კოსმოსში რვა დღით გაშვებული ასტრონავტები, შესაძლოა, 2025 წლამდე ვერ დაბრუნდნენ
ასტრონავტები, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) რამდენიმე დღით გაემგზავრნენ, შეიძლება იქ ბევრად დიდხანს დარჩნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 8 დღის მაგივრად, ასტრონავტები, შესაძლოა, კოსმოსურ სადგურზე 2025 წლამდე გაჩერდნენ.
ყველა NASA-ს საბოლოო სიტყვას ელოდება, მაგრამ კოსმოსურმა სააგენტომ გადაწყვეტილება კვლავ ვერ მიიღო. NASA-ში ამბობენ, რომ ამაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას აგვისტოს ბოლოსთვის მიიღებენ.
ცნობისთვის, სუნ უილიამსი და ბუჩ ვილმორი 5 ივნისს Boeing Starliner-ის საფრენი აპარატით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) გაემგზავრნენ. ისინი დედამიწაზე რვა დღის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყვნენ.
სამწუხაროდ, მისიის პერიოდში, საფრენ აპარატს ბევრი პრობლემა შეექმნა, რამდენიმე ძრავა ექსპლუატაციიდან გამოვიდა და მოხდა საწვავის გაჟონვაც. ეს კი ნიშნავს, რომ ორი ასტრონავტი დედამიწაზე დროულად ვეღარ დაბრუნდება და შესაბამისი პროცედურების ჩატარებამდე ისინი ISS-ზე უნდა იყვნენ.
დედამიწაზე დაბრუნების ერთ-ერთი ალტერნატიული გზა SpaceX-ის ხომალდის გამოყენებაა. ასეთ შემთხვევაში დაბრუნება შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი, თუმცა შეიძლება ესეც ვერ მოხერხდეს და ასტრონავტები ISS-ზე 2025 წლამდე დარჩნენ.
NASA-ს ოფიციალური პირების განცხადებით, თუ ასტრონავტები SpaceX-ის ხომალდით შემოდგომაზე დაბრუნდებიან, მათ ამისთვის სპეციალური ეკიპირება დასჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ასტრონავტებს ასეთი ეკიპირება არ აქვთ.
შესაბამისად, საჭირო იქნება ასტრონავტებისთვის ასეთი ეკიპირების მიწოდება. ყველაფერ ამას კი 8 თვე დასჭირდება.
კომენტარები