შორეულ კუნძულზე მიაკვლიეს ძვალს, რომელიც ჰობიტის მსგავს არსებას ეკუთვნოდა
საუბარია თანამედროვე ადამიანის უძველეს ნათესავზეც, ჰომო ფლორესიენსისზე.
ინდონეზიაში მდებარე ტროპიკულ კუნძულზე არქეოლოგებმა ძვლის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. უჩვეულო ისაა, რომ იგი ადამიანის მსგავს ზრდასრულ არსებას ეკუთვნოდა, რომელიც სულ რაღაც ერთი მეტრი სიმაღლისა იყო.
საუბარია სახეობა ჰომო ფლორესიენსისზე (Homo floresiensis) — თანამედროვე ადამიანის უძველეს ნათესავზე, რომელსაც პატარა სხეულის ქონის გამო ჰობიტი შეარქვეს. აღმოჩენა სწორედ ამ სახეობის ევოლუციაზე გვაწვდის ღირებულ ინფორმაციას.
ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
არქეოლოგებმა ჰომო ფლორესიენსისის არსებობის პირველ მტკიცებულებას 2004 წელს მიაკვლიეს. ეს პირველი მინიშნება იყო ადამიანის უცნობი, გადაშენებული სახეობის არსებობისა, რომელიც ფლორესის კუნძულზე, ინდონეზიაში, 18 ათასი წლის წინ ცხოვრობდა.
არქეოლოგების თეორიით, ეს ჰობიტები კიდევ უფრო პატარა ჰომინინებისგან წარმოიშვნენ, რომელთაც ე. წ. კუნძულის დვარფიზმი გამოიარეს. სხვა სიტყვებით, როცა სახეობა შორეულ, იზოლირებულ კუნძულზე ან ტერიტორიაზე ხვდება, გენეტიკური მრავალფეროვნება იზღუდება; საკვებისა თუ მტაცებელთა ნაკლებობის გამო მათი სხეულის ზომა მცირდება.
მკვლევრებმა ამჯერად მკლავის ძვალი აღმოაჩინეს, რომელიც ზრდასრულ ჰომო ფლორესიენსისს ეკუთვნოდა. იგი იმაზე დაახლოებით 9-16%-ით პატარა აღმოჩნდა, ვიდრე იმავე სახეობის აქამდე აღმოჩენილი ნაწილი. ძვალი, რომელსაც ახლახან მიაკვლიეს, დაახლოებით 700 ათასი წლისაა, ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ჰომო ფლორესიენსისის წინაპრები დროთა განმავლობაში დაპატარავდნენ.
მტკიცებულებების თანახმად, ამ სახეობის წინაპრები კუნძულზე მილიონი წლით ადრე დასახლდნენ, სავარაუდოდ, შტორმის გამო. ეს წინაპრები, შესაძლოა, შედარებით მაღალი ჰომო ერექტუსები ყოფილიყვნენ, რომლებიც სიმაღლით თანამედროვე ადამიანს ჰგავდნენ. დროთა განმავლობაში ეს იზოლირებული არსებები ზომაში დაპატარავდნენ, ათიათასობით წლის წინ კი საბოლოოდ გადაშენდნენ.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ფლორესის კუნძულზე სამომავლო აღმოჩენები ჰომო ფლორესიენსისის ევოლუციაზე ცოდნის გამდიდრებაში დაგვეხმარება.
ჰომო ფლორენსისის წინაპრები წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალნენ, ეს კი ჰომინინების ცვალებად ბუნებასაც უსვამს ხაზს. საკითხავია, როგორები ვიქნებით თანამედროვე ადამიანები სამომავლოდ.
კომენტარები