შეიძლება თუ არა ცემინების შეკავება
ცემინება არავისთვისაა უცხო, თუმცა ხშირად საზოგადოებაში მისგან თავს ვიკავებთ. ეს მთლად სასიამოვნო პროცესი არ არის და ამიტომ, ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა, რამდენად სახიფათოა ცემინებისგან თავის შეკავება?
კვლევებმა აჩვენა, რომ ცემინებისგან თავის შეკავებამ შეიძლება სერიოზული ფიზიკური ზიანი მოგვიტანოს.
ასევე: კაცს ცემინების შეკავების გამო ტრაქეაში ნახვრეტი გაუჩნდა — პირველი სამედიცინო შემთხვევა
ცნობისთვის, ცემინება გარე გამაღიზიანებლებზე ორგანიზმის ჩვეულებრივი დამცველობითი რეაქციაა. ის დამახასიათებელია როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისათვის. ეს პროცესი ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზებიდან უცხო ნივთიერებების გამოდევნას.
აღსანიშნავია, რომ ცემინებისას ცხვირის ღრუში, ხორხსა და ფილტვებში იზრდება წნევა. როდესაც ადამიანი ცემინებისგან თავს იკავებს, ასეთ დროს სასუნთქი სისტემის ორგანოებში წნევა კიდევ უფრო მეტად იზრდება.
სწორედ ამის გამოა ცემინების შეკავება სახიფათო და ამან შეიძლება გარკვეული ტრავმები გამოიწვიოს. ეს შეიძლება იყოს თვალისა და ცხვირის სისხლძარღვების დაზიანება.
აღრიცხულია რამდენიმე ისეთი შემთხვევაც, რა დროსაც ადამიანმა ცემინებისგან თავი შეიკავა და ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდა.
ერთ-ერთი ასეთი დაზარალებული აღმოჩნდა კაცი, რომელმაც მანქანის მართვისას ცემინებისგან თავის შეკავება გადაწყვიტა. ეს მაშინ მოხდა, როცა ის საჭესთან იჯდა. ამ დროს მას ალერგიული რინიტის სიმპტომები აღენიშნებოდა და მოულოდნელად იგრძნო, რომ აცემინებდა. მისი შეკავების მიზნით კაცმა ცხვირზე თითები მოიჭირა და პირი დახურა. მსგავსი ქმედებისას სასუნთქი გზების ზედა ნაწილში წნევა შეიძლება 20-ჯერ უფრო გაიზარდოს, ვიდრე ჩვეულებრივი ცემინებისას. ამ პაციენტის შემთხვევაში იმხელა წნევა წარმოიქმნა, რომ ტრაქეაში 2/2-მილიმეტრიანი ნახვრეტი წარმოიქმნა.
კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რენტგენოლოგიურმა კვლევამ მას სერიოზული ტრავმები გამოუვლინა.
ცემინების დროს თავის შეკავების კიდევ ერთი შემთხვევა 34 წლის კაცთან არის დაკავშირებული. მან ცემინების დროს ასევე თავი შეიკავა (ცემინებისას ცხვირზე ხელი მოიჭირა და პირი დამუწა), რამაც წნევის გაზრდა გამოიწვია. მისთვის ყლაპვა მტკივნეული გახდა და ხმა შეეცვალა, რის გამოც ექიმს მიმართა.
აღმოჩნდა, რომ კაცს კისრის ძვალი სერიოზულად გაებზარა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.
"ცემინებისგან თავის შეკავება არ არის რეკომენდებული და ამან შეიძლება უბედური შემთხვევა გამოიწვიოს", — ამბობენ ექიმები.
დაფიქსირებულია შემთხვევა, რა დროსაც ადამიანს ცემინებისგან შეკავების დროს ლოყის ძვალიც კი დაუზიანდა.
ექიმების თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ცხვირზე თითების მოჭერითა და პირის დახურვის გზით მოგუდულად დაცემინებისგან თავი შეიკავოს, რადგან ეს შესაძლოა, ტრაქეას პერფორაციით დასრულდეს.
ამიტომ, ამის შემდეგ, სანამ ცემინების შეკავებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით.
კომენტარები