმა ასევე გამოიყენეს მეტატრანსკრიპტომიური სეკვენირება და ყველა ეს ნიმუშები შეადარეს SARS-CoV-2-ის ადრეულ შემთხვევებს.
ჩინეთის CDC-ის გუნდმა თავისი დასკვნები Nature-ში 2023 წელს გამოაქვეყნა. მაშინ მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ კონკრეტულად რომელი ცხოველებიდან გავრცელდა დაავადება, მაგრამ მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ამან მკვლევრებს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა.
დებარემ, თავის კოლეგებთან ერთად, ვირუსის მტკიცებულება სადგომებში აღმოაჩინა — იქ, სადაც ცხოველები იყვნენ, მათ შორის ენოტის მაგვარი ძაღლები და ციბეტა. ზოგიერთ ნიმუშში ცხოველისა და SARS-CoV-2-ის გენეტიკური მასალა ერთდროულად იყო.
"ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ჯგუფის ადგილზე გამოჩენისას, ცხოველები იქ აღარ იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი მტკიცებულება არ გვაქვს, მაგრამ ცხოველების დნმ-სა და რნმ-იდან აღებულ ნიმუშებში ვხედავთ, რომ მათში SARS-CoV-2-ია. ეს სწორედ იმაზე უთითებს, რომ ბაზარზე პირველი ინფიცირებულები ცხოველები იყვნენ", — ამბობს დებარე.
კვლევამ ასევე ადრეული დღეების COVID-ის ვირუსული გენომების ევოლუციური ანალიზი მოიცვა, რითაც პანდემიის დაწყების კვალს ეძებდნენ.
"ჩვენი კვლევის მიხედვით, დაავადება სწორედ ბაზარში გაჩნდა და ის ცხოველებიდან უნდა წარმოშობილიყო", — აღნიშნულია კვლევაში.
დასკვნების საფუძველზე, მკვლევრებმა შეადგინეს ცხოველთა სახეობების მოკლე სია, რომლებიც, სავარაუდოდ, ვირუსის შუალედური მასპინძლები იყვნენ.
ნიმუშები ყველაზე მეტად ენოტისმსგავს ძაღლში (Nyctereutes procyonoides) და ჰიმალაურ ციბეტაში (Paguma larvata) იყო წარმოდგენილი.
მკვლევრების თქმით, ორივე ცხოველი დაკავშირებულია კიდევ ერთ კორონავირუს SARS-ის თავდაპირველ გავრცელებასთან. ცნობილია ისიც, რომ ენოტისმსგავსი ძაღლი COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ისადმი საკმაოდ მოწყვლადია.
კვლევა დაბეჯითებით ვერ იტყვის, რომ ეს ყველაფერი უშუალოდ ამ ცხოველებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამით კიდევ ერთი მზარდი მტკიცებულება გვაქვს, რომელთაგან ყველა ერთსა და იმავე სცენარზე მიუთითებს — ინფიცირებული ცხოველები უხანის ბაზარში 2019 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდნენ და სწორედ აქედან დაიწყო პანდემია.
კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები