"კონფლიქტის დროული, მტკიცე და მშვიდობიანი გადაჭრის მიმართ ინდოეთის მყარი მხარდაჭერა ხელახლა გავიმეორე", — ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იგი უკრაინასთან ომის დროულ, მშვიდობიან გადაჭრას ემხრობა.

პუტინსა და მოდის შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც 23 აგვისტოს მოდი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მოდის თქმით, იგი პუტინს რუსეთ-ინდოეთს შორის პარტნიორობის გაძლიერების გზებზე ესაუბრა, თუმცა, რუსულ მხარეს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით დეტალები არ გაუვრცელებია.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უკრაინასა და რუსეთს კონფლიქტის "მშვიდობიანი" გზით გადაჭრისკენ მოუწოდა.

"წინა თვეში, როდესაც რუსეთს ვესტუმრე, მე ძალიან ცხადად ვუთხარი პუტინს, რომ პრობლემები ბრძოლის ველზე ვერ გადაიჭრება. პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და დიპლომატიაა", — განაცხადა ინდოეთის პრემიერმა უკრაინაში გამართულ შეხვედრაზე.