"მადლობა მას [პრეზიდენტს] "სადილი ორისთვის", მაგრამ ალბათ კარგი იქნება "სადილი ყველასთვის", — ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედნის ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ 19 სექტემბერს განაცხადა.

ფორმულას ეთერში ცუცქირიძემ ისიც თქვა, რომ არაა ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ "ასეთი გაერთიანება არის მთავარი ამოცანისკენ სავალი ერთადერთი და საუკეთესო გზა".

"მე მოვიტყუები ვთქვა, რომ ახლა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ასეთი გაერთიანება არის მთავარი ამოცანისკენ სავალი ერთადერთი და საუკეთესო გზა, რომლისკენაც ყველს გვინდა, რომ მივიდეთ, ეს აირს ბიძა ივანიშვილის პარტიის დამარცხება და საქართველოს დემოკრატიისკენ და ევროპისკენ შემობრუნება", — განაცხადა ცუცქირიძემ.

გახდა თუ არა ცუცქირიძის აღნიშნული განცხადებები ხაზარაძე-გახარიას ორდღიანი მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, გუშინ, 19 სექტემბერს, კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ლიდერმა და პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთმა მონაწილემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი გახარიას მხრიდან გაერთიანების ჩაშლის "მთავარი არგუმენტი, ბატონი ცუცქირიძის მიერ ტელეკომპანია ფორმულასთვის მიცემული ინტერვიუ იყო, რაც ამ მოლაპარაკებებში არასერიოზულად გამოიყურება".

ფორმულას ეთერში ლევან ცუცქირიძის ინტერვიუს რომ დავუბრუნდეთ, ჟურნალისტმა სოფიო ხუნწარიამ თქვა, რომ საზოგადოებამ თავისუფლების მოედნის ფეისბუქ-სტატუსიდან ამოიკითხა, რომ თავისუფლების მოედანი წინააღმდეგია ამ გაერთიანების და ცუცქირიძეს ჰკითხა:

— ხართ თუ არა თანახმა გახარიას გუნდს შეუერთდეთ?

"მაგიდაზე სამუშაო ვარიანტები დევს, ამ სამუშაო ვარიანტებზე ვმსჯელობთ პრინციპებიდან გამომდინარე. მე მგონია, რომ ეს კოალიცია თუ გააგრძელებს გაფართოებას, ეს არ იქნება გაფართოების დასასრული. ვფიქრობ, კიდევ შემოგვიერთდება ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი საინტერესო პოლიტიკური ჯგუფიც.

…თავისუფლების მოედნისთვის“ მანდატების საკითხი ან ჩრდილოვანი კაბინეტის საკითხი არ ყოფილა ყველაზე მთავარი. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია საკითხები როგორც წარსულ, ისე მომავალ გეგმებზე. წარსული ეხება ადამიანის უფლებათა საკითხებს, დემონსტრაციებს, დემონსტრაციების დარბევის საკითხებს. მნიშვნელოვანია მომავლის საკითხები, როგორ ვხედავთ თეორიულ ერთობაში დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, როგორ ვხედავთ დამოუკიდებელ გამოძიებას, პარლამენტს...ამიტომ, აუცილებელია გაერთიანების შემთხვევაში ისეთი მექანიზმების შეთანხმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ამის გაკეთებას", — უპასუხა ლევან ცუცქირიძემ.

19 სექტემბერს. გიორგი გახარია დაადანაშაულა, ასევე, გაერთიანებაზე მოლაპარაკებების ჩაშლაში კოალიცია ძლიერი საქართველოს კიდევ ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოლაპარაკებები გიორგი გახარიამ ჩაშალა.

დოლიძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ საფუძველი დაუდო ახალ პოლიტიკურ კულტურას და მომავალში კოალიციურ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი.


შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე კოალიციას — ძლიერი საქართველოსთვის და გიორგი გახარიას პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის წინადადება გახარიამაც და ხაზარაძემაც მიიღეს, მაგრამ ორდღიანი მოლაპარაკებები გაერთიანების შესახებ არ შედგა.