მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ორ სხვადასხვა კონტინენტზე დინოზავრთა თითქმის იდენტურ ნაკვალევს მიაგნო.

ბრაზილიისა და კამერუნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე პალეონტოლოგებმა საერთო ჯამში 260-ზე მეტი ნაფეხური აღმოაჩინეს. ეს მიანიშნებს იმ პერიოდზე, როდესაც ამ ცხოველებს სამხრეთ ამერიკასა და აფრიკას შორის თავისუფლად გადაადგილება შეეძლოთ, სანამ კონტინენტები გაიხლიჩებოდა.

"გავარკვიეთ, რომ ამ ნაკვალევების ასაკი ურთიერთმსგავსია. ერთნაირია მათი გეოლოგიური და ფილების ტექტონიკასთან დაკავშირებული მახასიათებლებიც, ფორმები კი თითქმის იდენტურია", — აცხადებენ ავტორები.

ფოტო: Ismar de Souza Carvalho

მათ მიერ მიკვლეული ნაფეხურები ძველი მდინარეებისა და ტბების გასწვრივაა შემონახული, ხოლო ნიმუშების კონტინენტთაშორისი დაშორება 6 000 კილომეტრს აღემატება. ისინი 120 მილიონი წლის წინ მცხოვრები დინოზავრების მიერაა დატოვებული, რომელთა დროსაც დედამიწაზე ერთი სუპერკონტინენტი არსებობდა — გონდვანა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ხმელეთის ამ უზარმაზარ ერთობლიობაზე ამჟამინდელი აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის დამაკავშირებელი უადრესი და უვიწროვესი გზა ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიის მიმდებარე არეალი იყო, რომლის მოპირდაპირედაც დღევანდელი კამერუნის სანაპიროა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს რეგიონები დანაწევრებული არ იყო, ცხოველებს ერთიდან მეორეში გადაადგილება უნდა შესძლებოდათ.

როგორც ცნობილია, ნაკვალევის უდიდესი ნაწილი თეროპოდებს ეკუთვნით. ვარაუდობენ, რომ ზოგი ნაფეხური ზავროპოდების ან ფრინველმენჯა დინოზავრების მიერაა დატოვებული.

აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის განცალკევების პროცესი დაახლოებით 140 მილიონი წლის წინ დაიწყო, როცა მათ შორის ერთგვარი ნაპრალები, რიფტები, გაჩნდა. მათ ქვეშ ტექტონიკური ფილების გახლეჩამ ზედაპირზე მაგმას უბიძგა და ახალი ოკეანური ქერქი წარმოქმნა. შედეგად, ორი დამოუკიდებელი კონტინენტი მივიღეთ, რომელთა შუაშიც სამხრეთ ატლანტის ოკეანეა.

აღსანიშნავია, რომ მილიონობით წლის წინ მომხდარი ამ მასშტაბური ცვლილების ნიშნები დღემდე შეინიშნება იმ ადგილების მახლობლად, სადაც დინოზავრების ნაკვალევს მიაგნეს. ადრე იქ მდინარეები და ტბები იყო, რომელთა დანალექიც შემონახულია.

ახალი ნაშრომი გამოცემაში New Mexico Museum of Natural History & Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.