ანტარქტიკის ყინულის ქვეშ დრონმა უჩვეულო ფორმები გადაიღო
ახალი კვლევის წყალობით უკვე ვიცით, როგორ გამოიყურება შელფური მყინვარი ქვეშიდან.
მეცნიერებმა ანტარქტიკის ერთ-ერთი შელფური მყინვარის დასათვალიერებლად დრონი გაგზავნეს, რათა გაეგოთ, რა სისწრაფით დნება ყინული გლობალური დათბობის შედეგად. დრონმა აღნიშნული სტრუქტურა გადაიღო წყალქვეშ და უჩვეულო ლანდშაფტი გვიჩვენა თავისი ღრმა ნაპრალებით, სკულპტურული ტერასებითა და ხვრელებით.
ნაშრომი ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.
///
მეცნიერთა გუნდმა კვლევისთვის 6-მეტრიანი წყალქვეშა დრონი დაიხმარა. მათ ის დოტსონის შელფური მყინვარის ქვეშ ჩაუშვეს, დასავლეთ ანტარქტიკაში. ჰიდროლოკატორის გამოყენებით დრონმა მყინვარის ქვედა, დაფარული, ნაწილი გადაიღო.
სურათები ანტარქტიკის ყინულიან ლანდშაფტს ასახავს. ყინულს, როგორც ჩანს, ფორმა ოკეანის ძლიერმა ტალღებმა მისცა. სწორედ ტალღებმა დაადნო და შელახა ეს მოტივტივე ყინულები.
პიტერ დევისის, კვლევაში ჩართული ოკეანოგრაფის, თქმით, მეცნიერებს ეგონათ, რომ ტალღები შელფური მყინვარის წყლით დაფარულ ნაწილს გლუვს გახდიდა, თუმცა დრონის სურათები ამას არ ადასტურებს.
"[მყინვარის ქვედა ზედაპირი] სანაპიროს ჰგავს ზღვის მოქცევის დასრულების შემდეგ", — აღწერა მეცნიერმა.
დრონის მიერ მოპოვებული გამოსახულებები საკმაოდ ღირებულია. მათი დახმარებით მეცნიერები უკეთ გაიგებენ, როგორ ზემოქმედებს ოკეანის ტალღები შელფურ მყინვარებზე, როცა ესენი დნობის პროცესშია.
მოპოვებულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, მკვლევრებს გლობალური დათბობის კონტექსტში ზღვის დონის მატების პროგნოზირება გაუმარტივოს; შეიძლება დაგვეხმაროს იმის გაგებაშიც, თუ როგორ გავხადოთ დატბორვის რისკის მქონე ქალაქები და დასახლებები მეტად გამძლე.
კომენტარები