ისტორიაში პირველად, კოსმოსში არქეოლოგიური კვლევა ჩაატარეს
ერთი შეხედვით, არქეოლოგია და კოსმოსი ერთმანეთთან დაკავშირებული არაა, მაგრამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ასე აღარ ფიქრობენ. დიახ, ისტორიაში პირველად, ISS-ზე არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა.
ISS ყველაზე დიდი და მასშტაბური კოსმოსური სადგურია მსოფლიოში. მასზე უკვე იმყოფებოდა 270-ზე მეტი ვიზიტორი 23 ქვეყნიდან. ბუნებრივია, სადგურზე მიკროგრავიტაციაა და აქაურობა დედამიწისგან განსხვავებული გარემოთი გამოირჩევა.
მიკროგრავიტაციისას გარემო რადიკალურად შეცვლილია და ეს ისეთი ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას იძლევა, რაც დედამიწაზე შეუძლებელია. თუმცა, არსებობს შეზღუდვებიც — მცირე გრავიტაციისას ობიექტები ჰაერში ლივლივებს. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე რუტინულ აქტივობებსაც კი საგულდაგულო დაგეგმვა და ტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება.
"ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ ასტრონავტს იმაზე, თუ როგორი გამოცდილებაა მიკროგრავიტაციაში ცხოვრება, მაგრამ ეს ვერ მოგვცემს ისეთივე დაზუსტებულ პასუხს, როგორც ეს კომპლექსურ კვლევას შეუძლია", — აღნიშნეს კვლევის ავტორებმა.
მკვლევრებს სურდათ შეემუშავებინათ არქეოლოგიური ტექნიკა, რომელიც ჰაბიტატის ექსტრემალურ გარემოში შესწავლის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, არქეოლოგებმა ეკიპაჟს სთხოვეს აღენიშნათ ექვსი ადგილი და გადაეღოთ თითოეული ადგილის ყოველდღიური ფოტოები 60 დღის განმავლობაში.
მკვლევრებმა დოკუმენტირებული ექვსი ნიმუშიდან პირველი ორის შედეგები უკვე გამოაქვეყნეს.
საბოლოო ჯამში, კვლევა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება არქეოლოგიური ტექნიკის გამოყენება ისეთ უცხო გარემოში, როგორიცაა ISS. ეს ასევე გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის არქეოლოგია.
"ეს პირველი არქეოლოგიური ექსპერიმენტია, რომელიც დედამიწის მიღმა ჩატარდა", — აღნიშნულია კვლევაში.
კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები