MinutePhysics-ის ქართულენოვანი არხი ვიდეოთამაშს ქმნის — მეცნიერება გეიმინგ ინდუსტრიაში
გასულ წელს Minutephysics და MinuteEarth ვიდეოები ქართულ ენაზეც გახდა ხელმისაწვდომი. ამჯერად კი Minutephysics-ის ქართულენოვანი YouTube არხის გუნდი მეცნიერების პოპულარიზებისთვის ვიდეოთამაშის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ერთ-ერთი წევრი, ტასო გეგია ადასტურებს.
"ჩვენი პროექტის ბაზაზე შეიქმნება ახალი ვიდეოთამაში, რომელიც მეცნიერებით და შემეცნებით იმ აუდიტორიასაც დააინტერესებს, ვისაც ღრმა შეხება ან ინტერესი ამ სფეროს მიმართ აქამდე არ ჰქონდა. ხოლო მათ ვისაც უყვარს მეცნიერება და ვინც მინუტ ფიზიკსის ერთგული გამომწერი და მაყურებელია, მისცემს საშუალებას საკუთარი ცოდნა შეამოწმონ ამ ვიდეოთამაშის მეშვეობით".
ვიდეოთამაში ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი და გავრცელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ვიდეოთამაშის დეველოპმენტის პროცესს კი ტასო გეგია გეიმ დიზაინერ დრაგადინთან ერთად ხელმძღვანელობს.
"პროექტს, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს თავად ამერიკული არხი, MinutePhysics და თუ კონკრეტულად რა სახის იქნება მათი ჩართულობა, ამაზე ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, მათ არხზე მოხდება თამაშის შაუთაუთის გაკეთება და გარეკლამება, რაც ნიშნავს, რომ გამოსვლისთანავე თამაშის შესახებ ეცოდინება ჯამში საშუალოდ 15 მილიონ მეცნიერების მიყვარულ ადამიანს, ვისაც გამოწერილი აქვს ეს არხი", — ამბობს ტასო გეგია.
პროექტს უკვე ჰყავს მხარდამჭერები და მათ შორის არიან: გიორგი ისაკაძე პლატფორმა BMG, ჰიტა და სხვა ქართველი იუთუბერები, ქართულ-ამერიკული სკოლა, მაღალი ენერგიების ფიზიკოსი ია იაშვილი და ა.შ. ამ მომენტში გუნდი თამაშის დეველოპმენტის დასაწყებად სპონსორებს ეძებს. (დაინტერესების შემთხვევაში გუნდს დაუკავშირდებით მეილზე: [email protected])
ტასო გეგიას თქმით, პროექტის მეორე ნაწილის საბოლოო პროდუქტი იქნება ნახევრად შემეცნებითი ხასიათის ვიდეოთამაში, რომელიც მეცნიერულად გამართულ თანამედროვე სწავლების ელემენტებს გააერთიანებს. თუმცა, გუნდი ეცდება სწავლების ელემენტი თამაშში ორგანულად იყოს ინტეგრირებული და დაბალანსებული.
"ეს თამაში, გარდა განათლების გლობალური პოპულარიზაციისა, გეიმინგ ინდუსტრიაშიც სიახლე იქნება, რადგან ინოვაციურ იდეაზე და მექანიკაზე იქნება აწყობილი. ეს კი ინსპირაციას მისცემს სხვა დეველოპერებსაც, რომ საკუთარ თამაშებში სწავლების და რეალური მეცნიერების ელემენტის იმპლემენტირება შეძლონ, ან სულაც უბრალოდ თამაშების დეველოპმენტს ახლებურად და უფრო კრეატიულად მიუდგნენ", — ტასო გეგია.
კომენტარები