ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსული პრესა ეხმაურება
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულების შემდეგ, როცა "ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან", ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ "მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე აქტიურად წერს რუსული მედია.
"საქართველო პირობას დებს, რომ 2008 წლის ომის გამო ბოდიშს მოიხდის" — ამ სათაურის სტატიას აქვეყნებს gazeta.ru.
"ქართული ოცნების დამფუძნებელი პირობას დებს, რომ სამხრეთ ოსეთთან ომის გამო, საქართველო ბოდიშს მოიხდის“, — წერს rbc.ru.
"26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ბოდიშს მოიხდის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში გაჩაღებული ომის გამო", — კრემლის პროპაგანდული მედია TASS ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს ციტირებს.
ტელეგრამ-არხზე პუტინის მხარდამჭერი ჟურნალისტი, აშშ-ის მიერ სანქცირებული მედია Russia Today-ის რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი წერს, რომ "საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა".
"საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა. თითქოს, მრავალწლიანი ლოთობიდან და ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით!" — დაწერა სიმონიანმა.
კომენტარები