არის თუ არა ღვინოში ჭეშმარიტება, ანუ რამდენად ვართ უფრო გულწრფელები თრობისას?
ალბათ, გსმენიათ ლათინური ფრაზა In vino veritas, რაც ქართულად ნიშნავს — "ღვინოშია ჭეშმარიტება". მაინც რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? არის კი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ადამიანი ჩვეულებრივზე მეტად გულწრფელი?
მეცნიერება ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი "კიც" არის და "არაც".
"ალკოჰოლი გვიბიძგებს, რომ რაც კი თავში მოგვივა, ის ვთქვათ. ზოგ შემთხვევაში ეს სიმართლის თქმას ნიშნავს, მაგრამ ზოგჯერ იმას ვაჟღერებთ, რაც თრობისას მიგვაჩნია სიმართლედ", — აცხადებს ალკოჰოლიზმის კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიისა და ბიომეტრიის განყოფილების ხელმძღვანელი, აარონ უაიტი.
ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს რაიმე "ჭეშმარიტებად" მოეჩვენოს, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში ეს სერიოზულად არც კი აღიქვას.
არაერთი კვლევაა ჩატარებული იმაზე, თუ რა გავლენა აქვს ალკოჰოლს ჩვენს ემოციებზე, შემეცნებით პროცესებსა და პიროვნულ მახასიათებლებზე. მაგალითად, 2017 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერები გვიყვებიან, როგორ იმოქმედა ლიმონათში გარეული არყის მიღებამ ადამიანებზე მას შემდეგ, რაც მათ სისხლში ალკოჰოლის შემცველობამ 0.09%-ს მიაღწია. გარე დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ამ ცდისპირებში ყველაზე მკაფიო ცვლილება მეტი გახსნილობა იყო.
მეცნიერები ამბობენ, რომ ალკოჰოლი ჩვენს ემოციებს ამძაფრებს. თრობისას ადამიანი ზოგჯერ უფრო მეტს იცინის და სასიამოვნო კომუნიკაციის დროს ხმამაღლა ლაპარაკობს, ზოგჯერ კი ტირის. რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში მოსალოდნელია, რომ სხვებს გულწრფელი მოსაზრებები გავუზიაროთ, მაგრამ არაა გამორიცხული, ისიც ვთქვათ, რასაც, რეალურად (ფხიზელ გონებაზე ყოფნისას), არ ვფიქრობთ, ან მოგვიანებით ვინანებთ. ეს ქცევებსაც ეხება, რადგან მეტად იმპულსურები ვხდებით.
"ვინაიდან ალკოჰოლს ჩვენი ფიქრებისა და გრძნობების შეცვლა შეუძლია, გასაკვირი არაა, რომ ის ქცევასაც ცვლის, რომელიც ალკოჰოლის გავლენით უფრო ექსტრემალური ხდება", — ამბობს ფსიქოლოგი მაიკლ სეიტი.
ეს იმიტომ ხდება, რომ ალკოჰოლი ტვინის პრეფრონტალურ ქერქში სიგნალებს ახშობს, აღნიშნული რეგიონი კი სწორედ იმპულსებსა და ქცევაზეა პასუხისმგებელი. ასევე, მსგავსი სასმელი ტვინის ნუშისებრ სხეულზეც ზემოქმედებს, რომელიც შიშის გრძნობასთან და შფოთვასთან ასოცირდება. სიფხიზლეში ის ერთგვარ გამაფრთხილებელ სიგნალებს გზავნის და ისეთი რაღაცების გაკეთებისგან ან თქმისგან გვაკავებს, რასაც შესაძლოა, ცუდი შედეგები მოჰყვეს. თრობისას ეს სტრუქტურა ამას სათანადოდ ვეღარ ახერხებს.
საბოლოოდ, მეცნიერები ამბობენ, რომ ალკოჰოლი "სიმართლის ელექსირი" არაა, მაგრამ რიგ შემთხვევებში გულწრფელობისკენ ნამდვილად გვიბიძგებს.
კომენტარები