სად ქრება კიბოს უჯრედები, როცა მათ ვანადგურებთ?
სიმსივნის საწინააღმდეგო ისეთი მეთოდები, როგორიც ქიმიოთერაპიაა, ამ მავნე ქსოვილებს უტევს და თვითგანადგურებისკენ უბიძგებს, მაგრამ რა ემართება მკვდარ უჯრედებს? სად ქრება ისინი?
დაპროგრამებული სიკვდილისას, რასაც აპოპტოზი ეწოდება, მათი გარე მემბრანა სუსტდება. ასე იშორებს ორგანიზმი ჩვეულებრივ დაზიანებულ ან გამოუსადეგარ უჯრედებსაც. როგორც კი სათანადო მოლეკულური პროცესები აქტიურდება, უჯრედი მჭიდროვდება და მემბრანა ნაწევრდება, რის გამოც მისი შიგთავსი იჟონება და ფაგოციტებს იზიდავს. ისინი სხეულს უცხო, საფრთხის შემცველი, ნაწილაკებისგან იცავს და მათ შთანთქავს.
ფაგოციტები კიბოს მკვდარ უჯრედებს ისეთ კომპონენტებად შლის, როგორიც შაქარი და ნუკლეინის მჟავაა. მათი გამოყენება სხვა უჯრედებს შეუძლია, ამიტომ აპოპტოზისას ისინი ორგანიზმში რჩება იმის მაგივრად, რომ გარეთ განიდევნოს, მაგალითად შარდთან ერთად.
სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიებს სხვაგვარი უჯრედული სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია, რომელიც ნეკროპტოზის სახელითაა ცნობილი. ამ დროს კიბოს უჯრედები კი არ მჭიდროვდება, არამედ, პირიქით, "იბერება" და სკდება. შედეგად გამოთავისუფლებულ ნაწილაკებს ისევ და ისევ ფაგოციტები შთანთქავს.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ამგვარი ნარჩენები ანთებით პროცესებს იწვევს და გადარჩენილი მავნე უჯრედების ზრდას უწყობს ხელს. ამ ფენომენს რივეზის ეფექტი ეწოდება და შესაძლოა, სიმსივნის ხელახლა დაბრუნებას ხსნიდეს. ის პირველად 1950-იან წლებში თაგვებში შენიშნეს. 2018 წლის კვლევამ კი აჩვენა, რომ რადიაციულ და ქიმიოთერაპიას ანთების გამომწვევი ცილების, ციტოკინების, წარმოქმნის პროვოცირება შეუძლია. ისინი ზოგჯერ კიბოს ზრდას განაპირობებს.
2023 წლის კვლევამ ცხადყო, რომ მომაკვდავი სიმსივნური უჯრედების ბირთვის გასკდომისას დნმ და სხვა მოლეკულები გარშემო იფანტება, რაც შესაძლოა, მეტასტაზების გავრცელებას დაედოს საფუძვლად. ეს ნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, ამის შედეგად კიბოს ქსოვილი თავდაპირველი ადგილიდან მოშორებითაც გაჩნდეს.
მეცნიერები ამ საკითხის შესასწავლად აქტიურად მუშაობენ. მაგალითად, 2018 წლის ნაშრომში, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ნარჩენი ნაწილაკებით გამოწვეული ანთების თავიდან აცილების გზაზეა საუბარი. ესაა რეზოლვინები, რომლებიც ომეგა 3-დან მიიღება, ანთებას ამცირებს, ციტოკინებს არეგულირებს და ნარჩენებსაც ასუფთავებს.
ასეა თუ ისე, ამ პროცესების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არაა ცნობილი და შესაძლოა, მომავალში კვლევებმა კონკრეტულ ბიოლოგიურ მექანიზმებს მოჰფინოს ნათელი.
კომენტარები