ქართველი ავტორი, რომლის წიგნიც 19 ქვეყანაში გამოიცა
"ღია ბარათი საქართველოზე", — ასე აფასებენ რამდენიმე თვის წინ გამოცემულ წიგნს სახელად ერთი დიდი ტყის მახლობლად, რომლის ავტორიც ქართული წარმოშობის ინგლისურენოვანი ავტორი, ლეო ვარდიაშვილია.
ავტორის შესახებ
ლეო თბილისში, სოლოლაკში დაიბადა. 90-იან წლებში საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. მაშინ 12 წლის იყო. როგორც შემდეგ წლებში იხსენებს, თავდაპირველად ლონდონში ცხოვრება ძალიან გაუჭირდა. გაკვეთილებზე კლასის ბოლოში, ლექსიკონით ხელში იჯდა და სიტყვების მნიშვნელობების გაგებას ცდილობდა. თუმცა, ამგვარი ბარიერებიც მალე გადალახა და დედოფალი მერის სახელობის უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის სწავლა დაიწყო.
ამბობს, რომ მწერლობა ყოველთვის სურდა, ამიტომ თავის დაწერილ მოთხრობებს ხშირად სხვადასხვა ონლაინ ჟურნალებს უგზავნიდა.
ერთი დიდი ტყის მახლობლად ავტორის სადებიუტო რომანია, რომელზეც ის 6-ზე მეტი წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი თქმით, წერას მხოლოდ საღამოს საათებში, სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ახერხებდა.
ერთი დიდი ტყის მახლობლად
რომანზე მუშაობა 2022 წელს დაასრულა. მისმა აგენტმა, სარამ, ის ლონდონის წიგნის ფესტივალზე წარადგინა. ბრიტანულმა გამოცემლობამ, Bloomsbury Books-მა წიგნი 2024 წლის 30 იანვარს გამოსცა. დღეს კი უკვე 17-მდე ენაზეა თარგმნილი, მათ შორის, ქართულადაც.
სიუჟეტი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. მთავარი გმირი საბა სულიძე-დონაურია, რომელიც ინგლისში 1992 წელს, მამასთან და ძმასთან ერთად მიდის. წლების შემდეგ ჯერ მამა, შემდეგ კი ერთ-ერთი ძმა, სანდრო, საქართველოში ბრუნდებიან. თუმცა, მათთან კონტაქტი წყდება. ამიტომ, საბა სულიძე-დონაური სამშობლოში ოჯახის წევრების საძებნელად ბრუნდება. სწორედ აქ იწყება ძალიან ჩამთრევი და საკმაოდ მძაფრსიუჟეტიანი თავგადასავალი, რომელიც ჰენზელისა და გრეტელის ისტორიას ემსგავსება.
მსოფლიო აღიარება
რომანს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მის შესახებ წერდნენ ისეთი გამოცემები, როგორიცაა The New York Times, The Guardian, Los Angeles Times და სხვა. გავლენიანმა ბრიტანულმა გაზეთმა, The Observer-მა კი ლეო ვარდიაშვილი 2024 წლის 10 საუკეთესო დებიუტანტ რომანისტს შორის დაასახელა.
"ამ რომანმა გამანადგურა. სუნთქვა მეკვროდა, ვიცინოდი და ვტიროდი", — ასე იხსენებს ლეო ვარდიაშვილის რომანის კითხვის პროცესს ავღანური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მწერალი, ხალიდ ჰოსეინი.
ლეო ვარდიაშვილი ამბობს, რომ წიგნის დაწერის ბიძგი, წლების შემდეგ, საქართველოში დაბრუნება იყო.
შეიძლება ითქვას, ავტორმა ამ რომანით თავის მიზანს მიაღწია. ახლა კი მეორე წიგნზე მუშაობს.
ამასთან ერთად, ის თბილისის მე-9 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ერთ-ერთი სტუმარია და საქართველოს მალე კიდევ ერთხელ ეწვევა. გაიმართება წიგნის პრეზენტაციაც, რომლის ანონსის სანახავადაც, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სულაკაურის გამომცემლობის გვერდს.
კომენტარები