Neuralink-ის პირველი პაციენტის თქმით, იმპლანტმა მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა
ამ წლის დასაწყისში, ნოლანდ არბო გახდა პირველი პაციენტი, რომელმაც Neuralink-ის ტვინის იმპლანტი მიიღო.
არბოს რვა წლის წინ ყვინთვისას უბედური შემთხვევა გადახდა, რის შედეგადაც კიდურებზე კონტროლი დაკარგა. სწორედ არბო აღმოჩნდა პირველი ადამიანი, რომელსაც ილონ მასკის კომპანიის ჩიპი ჩაუდგეს. ახლა მას კურსორის გადაადგილება მხოლოდ გაფიქრებით შეუძლია.
ნახეთ: რისი გაკეთება შეუძლია კაცს, რომელსაც ტვინში Neuralink-ის ჩიპი ჩაუდგეს
მარტში ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ჩანს თუ როგორ თამაშობს ჭადრაკს არბო და ამას მხოლოდ გონების გამოყენებით აკეთებს. არბო კურსორს "ტელეპათიურად" ამოძრავებს, რაც სწორედ ჩიპის დამსახურებაა.
სულ მალე ვნახეთ, რომ არბომ ტვინის იმპლანტით Nintendo-ს Mario Kart-იც ითამაშა. მან კომპანიის მიერ გამართულ შეხვედრაზე ტექნოლოგიას "სიცოცხლის შემცვლელი" უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთ შედეგებს თავადაც არ ელოდა.
ნახეთ: Neuralink-ის პირველი პაციენტი Mario Kart-ს "ტელეპათიურად" თამაშობს
არბო იმდენად გათამამდა, რომ Tesla-ს რობოტის გონებით გაკონტროლებაც მოუნდა.
"ვფიქრობ, ძალიან მაგარი იქნებოდა, Tesla-ს რობოტის გონებით კონტროლი რომ შემეძლოს. ის ჩემთვის უამრავ რამეს გააკეთებდა და შესაძლებლობებიც გამეზრდებოდა. ამით დამხმარე ადამიანი ფაქტობრივად აღარ დამჭირდებოდა", — თქვა ნოლანდ არბომ მაისში.
ასევე: Neuralink-ის პირველ პაციენტს Tesla-ს რობოტის გონებით გაკონტროლება უნდა
და, აი, ახლა არბომ ჯო როგანთანაც ისაუბრა. არბოს თქმით, იმპლანტმა მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა, მათ შორის ვიდეოთამაშების თამაშის მხრივაც.
"ვიდეოთამაშებს ძალიან სწრაფად ვთამაშობ. ეს ზოგჯერ იმდენად სწრაფად ხდება, რომ ჩემს მოლოდინებსაც სცდება. ერთია როდესაც გონება კიდურს ბრძანებას აძლევს და მეორე როდესაც, კურსორის გასამოძრავებლად კიდური აღარ გჭირდება", — უთხრა არბომ როგანს.
არბოს თქმით, ის Civilization VI-სა და Mario Kart-ს ძალიან კარგად თამაშობს.
"ალბათ, რამდენიმე წელიწადში ყველა თამაშის თამაში შემეძლება", — თქვა არბომ.
აღსანიშნავია, რომ FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება უკვე მისცა. ეს ნიშნავს, რომ ახლო მომავალში არბოს მსგავსად, ტვინში ჩიპი სხვა ადამიანებსაც ექნებათ.
კომენტარები