მასკის თქმით, Neuralink-ს მეორე პაციენტი ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ მისმა კომპანიამ იმპლანტი მეორე ადამიანის ტვინში ჩადგა.

ამის ფონზე საინტერესოა, თუ როგორ მუშაობს ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) ჩიპი პირველ პაციენტში.

ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში ილონ მასკმა და ნოლანდ არბომ სწორედ ეს საკითხი განიხილეს. Neuralink-ის პირველ პაციენტს, არბოს რვა წლის წინ ყვინთვისას უბედური შემთხვევა გადახდა, რის შედეგადაც კიდურებზე კონტროლი დაკარგა. და, აი, ახლა მას კურსორის გადაადგილება მხოლოდ გაფიქრებით შეუძლია.

"არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ტვინის იმპლანტი ძალიან კარგად მუშაობს", — უთხრა მასკმა ფრიდმანს.

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ცოტა ხნის წინ არბოს ჩიპს პრობლემები შეექმნა და გამართულად აღარ მუშაობდა. მცირე ჩარევის შემდეგ ხარვეზები გამოსწორდა, მაგრამ მაინც, როგორც ჩანს, იმპლანტის ზოგიერთი ფუნქცია გაითიშა.

როგორც არბომ ფრიდმანის პოდკასტში თქვა, ჩიპში კვანძების მხოლოდ 10-დან 15%-მდე მუშაობს.

"თავიდან ყველაფერი იდეალურად იყო, თითქოს მწვერვალზე ვიყავი და ერთი თვის შემდეგ დაღმასვლა დაიწყო", — უთხრა არბომ ფრიდმანს.

მიუხედავად ყველაფრისა, არბოს თქმით, ის მაინც ბედნიერია რადგან კურსორს კვლავ გონებით აკონტროლებს და აქვს შესაძლებლობები, რაც აქამდე არ გააჩნდა.

მარტში ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ჩანს თუ როგორ თამაშობს ჭადრაკს არბო და ამას მხოლოდ გონების გამოყენებით აკეთებს. არბო კურსორს "ტელეპათიურად" ამოძრავებს, რაც სწორედ ჩიპის დამსახურებაა.

სულ მალე ვნახეთ, რომ არბომ ტვინის იმპლანტით Nintendo-ს Mario Kart-იც ითამაშა. მან ივნისში ტექნოლოგიას "სიცოცხლის შემცვლელი" უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთ შედეგებს თავადაც არ ელოდა.

უკვე ამის შემდეგ მალევე, FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლებაც მისცა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.