ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ვარსკვლავი V889 Herculis შუა განედებზე უფრო სწრაფად ბრუნავს, ვიდრე ეკვატორსა და პოლუსებზე. ამით ის ჩვენთვის ცნობილი ყველა სხვა მნათობისგან განსხვავდება, მათ შორის მზისგან.

მზე, სხვა ციური სხეულების მსგავსად, ბრუნავს. ეკვატორის მიმდებარედ ის ასეთ მოძრაობას 25 დღეს ანდომებს, პოლუსებზე დაახლოებით 34 დღეს, შუა განედებზე კი ამ ორის საშუალო ხანგრძლივობას.

ამის მიზეზი ისაა, რომ პოლუსების მახლობლად ცხელი პლაზმა ზედაპირზე წარმოსახვითი ღერძის პარალელურად ამოდის, ხოლო ეკვატორთან — პერპენდიკულარულად. იქ სწრაფ ბრუნვას იმპულსის მომენტის შენარჩუნება განაპირობებს, მაგრამ რეგიონებს შორის მოქმედი განსხვავებული ძალები მოძრაობის ერთგვაროვნებას უშლის ხელს.

ამ ინფორმაციას მზის ლაქებზე დაკვირვებით ვიღებთ, მაგრამ სიშორის გამო სხვა ვარსკვლავების დეტალურ მახასიათებლებს ასე კარგად ვერ ვხედავთ. ამის მიუხედავად, ვიცით, რომ ზოგი სხვებზე სწრაფად ტრიალებს, ზოგი კი — ნელა, თუმცა ყველა მეტ-ნაკლებად ერთნაირ კანონზომიერებას ემორჩილება. კერძოდ, მათი მოძრაობა ეკვატორთან უფრო ჩქარდება ან ყველა განედზე ერთნაირად ბრუნავს.

V889 Herculis არცერთ კატეგორიას მიეკუთვნება. ის მზის მსგავსია, მაგრამ ოდნავ მასიური, მისი ასაკი კი 50 მილიონი წელია. ამ ობიექტისგან 115 სინათლის წელი გვაშორებს, რაც დიდი დისტანციაა, თუმცა გალაქტიკის სხვა მნათობების 99.9%-თან შედარებით მაინც ახლომდებარედ მიიჩნევა.

როგორც ახლად ფორმირებულ ვარსკვლავებს სჩვევია, ის სწრაფად ბრუნავს, ყოველ 32 საათში ერთხელ, რაც მეცნიერებს ამ პროცესზე სიღრმისეულად დაკვირვების საშუალებას აძლევს. აქამდე ვიცოდით, რომ V889 Herculis ეკვატორზე უფრო ჩქარა მოძრაობდა, ვიდრე პოლუსებზე. ახლა კი გაირკვა, რომ 37-40°-ზე განლაგებულ განედებზე მაქსიმუმი სისწრაფე მიიღწევა, არადა, წესით, იქ გადაადგილება შენელებული უნდა იყოს.

"V889 Herculis-ის ბრუნვის ანომალია მიანიშნებს, რომ ვარსკვლავურ და მაგნიტურ დინამიკაზე არასაკმარისი ცოდნა გვაქვს", — ამბობენ მეცნიერები.

მათი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.