Polaris Dawn მისიის გაშვება 30 აგვისტომდე არ იგეგმება — რა უნდა ვიცოდეთ მასზე
ილონ მასკის კომპანია SpaceX ისტორიულ მისიას იწყებს და კოსმოსში ასტრონავტების გაშვებას აპირებს.
ამ მისიას Polaris Dawn ეწოდება. მის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე 4 ადამიანი გაემგზავრება SpaceX Crew Dragon კაფსულით. კოსმოსში კაფსულს Falcon 9 სერიის ერთ-ერთი რაკეტა აიტანს. Polaris Dawn დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში შემოუვლის ჩვენს პლანეტას.
Polaris Dawn-ის გაშვებას თავიდან 26 აგვისტოს აპირებდნენ NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან (ფლორიდა), თუმცა დამატებითი შემოწმების მიზნით SpaceX-მა იგი ერთი დღით გადაავადა. 27 აგვისტოს აღმოჩნდა, რომ ჰელიუმმა გაჟონა, ამიტომ მისიის გაშვება 28 აგვისტოსთვის გადადეს. ეს გეგმა ამჯერად უკვე ამინდმა ჩაშალა.
"Dragon-ის დაჯდომის არეალში, ფლორიდის სანაპიროებთან ახლოს, ცუდი ამინდია მოსალოდნელი, ამიტომ Polaris Dawn-ის ფარგლებში Falcon 9-ს გაშვება დღეს და ხვალ აღარ იგეგმება. გუნდები გააგრძელებენ ამინდის მონიტორინგს, რათა დაადგინონ, როდის იქნება გაშვებისა და დაბრუნებისთვის შესაბამისი პირობები", — დაწერა SpaceX-მა.
მისიის ეკიპაჟის წევრები არიან: მეთაური ჯარედ აიზეკმენი, პილოტი სკოტ პოტიტი და მისიის სპეციალისტები — სარა გილისი და ანა მენონი. აიზეკმენი მილიარდერი მეწარმეა, რომელიც მისია Polaris Dawn-ს აფინანსებს; პოტიტი აშშ-ის საჰაერო ძალების ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკია, გილისი და მენონი კი SpaceX-ის ინჟინრები არიან.
მისია ისტორიული იქნება რამდენიმე მიზეზის გამო. აიზეკმენი და გილისი პირველი ადამიანები იქნებიან, რომლებიც ღია კოსმოსში კერძო მისიის ფარგლებში გავლენ; ამასთანავე, Polaris Dawn-ის ფარგლებში Dragon დაახლოებით 1 400 კილომეტრი სიმაღლეზე ავა — ეს ეკიპირებული მისიისთვის ყველაზე დიდი სიმაღლეა Apollo-ს დროიდან მოყოლებული.
Polaris Dawn მისია პოტიტისთვის, გილისისა და მენონისთვის პირველი კოსმოსური ფრენა იქნება. აიზეკმენი ორბიტაზე 2021 წლის სექტემბერში გაფრინდა SpaceX-ის პირველი მისიის (Inspiration4) ფარგლებში. მილიარდერმა აღნიშნული მისიაც დააფინანსა და იმავეს აპირებს Polaris Dawn-ის შემდგომი ორი მისიის შემთხვევაშიც.
SpaceX-ს ჯერ არ დაუკონკრეტებია, როდის იგეგმება Polaris Dawn-ის გაშვება, თუმცა, კომპანიის პოსტით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე ადრე ეს 30 აგვისტოს არის მოსალოდნელი. მისიის გაშვების შესახებ ჩვენი ვებსაიტიდან აუცილებლად შეიტყობთ.
კომენტარები