ახალი კვლევის მიხედვით, ირმის ნახტომისა და ანდრომედას გალაქტიკის შეჯახება უკვე დაწყებულია
გალაქტიკები გაზისა და მტვრის ნისლითაა გარშემორტყმული. მატერიის ამ ფენას ცირკუმგალაქტიკური გარემო (CGM) ეწოდება და ეს ჰალო ზოგჯერ იმდენად დიდია, რომ სწორედ მასზე მოდის გალაქტიკის ხილული მასის 70%.
მიუხედავად ამისა, ამ გარემოს შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ეს ართულებს იმის გაგებას, თუ სად მთავრდება ერთი გალაქტიკის კიდე და სად იწყება მეორისა.
ერთი კონკრეტული გალაქტიკის (IRAS08) გამოკვლევამ, რომელიც ჩვენგან 270 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული ცხადყო ურთიერთქმედებები ასეთ გარემოსა და გალაქტიკის კაშკაშა დისკოს შორის. ეს მკვლევრებს გალაქტიკის საზღვრის გამოკვლევაში დაეხმარა. შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გალაქტიკა იმაზე უფრო შორს არის გადაჭიმული, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა.
ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ ირმის ნახტომსა და ანდრომედას გალაქტიკას შორის შეჯახება უკვე დაწყებულია. ყოველ შემთხვევაში, გალაქტიკების ცირკუმგალაქტიკური გარემოს მასშტაბებით.
ავსტრალიელმა და ამერიკელმა ასტრონომებმა კეკის ობსერვატორიის ინსტრუმენტით პატარა სპირალურ გალაქტიკას რამდენიმე სურათი გადაუღეს.
გალაქტიკების ასეთი გარემოს წინა კვლევები შავი ხვრელების მიერ მატერიის შთანთქმის შედეგად წარმოქმნილ სინათლეს სწავლობდა. ასეთ დროს ჰალოების უმეტესი ნაწილი მაინც უხილავი რჩებოდა.
ამჯერად, მკვლევრებმა გალაქტიკის მანათობელი დისკოს მიღმა, 90 000 სინათლის წლის რადიუსის სივრცე შეისწავლეს.
გადაღებულ სურათზე გამოსახულია ნეიტრალური წყალბადის გაზის ძაფი, რომელიც IRAS08-ს კიდევ უფრო პატარა მეზობელ გალაქტიკასთან აკავშირებს. მოულოდნელი იყო ის, რომ წყალბადის ელექტრონები დააფიქსირეს უფრო მძიმე ელემენტებთან.
"ის ყველგან იყო, რაც მართლაც ამაღელვებელი და გასაკვირია", — აღნიშნა კვლევის ავტორმა, ნიკოლე ნილსენმა.
გალაქტიკათშორის სიცარიელეში მყოფ ატომებს გათბობის მხოლოდ ორი წყარო აქვს. პირველი ეს შორეულ გალაქტიკათა ვარსკვლავების ფერმკრთალი სინათლეა, ხოლო მეორე სხვა ატომებთან შემთხვევითი შეჯახებაა.
"ცირკუმგალაქტიკურ გარემოში გაზს რაღაცა სხვა აცხელებს. ეს საინტერესო ფაქტორია, რომელიც გარკვეულ პასუხებს გვთავაზობს იმაზე, თუ სად შეიძლება მთავრდებოდეს გალაქტიკა", — თქვა ნილსენმა.
ეს აღმოჩენა არა მხოლოდ უკეთ განსაზღვრავს იმას, თუ რა არის გალაქტიკა, არამედ გვეუბნება იმასაც, თუ სადამდე ვრცედება და ერთიანდება ჰალოები.
ჩვენ ირმის ნახტომის სიღრმეში ვცხოვრობთ, ამიტომ რთულია ზუსტად განვსაზღვროთ, სადამდე ვრცელდება გალაქტიკის საზღვრები. ბოლო დასკვნებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს კიდეები ახლა ანდრომედას გალაქტიკის კიდეებს ერწყმის.
"ამ მონაცემებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ჩვენი გალაქტიკისა და ანდრომედას კიდეები უკვე ერთმანეთს ეჯახება", — თქვა ნილსენმა.
კვლევა ჟურნალს Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები