როგორ მოქმედებს გენები ჩვენს ქცევაზე
შეიძლება გვეგონოს, რომ გადაწყვეტილებებსა და ქცევაზე კონტროლი ჩვენ გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. შედეგის მიღმა არსებობს ფაქტორები, რომლებიც ჩვენს ქცევას განსაზღვრავს და ისინი გარედან არ ჩანს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გენებია.
1950-იანი წლებიდან მოყოლებული მეცნიერები სწავლობენ იმას, თუ როგორი გავლენა აქვს გენებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეტაპობრივად გამოვლინდა დაავადებები, რომლებიც სწორედ გენეტიკური ფაქტორებიდანაა გამოწვეული და დღეს ჩვენ მათზე ბევრად მეტი ვიცით.
თუმცა, ამის პარალელურად ნაკლები ყურადღება ექცეოდა გენების ფსიქოლოგიაზე მოქმედების ფაქტორს.
"ჩემი კვლევა ეხება იმას, თუ როგორ მოქმედებს გენები ადამიანის ფსიქოლოგიასა და ქცევაზე. კვლევაში მოცემულია რამდენიმე კონკრეტული გზა, თუ როგორ შეუძლიათ ფსიქოლოგებს გამოიყენონ გენეტიკური კონფლიქტის თეორია ადამიანის ქცევის უკეთ გასაგებად", — ამბობს ჯესიკა დ. აიერსი, ბოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგი.
რა კავშირშია გენები ფსიქოლოგიასთან?
გენეტიკური კონფლიქტის თეორია გვეუბნება, რომ ადამიანში დედისა და მამის გენები თავის მარკერებს ინარჩუნებენ. ისინი ერთმანეთს ერწყმიან და წარმოქმნიან ინდივიდს, მაგრამ მშობლების გენეტიკური მახასიათებლები შეიძლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაშიც იყოს.
მსგავსი კვლევები ძირითადად ორიენტირებულია ორსულობაზე, რადგან ეს ის პერიოდია, როდესაც ნათლად შეინიშნება გენების სხვადასხვა ნაკრების გავლენა ცალკეულ ინდივიდზე.
როგორც წესი, დედისა და მამის გენებს ზრდისა და განვითარების განსხვავებული სტრატეგია აქვთ. საბოლოოდ, ეს გენები "თანამშრომლობის" გზებს პოულობენ, მაგრამ მათ შორის "კონკურენცია" მაინც თავს იჩენს.
თუ გენები "კომპრომისზე" ვერ მიდიან, ეს აჩენს სერიოზულ საფრთხეს ნაყოფისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური კონფლიქტი ჩვეულებრივი მოვლენაა, მისი გავლენა დიდწილად უგულებელყოფილია ფსიქოლოგიაში. ერთ-ერთი ამის მიზეზი ისაა, რომ გენეტიკური თანამშრომლობა აუცილებელია ინდივიდის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.
ამასთან, ადამიანის თვისებების უმეტესობას მრავალი გენი აკონტროლებს. მაგალითად, სიმაღლე განისაზღვრება 10 000 გენეტიკური ვარიანტის კომბინაციით, კანის ფერი კი 150-ზე მეტი გენით.
ფსიქოლოგიის და ქცევის კომპლექსური ბუნება ართულებს ერთი გენის უნიკალური გავლენის დადგენას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რომელი მშობლისგან მოვიდა ის.
ავიღოთ, მაგალითად, დეპრესია. დეპრესიის განვითარების ალბათობაზე გავლენას არა მხოლოდ 200 სხვადასხვა გენი ახდენს, არამედ ეს შეიძლება იყოს გარემოებებიც, როგორიცაა ბავშვობაში არასათანადო მოპყრობა და ცხოვრებისეული სტრესული მოვლენები.
პრადერ-ვილის და ანგელმანის სინდრომები
როდესაც მკვლევრები გენეტიკურ კონფლიქტს სწავლობენ, ისინი, როგორც წესი, ამის გამო წარმოშობილ დაავადებებზე ამახვილებენ ყურადღებას. სამწუხაროდ, უგულებელყოფილია ფსიქოლოგიური ფაქტორები.
მკვლევრებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ უკავშირდება გენეტიკური კონფლიქტის უკიდურესი შემთხვევები — მაგალითად, როდესაც მშობლის გენების ერთი ნაკრების გავლენა სრულად არის გამოხატული, ხოლო მეორე ჯგუფი მთლიანად იგნორირებულია— ქცევის ცვლილებებს. ეს მათ პრადერ-ვილისა და ანგელმანის სინდრომის მქონე ადამიანების შესწავლით შეძლეს.
პრადერ-ვილისა და ანგელმანის სინდრომები იშვიათი გენეტიკური აშლილობებია, რომლებიც 20 000-დან ერთ ადამიანზე ახდენს გავლენას. ამჟამად, ამ სინდრომის მკურნალობის გრძელვადიანი მეთოდები არ არსებობს.
ეს სინდრომები ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც აკლიათ მე-15 ქრომოსომას გენის ერთი ასლი, რომელიც საჭიროა დაბალანსებული ზრდისა და განვითარებისთვის. მას, ვისაც ამ გენების ასლი მხოლოდ მამისგან აქვს, ანგელმანის სინდრომი უვითარდება. რაც შეეხება პრადეს-ვილის სინდრომს, ის მხოლოდ დედისგან მიღებული გენების ასლის შემთხვევაში ვითარდება.
ანგელმანის სინდრომის მახასიათებლებს მიეკუთვნება ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა გადაადგილების პრობლემები, კვებითი სირთულეები და ხშირი სიცილი. პრადერ-ვილის სინდრომის ფიზიკურ მახასიათებლებს მიეკუთვნება კუნთების ტონის დაქვეითება, კვებითი სირთულეები, ჰორმონების დეფიციტი და სხვა.
ეს სინდრომები პირდაპირ დაკავშირებულია კონკრეტული გენის დაკარგვასთან. რაც საინტერესოა, ეს სინდრომები ასევე ასოცირდება განსხვავებებთან ფსიქოლოგიასა და ქცევაში.
მაგალითად, ანგელმანის სინდრომის მქონე ბავშვები ხშირად იღიმიან, იცინიან და ზოგადად სურთ ჩაერთონ სოციალურ ინტერაქციაში. ეს ქცევები დაკავშირებულია გარშემომყოფებისგან რესურსების მოპოვების უნართან. პრადერ-ვილის სინდრომის მქონე ბავშვებს კი აღენიშნებათ შფოთვა და უჭირთ სოციალურ სიტუაციებში ადაპტირება.
გენეტიკური კონფლიქტი ფსიქოლოგიასა და ქცევაში
ანგელმანისა და პრადერ-ვილის სინდრომები ხაზს უსვამს გენეტიკური კონფლიქტის გავლენის გამოკვლევის საჭიროებაზე ფსიქოლოგიის მიმართულებით. მკვლევრებმა დააფიქსირეს განსხვავებები ტემპერამენტში, კომუნიკაბელურობაში, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მიჯაჭვულობაზე მიდრეკილების მხრივ.
ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ გენეტიკური კონფლიქტი ბავშვის ქცევაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ეს ურთიერთქმედება ფორმირებას იწყებს, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ საშვილოსნოშია და ის სწორედ ასეთ დროს ყალიბდება. საბოლოოდ, ამას პიროვნების ჩამოყალიბებაზეც მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს.
ვინაიდან მეცნიერთა უმეტესობა არ ითვალისწინებს გენეტიკური კონფლიქტის გავლენას ადამიანის ქცევაზე, ასეთი კვლევის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ თეორიულია. მკვლევრებს დისციპლინებში მსგავსების პოვნა უწევთ, რათა დაინახონ, თუ როგორ მოქმედებს გენეტიკური კონფლიქტის ბიოლოგიური პროცესი ფსიქოლოგიურ პროცესებზე.
აღსანიშნავია, რომ ამ სტატიაში ხსენებული ორი სინდრომი მხოლოდ ერთი მაგალითია, თუ რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს გენებმა ჩვენს ქცევასა და ფსიქოლოგიაზე. ერთი რამ ფაქტია, მკვლევრები ამ სფეროში სულ ახლა აბიჯებენ და წინ უამრავი კვლევა და მიგნებაა.
კომენტარები