ახალმა პრეპარატმა თაგვებს ახალგაზრდობა შეუნარჩუნა და სიცოცხლე გაუხანგრძლივა
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა თაგვებზე გამოცადეს პრეპარატი, რომელიც მათი ორგანიზმიდან ინტერლეიკინ-11 (IL-11)-ად წოდებულ ცილებს გამოდევნის. მართალია, განვითარების ადრეულ წლებში ისინი ძვლების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს, მაგრამ მოგვიანებით იწვევს ანთებებით პროცესებს, რომლებიც დაბერების პროცესს უწყობს ხელს.
ამ ცილების თავიდან მოცილების გზით ზემოხსენებულმა მედიკამენტმა თაგვებს ახალგაზრდობა შეუნარჩუნა და სიცოცხლეც გაუხანგრძლივა. მისი მეშვეობით ცხოველთა სხეულში ცხიმის რაოდენობა შემცირდა, მათი ბეწვი გაჯანსაღდა და იმავე ასაკის სხვა მღრღნელებთან შედარებით სიმსივნის რისკიც შემცირდა.
როგორც ცნობილია, ამან მამრი თაგვების სიცოცხლე 22.4%-ით გაახანგრძლივა, ხოლო მდედრებისა — 25%-ით.
ამჟამად მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, რამდენად ექნება იგივე ეფექტი IL-11-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების ბაზაზე შექმნილ ამ მედიკამენტს ადამიანებზე. მას ფილტვის ფიბროზის მქონე პაციენტებზე უკვე ცდიან, რომელთაც აღნიშნული ორგანოების დაზიანების გამო სუნთქვის გართულება აღენიშნებათ. მართალია, ეს კვლევა ჯერ დასრულებული არაა, თუმცა სპეციალისტები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
"ეს კვლევა დაბერების პროცესის უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ თაგვებში შევძელით დემონსტრირება თერაპიისა, რომელსაც ჯანმრთელი სიბერის გახანგრძლივების პოტენციალი აქვს", — აცხადებენ ავტორები.
მათი თქმით, თუ ამ მედიკამენტს ადამიანებშიც იგივე შედეგი ექნება, ის "ტრანსფორმაციული" აღმოჩნდება. ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები