ახალი მტკიცებულების თანახმად, ევროპაში კოკაინს მე-17 საუკუნეში უკვე მოიხმარდნენ
მილანის უნივერსიტეტში ბიომედიცინისა და მედიცინის განხრით მომუშავე სპეციალისტებმა, კოლეგებთან ერთად, მე-17 საუკუნის ევროპაში ადამიანთა მიერ კოკაინის მოხმარების მტკიცებულებას მიაკვლიეს.
მეცნიერებმა ამ ფსიქოაქტიური ნივთიერების კვალს მილანში მდებარე სამარხში აღმოჩენილი ორი ინდივიდის მუმიფიცირებულ ტვინში მიაგნეს. ისინი Ca' Granda-დ წოდებულ ადგილას იყვნენ დასაფლავებულნი, რომელსაც აღნიშნული მიზნით ახლომდებარე და იმ დროს კარგად ცნობილი საავადმყოფო Ospedale Maggiore იყენებდა.
აქამდე ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ ათასობით წლის განმავლობაში სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები ადამიანები მასტიმულირებელი ეფექტის მისაღებად მცენარე კოკას ფოთლებს ღეჭავდნენ. მხოლოდ მე-19 საუკუნეში გავიგეთ, რომ მისი ფოთლების დამუშავებით კოკაინის ჰიდროქლორიდული მარილები მიიღება.
მე-19 საუკუნიდან ის, როგორც ნარკოტიკი, ევროპაში ნელ-ნელა გავრცელდა. ამის მიუხედავად, ახალი კვლევა ადასტურებს, რომ მას ამ რეგიონში თითქმის 200 წლით ადრე უკვე მოიხმარდნენ.
რაც შეეხება ზემოხსენებულ ორ ინდივიდს, მათ მუმიფიცირებულ სხეულებს მაშინ მიაგნეს, როცა Ca' Granda-ში დასაფლავებული ადამიანების ნაშთებს იკვლევდნენ. ორივე მათგანის ტვინის შესწავლამ აჩვენა, რომ იქ მცენარე კოკას აქტიური კომპონენტები იყო შემორჩენილი. აქედან ასკვნიან, რომ ისინი მის ფოთლებს ღეჭავდნენ.
ავტორებმა მეტის გასაგებად Ospedale Maggiore-ს ფარმაკოლოგიური ჩანაწერებიც გააანალიზეს, მაგრამ სამედიცინო მიზნით კოკაინის ან კოკას გამოყენების შესახებ ვერაფერი იპოვეს. შესაბამისად, ეს ორი ადამიანი მცენარის ფოთლებს სხვა მიზნით ღეჭავდა. მათი სამარხების მდებარეობა კი მიანიშნებს, რომ დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ, ანუ მცენარის ფოთლები ძვირადღირებული არ უნდა ყოფილიყო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Archaeological Science გამოქვეყნდა.
კომენტარები