ადამიანები შხამიან მშვილდ-ისრებს 54 000 წლის წინაც იყენებდნენ — კვლევა
ახალი კვლევის ავტორები ამბობენ, რომ შხამიანი იარაღი მონადირე-შემგროვებელთა არსენალში 54 000 წლის წინ შევიდა. თუ ეს დადასტურდება, აღმოჩენა მთლიანად შეცვლის ჩვენს გაგებას ქვის ხანის ნადირობის შესახებ.
ამჟამად, ევროპაში მშვილდ-ისრების გამოყენების ყველაზე ადრეული მტკიცებულება ჩრდილოეთ გერმანიაზე მოდის. აღმოჩენა 12 000 წლით არის დათარიღებული. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ადამიანებმა თავიანთ არსენალს მშვილდ-ისრები შემატეს.
თუმცა, ასეთი დასკვნების გაკეთება ნაჩქარევია, რადგან ხის მასალა მარტივად ნადგურდება და მისი კვალის აღმოჩენა რთულია. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მკვლევრებმა 500-ზე მეტი პალეოლითური ნამარხი შეისწავლეს. მთლიანობაში, კვლევამ 25 განსხვავებული ტერიტორია მოიცვა, რომლებიც დაახლოებით 14 000 წლითაა დათარიღებული.
აღსანიშნავია, რომ როდესაც საქმე შხამიან ისართან გვაქვს, მისი წვერი შედარებით პატარაა, რადგან მიზანი შხამის მსხვერპლის ორგანიზმში მოხვედრაა და არა მისი სასიკვდილოდ დაჭრა.
თავდაპირველმა კვლევამ აჩვენა, რომ უძველესი ისრები მინიმუმ 15 000 წლის წინანდელი იყო. ამის შემდეგ, მკვლევრებმა აფრიკაში აღმოჩენილი ისრებიც შეისწავლეს და კვლევამ აჩვენა, რომ ისინი კიდევ უფრო ძველია. მეტიც, სავარაუდოა, რომ მათზე შხამიც იყო წასმული.
რაც შეეხება საფრანგეთში აღმოჩენილ ნამარხებს, კვლევამ აჩვენა, რომ აქ კიდევ უფრო ძველი ისრებია. მკვლევრების თქმით, ამ ისრებს დაახლოებით 54 000 წლის წინ იყენებდნენ და მათზე შხამი იყო წასმული. ეს ნიშნავს, რომ მონადირე-შემგროვებლებმა ისრების გამოყენება და მათზე შხამის წასმა ათობით ათასი წლით ადრე დაიწყეს, ვიდრე ეს ჩვენ აქამდე გვეგონა.
კვლევა ჟურნალ Archaeological Science: Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები