არა სიცოცხლე. არა სიკვდილი. არამედ რაღაც სხვა — რა არის "მესამე მდგომარეობა"
ერთი შეხედვით, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მკაფიო ზღვარია გავლებული, მაგრამ ბოლო დროს მეცნიერებაში ე.წ. მესამე მდგომარეობას უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. ესაა მდგომარეობა, რომლის დროსაც მკვდარი ორგანიზმის შემადგენელი უჯრედები სიცოცხლეს განაგრძობენ.
"სიცოცხლე და სიკვდილი, ტრადიციულად, ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებებად აღიქმება. ამის მიუხედავად, მკვდარი ორგანიზმიდან ახალი მრავალუჯრედიანი სიცოცხლის ფორმების წარმოშობა 'მესამე მდგომარეობას' გვთავაზობს, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნის მიღმაა", — ამბობს მიკრობიოლოგი პიტერ ნოუბელი, რომელმაც ეს საკითხი კოლეგა ალექს პოჟიტკოვთან ერთად გააანალიზა.
მათი კვლევის მთავარი კითხვაა: კვდება კი ჩვენი უჯრედები, როცა ვიხოცებით? ამაზე პასუხი ისაა, რომ შესაძლებელია, ასე სულაც არ მოხდეს, რასაც ორგანების, ქსოვილებისა თუ უჯრედების ტრანსპლანტაციაც ადასტურებს. სათანადო გარემოში ზოგიერთ უჯრედს გაზრდა და მრავალუჯრედიან ორგანიზმად ჩამოყალიბებაც შეუძლია, რითაც ახალ ფუნქციას იძენს.
მაგალითად, 2021 წელს მეცნიერებმა აღწერეს, თუ როგორ მიიღეს ბაყაყის მკვდარი ემბრიონებისგან სპონტანურად რეორგანიზებული მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, რომელთაც ქსენობოტები ეწოდებათ. ისინი გარემოში თმის მსგავსი შვერილებით გადაადგილდებიან და სტრუქტურისა თუ ფუნქციის აღდგენას ზრდის გარეშე ახერხებენ. ამ პროცესს კინემატიკური თვითრეპლიკაციის სახელით ვიცნობთ. იგივეა დაფიქსირებული ადამიანის ფილტვის უჯრედების შემთხვევაშიც, რომლებიც მინიატიურულ მრავალუჯრედიან ორგანიზმებად, ანთობოტებად, იქცევა.
მაინც როგორ გრძელდება უჯრედების სიცოცხლე სხეულის სიკვდილის შემდეგ?
"ერთი ჰიპოთეზის თანახმად, უჯრედების გარე მემბრანაში არსებული სპეციალური არხები და ცილები რთული ელექტრული წრედების ფუნქციას ასრულებს. ისინი სიგნალებს წარმოქმნის, რომლებიც უჯრედებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და სპეციფიკური ქმედებების შესრულების საშუალებას აძლევს, როგორიც ზრდა და მოძრაობაა. ამით მათ მიერ ფორმირებული ორგანიზმის სტრუქტურა ყალიბდება", — აცხადებენ მეცნიერები.
მიუხედავად იმისა, რომ "მესამე მდგომარეობაზე" ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს, მკვლევრები ამბობენ, რომ მისი გამოყენება მედიცინაშია შესაძლებელი. მაგალითად, მათი მეშვეობით შეგვიძლია, პრეპარატი სხეულის კონკრეტულ არეალებამდე მივიტანოთ.
"მეტაბოლიზმითა და გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორებით განპირობებული გადარჩენის მექანიზმების შესწავლას რეგენერაციულ მედიცინაში რევოლუციის მოხდენა შეუძლია. ასევე, 'ლეგალური სიკვდილის' კონცეფციის განმარტების შეცვლა და სიცოცხლის ფიზიოლოგიური საზღვრების შესახებ ინფორმაციის მოწოდება", — ამბობს ნოუბელი.
15 წელია, ის და პოჟიტკოვი ამ საკითხს იკვლევენ. 2017 წლის ნაშრომის ფარგლებში მათ მკვდარი თევზი დანიო-რერიო და თაგვები შეისწავლეს. შედეგად აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი mRNA-ს კოპირების უნარი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ორგანიზმი მოკვდა. ეს სხვა ინსტიტუტებმაც დაადასტურეს. გაირკვა ისიც, რომ სიკვდილის შემდეგ ზრდას ადამიანის ტვინის უჯრედებიც განაგრძობს.
და მაინც, ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში მათზე პასუხის გაცემას შეძლებენ და თავად სიცოცხლის საიდუმლოსაც ამოხსნიან. მათი ნაშრომი გამოცემაში Physiology გამოქვეყნდა.
კომენტარები