NASA-ს მეცნიერები მზიდან მომავალ იდუმალ რადიო სიგნალებს იკვლევენ
მზიდან იდუმალი რადიო სიგნალები მოდის.
მზის ზედაპირიდან კორონალური მასის ამოფრქვევები (CME) ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ვარსკვლავის აქტივობის ასეთი ფორმები კიდევ სხვა ეფექტსაც წარმოქმნის. საუბარია იდუმალ რადიო სიგნალებზე, რომლებიც ასტრონომებმა პირველად ათწლეულების წინ დააფიქსირეს, მაგრამ ამ ყველაფრის ბოლომდე ახსნას ჯერ ვერ ახერხებენ.
ასევე: მზიდან "იდუმალებით მოცული" ტალღები ამოდის, რომელთა წარმომავლობას მეცნიერები ვერ ხსნიან
მეცნიერებმა იციან, რომ რადიო სიგნალები CME-თან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს ამოფრქვევები ბევრად უფრო მასშტაბურია.
ამ ყველაფერში უკეთ გასარკვევად, NASA-მ ახალი მისია, სახელწოდებით CubeSat Radio Interferometry Experiment (CURIE), წამოიწყო. კოსმოსურ სააგენტოში რადიო სიგნალების გამოკვლევა დედამიწის გარშემო პატარა თანამგზავრების განთავსებით უნდათ.
"მისია ძალიან ამბიციური და საინტერესოა. მსგავსი რამ პირველად ხდება, როდესაც კოსმოსში რადიოინტერფერომეტრს ვათავსებთ. ეს რადიოასტრონომიისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", — თქვა დევიდ სუნდკვისტმა, CURIE-ის მთავარმა მკვლევარმა და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერმა.
CURIE-ის მისია ძალიან პატარა თანამგზავრებისგან შედგება, რომლებიც დაახლოებით ფეხსაცმლის ყუთის ზომისაა. თანამგზავრები ორბიტაზე ევროპის კოსმოსური სააგენტოს რაკეტა Ariane 6-მა უნდა გაიტანოს.
გეგმის თანახმად, თანამგზავრები დედამიწის ზედაპირიდან 580 კილომეტრის სიმაღლეზე განთავსდება. უკვე ამის შემდეგ, თანამგზავრი 0,1-იდან 19 მეგაჰერცამდე რადიოტალღების სკანირებას შეძლებს.
მთლიანობაში, CURIE მნიშვნელოვანი ექსპერიმენტია. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს მზის შესწავლაში დაეხმარებათ და ამით ვარსკვლავის ამოფრქვევებზე მეტს შეიტყობენ.
კომენტარები